თიკა ფაცაცია უკვე ბებიობაზე ფიქრობს – ,,40 წლის ვარ და არც ის ნაოჭი მედარდება, რაც ასაკის მატებას მოჰყვება”

0
519
35 Views

თიკა ფაცაცია ბოლო წლების ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ტელეწამყვანია. მას ერთნაირად კარგად გამოსდის მხიარული მუსიკალური გადაცემების წაყვანაც, ,,სხვა შუადღეში” ქალებისთვის საინტერესო თემებზე საუბარიც, აქტუალური სამედიცინო საკითხების განხილვაც ექიმებთან, მეგა შოუებში სხვადასხვა ამპლუით მონაწილეობაც და  ,,ნიჭიერის” ჟიურის წევრობაც.

თიკას ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, სამი შვილის დედა უკვე 40 წლისაა. მან თავის წარმოსახვაში მომავალი 10 წლის ხედვაც შექმნა, რომელიც ,,სარკის” მკითხველებსაც გაუზიარა.

 თიკა, ძალიან ბევრ ტელეპროექტში ხართ: “სხვა შუადღე”, “ექიმები”, ,,ნიჭიერი”. უამრავი მუსიკალური გადაცემაც წაგიყვანიათ და, უნდა ითქვას, რომ ყველა ამპლუაში კარგად ართმევთ ამოცანას თავს. კმაყოფილი ხართ თქვენი სატელევიზიო კარიერით?

– პირველ რიგში, მადლობა ასეთი კომპლიმენტისთვის. ჩემი სატელევიზიო კარიერის წარმატების საზომი ის არის, რომ მოთხოვნადი ვარ. მიჭირს საკუთარ წარმატებებზე საუბარი, რადგან ყოველთვის ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მაქვს გასაკეთებელი.

– ბევრი პოპულარული ადამიანი, მათ შორის წამყვანებიც, განიცდიან სოციალურ ქსელში ბულინგს. თქვენ კი იშვიათი გამონაკლისი ხართ, უფრო მეტ კომპლიმენტს გიწერენ, ვიდრე კრიტიკას. როგორ მოიპოვეთ ასეთი დამოკიდებულება?

– ალბათ ეს იმის შედეგია, რომ მაქსიმალურად ბუნებრივი ვარ ცხოვრებაშიც და მუშაობის დროსაც. ყველაფერი სახეზე მაწერია. მაგალითად, თუ გული მიჩუყდება, ესე იგი, ეს მართლა ასეა და თუ ვბრაზობ, ნამდვილად მაქვს ამის მიზეზი. ვცდილობ, ყველაფერში კარგი დავინახო. ამიტომაც ვამბობ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ბუმერანგის პრინციპით მუშაობს. რა ენერგიასაც გასცემ, იმას მიიღებ უკან.

– აუცილებლად უნდა შევეხო თქვენს ასაკს, 40 წლის გახდით. მაინც რა არის ეს ასაკი თქვენთვის?

– უკვე 2 წელია ვამბობ, რომ 40 წლის ვარ. რაღაც მომწონს ეს ასაკი. ცხოვრება იმდენად რთულია და იმდენი ცუდი რამ ხდება, ადამიანებს უნდა გვიხაროდეს ყოველი წლის მომატება, რომ ცოცხლები ვართ. ამიტომ არც ის ნაოჭი მედარდება, რაც ასაკის მატებას მოჰყვება.

40 წლის შემდეგ რეალურად დავინახე ახალი ცხოვრების შესაძლებლობა. საერთოდ, ათწლეულებით აღვიქმავ ხოლმე ცხოვრებისეულ ეტაპებს და ვთვლი, რომ მომავალ 10 წელიწადში ბევრი საინტერესო რამ მოხდება, თუნდაც შეიძლება გავხდე ბებია.

სხვათა შორის, ვფიქრობდი, რომ ახლა დადგა ეტაპი, საკუთარი თავი უფრო  მეტად შეიყვარო, უფრო მეტად  მოუსმინო. 40 წლამდე მაინც ცხოვრების გიჟური რიტმია, ბევრ რამეს ყურადღებას არ აქცევ, არ აფასებ. ახლა კი აშკარად იწყება ეტაპი, როდესაც საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიზრუნო.

– თავს მართლა ამზადებთ ბებიობისთვის?  შვილები უკვე ასე გაიზარდნენ?

– უფროსი შვილი, ანდრო, 21 წლის არის და მომავალ 10 წელიწადში რატომ არ შეიძლება ოჯახი შექმნას?!  იოანე, გარდატეხის პერიოდისთვის ემზადება და ვნახოთ, როგორი იქნება ეს ეტაპი. ალექსანდრე კი ახლა აყალიბებს თავის ხასიათს.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko