“მთავარია, როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ” – 26 მარტს დოჩანაშვილის დაბადების დღეა

0
390
28 Views

“დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.” – ამ სი26 მარტი გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა.

გურამ დოჩანაშვილი 2021 წლის 3 აპრილს გარდაიცვალა 82 წლის ასაკში.

2019 წლის 26 მარტს, 80 წლის იუბელე მან წეროვანის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში გაატარა მოსწავლეებთან ერთად, სადაც თქვა:

“გაჭირვება, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, ერთი მხრივ, კარგია, რადგან ხალხი ერთ მუშტად შეიკვრება, ერთმანეთს ლუკმას გაუყოფს, გაძლიერდება. იმ ქვეყნებში მცხოვრები ხალხი, რომლებშიც არ არის გაჭირვება, დუნდება, ინერტული ხდება, გაყოფილია. არის ქვეყნები, რომლებშიც გვალვაა და მხოლოდ მოსავლის გადარჩენაზე ფიქრობენ, მაღალ მატერიებზე ფიქრის საშუალება არ აქვთ, მაგრამ არის ქვეყნები, რომლებშიც გაჭირვებამ დიდი ადამიანები გააჩინა, დიდი მწერლები, პოეტები, მხატვრები. მაგალითად, როდესაც ესპანეთში სერვანტესი გაჩნდა, მაშინ ამ ქვეყანას ძალიან უჭირდა… არ ვამბობ, რომ გაჭირვება კარგია. მინდა, კარგად გამიგოთ, გაჭირვება აძლიერებს ხალხს. მთავარია, რწმენა გვქონდეს.

მართლმადიდებლური სარწმუნოება ძლიერია, მასზე არ მოქმედებს გაჭირვება, რადგან, თუკი საქართველოს ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, გაჭირვების მიუხედავად, როგორ ვვითარდებოდით. გამუდმებით ბრძოლებში იყო დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, მაგრამ საუკეთესო ეპოქა გვქონდა; ჭირდა, მაგრამ შოთა რუსთაველი დაიბადა და “ვეფხისტყაოსანი” შექმნა. “ვეფხისტყაოსანში” ერთი სიტყვაც არ არის ისეთი, რომელსაც ბიბლიაში ვერ ნახავთ, იმიტომ კი არა, რომ დიდმა შოთამ ბიბლიიდან მოიპარა რამე, არა, უბრალოდ მან ხალხს ბიბლია შეაყვარა. ბიბლია შეაყვარა ხალხს დავით აღმაშენებელმაც, ის “გალობანი სინანულისანის” ავტორია. დიდ მეფეს ყველა ბრძოლაში სასულიერო წიგნები თან ჰქონდა და ბრძოლის ველზე წინა ხაზზე იდგა, მას სწამდა, მან იცოდა, რისთვის იბრძოდა.”

გამონათქვამები:

“სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი… ადამიანი ადამიანისთვის დღეა…”
“ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის… მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ”.
“სიკვდილი რომ არ იყოს, აღარ იქნებოდა ამქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა. სიკვდილი რომ არ იყოს არ დაგვჭირდებოდა არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისთვის მიწის დაბარვა დაგვჭირდებოდა, არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში გვექნებოდა და არც კეთილები ვიქნებოდით, არც ბედნიერნი და არც უბედურნი-აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა, სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი იქნებოდა, ახლა კი, ახლა სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა… მაშინ კი, მერწმუნეთ, დამიჯერეთ თავად წვიმაც და თავად ჰაერიც აღარაფერი იქნებოდა, აღარაფერი, ჰეე სიკვდილი რომ არ იყოს”.
“ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე”.
“დაწოლისას, დაძინებამდე არის ერთი, რაღაც პატარა, გარდამავალი წამი, როცა საკუთარი თავი ყველამ ვიცით”.
“შეხედავ კაცს — მოგეწონება, გაიცნობ — მოგეწონება, დაგელაპარაკება — მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ — უიმე, მტრისას… შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და… პირიქითაცაა: შეხედავ — აგბურძგლავს, გაიცნობ — დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს — დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და… არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია — არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, სერგო ჩემო, ყველაზე ძნელი ხალხი: შეხედავ — კარგია, გაიხედავ — ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ — ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ — მაინც ცუდი… წარმოგიდგენია? — ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც…”

Cesko