“უტაქტობაა და სისასტიკე ამგვარი საქციელი..!” – ზურა რთველიაშვილის გარდაცვალებიდან წელიწადი გადის

0
436
36 Views

ზურა რთველიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. 54 წლის პოეტი, 20 აპრილს მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

ზურა რთველიაშვილის ცოლი, ნინო ამირეჯიბი, წერს:

ძალიან ბევრჯერ მიფიქრია ამაზე, ბევრჯერ შემყინვია სახეზე ღიმილი, მაგრამ არასდროს ,,მიწუწუნია” ამ თემაზე, მეგონა რომ რაღაცნაირად ,,ტეხავდა”. აგერ დღეს ჩემმა საყვარელმა ნათია ფანჯიკიძემ დაწერა დაახლოებით იგივე…

ცოტა ხნის წინ ერთ საღამოზე ვიყავი, ფერადი კაბით, წითელი პომადით, ღვინით ხელში და ძალიან ბევრს ვიცინოდი. ნაცნობი ქალი მოვიდა, მეც რომ მხოლოდ რამდენჯერმე მყავს ნანახი და ასეთივე შორეული ურთიერთობა რომ ჰქონდა მასთან ჩემს ქმარსაც.

ისიც ღვინით ხელში ჩამომიდგა, ყალბად აკრული სევდიანი ღიმილით და თითქოს ნიშნის მოგებით მითხრა რომ მშვენივრად გამოვიყურები… მერე პაუზა და კითხვები რა დაემართა ზუსტად ზურას, როგორი მოულოდნელი იყო მისთვის, რომ დღემდე ვერ იჯერებს, ვერ მოინელა, რომ ჩემს ძველ პოსტებზე ტიროდა და სულ ფიქრობდა რანაირად უნდა გადამეტანა ამხელა ტრაგედია ამ პატარა გოგოს… მერე გაყინულ ხელზე ფამილარულად მომითათუნა ხელები და მითხრა რომ ძალიან გაუხარდა აქ ჩემი ნახვა… პანაშვიდზე ვერ მოვედიო, იმ პანაშვიდზე მელაპარაკებოდა, სადაც საერთოდ არ მახსოვს, ვინ იყო და ვინ არა ჩვენი უახლოესი მეგობრების გარდა, რომლებიც ამ ამბამდეც ისედაც სულ ერთად ვიყავით. იმიტომ კი არა რომ უმადური ვარ, უბრალოდ ის კადრები ტვინმა თვითგადარჩენის ინსტინქტით სამუდამოდ დაბლოკა.

ხმა არ ამომიღია მან კი ისევ გააგრძელა – მე რომ დედა გარდამეცვალა, ერთი წელი სახლიდან არ გავსულვარ და შავები არ გამიხდიაო. ასე გააგრძელე, მაგარი გოგო ხარო…

ოდესღაც სახეზე წვალებით აკრული ღიმილი ჩამომეშალა, თითქოს დავპატარავდი და მეტყველების უნარი წამერთვა… უკვე შებრუნებული, ისევ უკან მომიბრუნდა და მეკითხება – მართლა 25 წლიანი სხვაობა იყო თქვენს შორის? დიახ! მხოლოდ ამაზე ვუპასუხე და ვაჰ, კაცოო… გააგრძელა გზა თავის ქნევით.

იქნებ ეს ქალი მეგობრებში მყავდეს კიდეც სახელი არ მახსოვს, მაგრამ პრინციპში, ის არც პირველი ყოფილა მსგავსი კითხვებით და ალბათ, არც უკანასკნელი.

მაშინ ბევრი ვიტირე, რამდენიმე კვირა საერთოდ აღარ მნდომებია გარეთ გასვლა, მაგრამ მერე გაქცევა ვისწავლე, გაქცევა ასეთი ადამიანებისგან, ვისთვისაც სიკვდილის მატარებელი პატარა გოგო ვიყავი, რომელიც თითქოს აუცილებლად უნდა შეცოდებოდათ, აუცილებლად ,,თანაგრძნობა” გამოეხატათ.

უტაქტობაა, უტაქტობა და სისასტიკე ამგვარი საქციელი. კარგი, მე ავიტან! ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებს შევაფარებ თავს, შვილს ჩავეხუტები, მშობლებს ჩამოვადებ თავს და აუცილებლად გავიღიმებ ისევ, მაგრამ სანამ თქვენს სრულიად არასაჭირო ,,თანაგრძნობას” გამოხატავთ, ხანდახან იფიქრეთ, რომ ამ სიკვდილ-სიცოცხლის ომში, ზოგი სრულიად მარტოა, მარტო თავის ტკივილთან, თავის ჩამომდებიც არავინ ჰყავს და თქვენი ყოველი ,,ნუგეში” მხოლოდ და მხოლოდ მარილის მოყრაა ჭრილობაზე და მეტი არაფერი.

დღეს ზურას საავადმყოფოში მოხვედრის დღეა, იმ განაჩენის გაგების, რომელიც მაშინ ვერაფრით ვერ დამაჯერეს… და ასე იქცა პატარა, სუსტი გოგონა რკინისქალამნებიან მებრძოლად მეგობრებთან ერთად, შერყეული ფსიქიკით და ზურასთან მაინც მოღიმარი… ჭკუისშეშლამდე შეყვარებული გოგო, რომელიც იასამნების თვეში სიკვდილთან დამარცხდა და ისიც მასთან ერთად გარდაიცვალა, იქამდე, სანამ თავიდან დაიბადებოდა…

ფოტო კი 4 თუ 5 წლის წინ ზურას გადაღებულია, სადღაც ტარტუში. მაშინაც და მერეც ასე იდგა და თითქმის ყველა ჩემს ღიმილს კამერაში ინახავდა, არ ვიცი რისთვის, ალბათ იმისთვის, რომ როცა გამიჭირდებოდა, ამ ფოტოებისთვის შემეხედა, მეთქვა: რა მაგარია, რომ ეს ყველაფერი იყო, ვინაიდან შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო და ისევ გამეღიმა.

Cesko