“ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს – ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს ბელარუსიზაციას”

0
476
23 Views

ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გოცირიძე განმარტავს, ხელისუფლებამ გადაჭრით უნდა თქვას, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის ერთგულია, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ საქართველოს მიზანი არის ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება.

„ნეიტრალიტეტი ნიშნავს საქართველოს ბელარუსიზაციას. ბელარუსი, რომელიც რუსეთის კოლონიაა და სამხედრო პარტნიორი. ნეიტრალიტეტის თემა „ქართულმა ოცნებამ“ შემოაგდო, მის მიერ დაქირავებული ექსპერტების, მის მიერ მართული ექსტრემისტული ჯგუფების მიერ. ამ ჯგუფებს ხან „მარში“ ერქვა, ვასაძის პარტია, დღეს ამას ჰქვია „ალტ – ინფო“.

ხელისუფლებამ გადაჭრით, ახლავე უნდა თქვას, რომ ის საქართველოს კონსტიტუციის ერთგულია, სადაც შავით-თეთრზე წერია, რომ საქართველოს მიზანი არის ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანება. არავითარი ნეიტრალიტეტი და მსგავსი იდეები საქართველოში ვერ გაიხარებს, ეს უნდა თქვას პირდაპირ”, – აღნიშნავს გოცირიძე.

მან, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებაც შეაფასა, სადაც ის აღნიშნავდა, რომ მმართველი ძალა „ომის პარტიის”, ასევე მისი დანაყოფების ინიციატივას არ განიხილავს“. როგორც გოცირიძე განმარტავს, „ის, რომ ოპოზიციის ინიციატივა პარლამენტში არ იქნება განხილული, დანაშაულია“.

„რას ჰქვია განხილული არ იქნება, საკონსტიტუციო ქვეყანა ვართ. მათ ძალიან კარგად ახსოვთ ის ინიციატივა, რომელიც ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების სახით მივიღეთ. დილით რომ ამბობდნენ, 2024 წელს შევიტანთ განაცხადსო, მეორე დღეს მოუწიათ ფართხა-ფურთხით გაქცევა და განაცხადის შეტანა. სწორედ ჩვენი ინიციატივის და ზეწოლით შედეგი იყო. რა თქმა უნდა, ინიციატივები იქნება“,- აღნიშნავს გოცირიძე.

Cesko