ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე, უკრაინაში მიმდინარე ომში ქართველი მებრძოლების დაღუპვას ეხმაურება:
“უკრაინაში ორი ქართველი მოხალისე მეომარი დაიღუპაო…
ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და გულწრფელად თანავუგრძნობ მათ ახლობლებს.
მძიმე, ძალიან მძიმე გასახსენებელია, მაგრამ, მოდი, ერთი წამით ჩვენს ტანჯულ ისტორიაში გადავიხედოთ:
ჩვენ, ქართველები, ვიბრძოდით (და ვიღუპებოდით!) სპარსების მხარეს და სპარსების წინააღმდეგ;
მონღოლების მხარეს და მონღოლების წინააღმდეგ;
მამლუქების მხარეს და მამლუქების წინააღმდეგ;
ოსმალოს მხარეს და ოსმალოს წინააღმდეგ;
არაბების მხარეს და არაბების წინააღმდეგ;
გერმანული ნაციზმის მხარეს და გერმანული ნაციზმის წინააღმდეგ…
არაფერს ვამბობ გაუთავებელ შინაომებზე.
ვიბრძოდით და ვიღუპებოდით.
ჩვენ, ქართველები, ჩვენი ხანგრძლივი, საინტერესო და გმირული ისტორიის განმავლობაში ვიბრძოდით და ვიღუპებოდით სამშობლოს დასაცავად და… ჩვენი მოსისხლე მტრების ინტერესების დასაცავად!
ძალიან გთხოვთ, სანამ რუსეთუმეებისა და სამშობლოს მოღალატეების სიაში ჩამრიცხავდეთ, მათქმევინეთ, რომ ცხოვრებაში ბევრი, ძალიან ბევრი რამ მინახავს – ომი, გაჭირვება, ღალატი, უვიცობა, შიმშილი, ერთადერთი ვაჟიშვილის ყოვლად მოულოდნელი დაკარგვის ენით უთქმელი სიმწარეც… არ მინდა, ყველაფერმა ამან ჩემი თანამემამულეების თავზეც გადაიაროს.
როგორც საბჭოთა საჰაერო-სადესანტო არმიის ყოფილმა ოფიცერმა, დაახლოებით ისიც ვიცი, რას წარმოადგენს რუსული არმია – სისასტიკის და დაუნდობლობის განსახიერება.
ჩვენ, სამმილიონიანი ღარიბი ქვეყანა, რომელიმე მხარის გვერდზე დგომით ვერავითარ, თუნდაც სიმბოლურ, გავლენას ვერ მოვახდენთ მსოფლიო მონსტრების ომზე.
სამაგიეროდ, არსებობს ამ ომში ჩვენი ჩათრევის რეალური საფრთხე და საქართველოს მსოფლიო რუკიდან გაქრობის საშიშროება.
ნუ გავწირავთ ჩვენ შვილებს სხვის ომში უსახელოდ და უაზროდ დასაღუპავად.
ჩვენ არ გვაქვს ამგვარი „ფუფუნების“ უფლება.
მოდი, გავუფრთხილდეთ ჩვენ შვილებს – ჩვენს იმედს და ხვალინდელ დღეს.
მით უფრო, როცა ვიცით, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების, შვილიშვილების სიცოცხლე, შესაძლოა, ხვალ ჩვენი მრავალტანჯული სამშობლოს დასაცავად დაგვჭირდეს“, – აცხადებს ქორიძე.
ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე; სოციალური ქსელი