მოტივტივე საზღვაო ნაღმები შეიძლება საქართველოს სანაპიროსთანაც აღმოჩნდეს?! – საგანგაშო დასკვნა

0
441
24 Views

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი შემდეგი სახის შეფასებას აკეთებს შავ ზღვაში მოცურავე ნაღმებთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა:

„უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა, გაძლიერებულმა ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვების ფლოტებიდან სპეციალურად ჩამოყვანილი დიდი სადესანტო ხომალდებით, რომ ვერ მოახერხა ოდესასთან საზღვაო დესანტის გადასხმა, ეს იმ საზღვაო ნაღმების დამსახურებაცაა, რომლებიც უკრაინელებმა სანაპიროს დესანტსაშიშ მონაკვეთებთან, ზღვის ფსკერზე განათავსეს.

სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს ამაზე უფრო ჩახლართული საიდუმლო ოპერაციებიც კი ჩაუტარებიათ და გასაკვირი არაფერი იქნება, მაგრამ თუკი მართლაც უკრაინელების მიერ ოდესის სანაპიროსთან დაყენებული საზღვაო ნაღმები შტორმმა მასობრივად მოწყვიტა ღუზებს, მაშინ, შავი ზღვის დინებების მიმართულებების გათვალისწინებით (რაზეც დაწვრილებით ვყვებოდი 23 მარტის ჩემს ბლოგში -„ოდესასთან ჩაყრილი „შაქრიანი“ საზღვაო ნაღმები შეიძლება ბათუმისა და ფოთის პორტებთან „ჩამოგვიცურდეს“?!), ამ მოტივტივე ხიფათს ადრე თუ გვიან ჯერ აჭარის სანაპიროსთან, შემდეგ კი ფოთის პორტთანაც უნდა ველოდოთ… რუსული მხარის განცხადებით ღუზებს თითქმის 420-მდე საზღვაო ნაღმი მოსწყდა და ისინი დინებას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულებით მოაქვს.

უკრაინელების დაყენებული ნაღმები შტორმმა ღუზებიდან მოწყვიტა და ბოსფორის სრუტისკენ წაიღოო – ორიოდე დღეში მართლაც, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სანაპიროებთან რამდენიმე საბჭოთა წარმოების მოტივტივე საზღვაო ნაღმი აღმოაჩინეს და გაანადგურეს…

ბათუმისა და ფოთის პორტები საქართველოს მთავარ საზღვაო კარიბჭეს წარმოადგენენ და მათი გავლით შემოდის ქვეყანაში პროდუქტებისა თუ საწვავის ლომის წილი, ისევე, როგორც ამ პორტებიდან გადის აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირებული ნავთობი.

სხვათა შორის, სანაპიროსთან მოტივტივე საზღვაო ნაღმის აღმოჩენისთანავე თურქეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ შეაჩერა თევზის რეწვა და თევზსაჭერი სეინერების კერძო ფლოტილიებს აუკრძალა ზღვაში გასვლა, სანამ გაუვნებელყოფილი არ იქნა ის ერთი ნაღმი…

მაგრამ თუკი „გზააბნეული“ მოტივტივე საზღვაო ნაღმების რიცხვი მოიმატებს და რამდენიმე ათეულს მიაღწევს, ეს, გვინდა თუ არა, სერიოზულად შეაფერხებს სავაჭრო საზღვაო მიმოსვლას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის ჩრდილოეთ პორტებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს – რუსეთის თავდასხმამ ისედაც უკვე ჩაკეტა ოდესისა თუ ნიკოლაევის საზღვაო პორტები…“ – წერს ალადაშვილი.

Cesko