ბუბა კიკაბიძის პროდიუსერ რატი აბზიანიძეს ახლო ურთიერთობა აკავშირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ის ჩვენს მკითხველს უზიარებს პირად შთაბეჭდილებებს, რომელიც მასთან მრავალწლიანმა მეგობრობამ შეუქმნა.
რატი აბზიანიძე: კრიტიკული სიტუაციაა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უკრაინელ ხალხს საბრძოლო განწყობა არ დაუკარგავს. გმირულად დგას უკრაინის პრეზიდენტი და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბოლომდე. ის არ არის პატარა ადამიანი, ვინც რამეს დათმობს. ზელენსკი დასახულ მიზანს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.
– რამდენი ხანია, ამ ადამიანს იცნობთ და როგორია თქვენი პირადი შთაბეჭდილებები მასზე?
– ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ. ეს ადამიანი საქმესთან მიმართებაში ყოველთვის საოცარი პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა. ძალიან მომთხოვნი და სამართლიანია. მისთვის ჩვეული პრინციპებით მოქმედებს ომშიც, თუმცა ახლა გაცილებით დიდი მასშტაბია და მის ქმედებებში უდიდესი პატრიოტიზმი ჩანს. მან მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ შეუძლია იმის გაკეთება, რაც ბევრმა ვერ შეძლო და რაც სულ რამდენიმე დღის წინ წარმოუდგენელი გვეგონა. ეს ადამიანი აუცილებლად დაამარცხებს რუსეთის ტირანიას.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მოგეხსენებათ, მე ბატონ ბუბა კიკაბიძესთან ვმუშაობ. საქართველოში ზელენსკი პირველად 2010 წელს ჩამოვიდა და ბატონ ბუბაზე ფილმი გადაიღო. ამის შემდეგ, მასა და მის გარემოცვასთან მჭიდრო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. საქმიან ურთიერთობებს მეგობრობა დაემატა. მე თვითონ დღემდე ვმუშაობ უკრაინაში მის კომპანიაში, რომელიც კონცერტების ორგანიზებას უზრუნველყოფს. ჩვენი დაგეგმილია „მგზავრების“ ტური უკრაინაში, ბატონი ბუბას საგასტროლო და ასევე, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტები.
იცით, რომ ნებისმიერ უკრაინელს უყვარს საქართველო და ქართველები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მიმართ ამ ადამიანის დამოკიდებულება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. მისი მშობლები ძალიან ხშირად ისვენებენ საქართველოში. თვითონ ბოლოს რომ ჩამოვიდა, პირველ რიგში, ენგურის ხიდთან მივიდა და თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ზელენსკი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბატონი ბუბა იაროსლავ ბრძენის ორდენით დააჯილდოვა.
მას ძალიან უყვარს ქართული კულტურა და ქართული სამზარეულო. ძალიან ხშირად გახლდათ უკრაინაში არსებული ქართული რესტორნების სტუმარი. საოცრად უყვარს ქართული სიმღერა და რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ბოლოს მისი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ბატონი ბუბას დაბადების დღეს დაემთხვა და არც ეს გამორჩენია. არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის და ბევრი ხელოვანისთვის ბატონი ბუბა კუმირი და ინსპირაციაა.
– როგორი იყო დასაწყისი…
– ძალიან შთამბეჭდავი იყო მისი ინაუგურაცია. ნამდვილი თავისუფლებისა და დემოკრატიის ზეიმი იყო. სიტყვები, რომელიც მაშინ წარმოთქვა, მგონია, რომ უნდა ისწავლებოდეს. სტერეოტიპები დაანგრია. რუსეთში, როგორც ხატები, ისე უკიდიათ პუტინის სურათები, მან კი თქვა: არ დავინახო თქვენს კაბინეტებში ჩემი სურათები. დაკიდეთ თქვენი შვილების ფოტოები, რომ მათ შეხედოთ თვალებში და მათთან იყოთ მართლებიო. მგონი, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ეს სიტყვები და არა მხოლოდ ეს, მარტინ ლუთერ კინგისა და სხვა დიდი მოღვაწეების ფრაზებს შემიძლია შევადარო.
– როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა მასხარას უწოდებდნენ?
– ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობ იმაზე, რომ კლოუნსა და მასხარას გეძახიანო, ზელენსკიმ უპასუხა: კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ადამიანი ჩარლი ჩაპლინი იყო. მას ეძახდნენ მასხარას და მეც თუ ასე დამიძახებენ, ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იქნებაო. ჩარლი ჩაპლინი იყო ადამიანი, ვინც შემოქმედებითად პირველი დაუპირისპირდა ჰიტლერს. მისმა ფილმმა გამოიწვია „გამოღვიძება“ ჰიტლერის წინააღმდეგ და ის, რაც ახლა მსოფლიოში ზელენსკის დამსახურებით ხდება, ყველა ვხედავთ.
– იფიქრებდით, რომ ამდენს შეძლებდა?
– ეს ადამიანი ყოველთვის ძალიან მამაცი იყო. ეს პირველივე დღიდან შევატყვე. როცა ის პოლიტიკაში გამოჩნდა, უკრაინა სხვადასხვა კლანისა და მაფიოზების ქვეყანა იყო. მან გარისკა და ყველას დაუპირისპირდა. მისი გაპრეზიდენტება უკვე დიდი გამარჯვება იყო და ახლა ვხედავთ, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მოახდინა გარდატეხა. შუა გზაში არასდროს ჩერდება. ვიღაცები რომ მის შოუბიზნესში მოღვაწეობაზე ხელწამოკვრით და ირონიით საუბრობენ, ვეტყვი, რომ ძალიან რთულია 40-მილიონიან ქვეყანაში შექმნა ყველაზე დიდი ჰოლდინგი და ფილმები, შოუები, გასართობი პროგრამები – მოკლედ, ყველაფერი შენთან ასოცირდებოდეს. მან „კავეენიდან“ დაიწყო და აქამდე მოვიდა. ამას ბევრი ირონიულად უყურებს, მაგრამ, მგონი, ყველამ ვიცით, რომ კარგ იუმორს კარგი განათლება და მაღალი ინტელექტი სჭირდება.
ზელენსკი უკრაინის ერთ-ერთი პროვინციიდან ჩამოვიდა, ნულიდან დაიწყო და უდიდესი იმპერია შექმნა. მისი მშობლები დღესაც კრივოი-როგში, ეგრეთ წოდებულ, „ხრუშოვკაში“ ცხოვრობენ, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა.
– რა შეგვიძლია ვთქვათ დავით არახამიაზე – ადამიანზე, ვინც მოლაპარაკებების პროცესში უკრაინულ მხარეს ხელმძღვანელობს?
– ზელენსკის ქართველებისადმი სიყვარული იმაშიც გამოიხატება, რომ ახლა მისი ერთ-ერთი მთავარი თანამებრძოლი სწორედ დავით არახამიაა. ის სოჭში დაიბადა და გაგრაში გაიზარდა. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ დევნილი გახდა და თავი უკრაინას შეაფარა. ეს ადამიანი ძალიან მაღალი დონის აიტიტექნოლოგი იყო. მისი პლატფორმა ამერიკელებმა ორას მილიონად იყიდეს. ძალიან წარმატებული ადამიანია. ზელენსკიმ საკუთარი პარტიის პირველ ნომრად დაასახელა. ახლა მთავარი ფრაქციის ლიდერია და აგრესორსა და ოკუპანტთან მთავარ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენიმე დღით ადრე წარმოუდგენელი იყო საქართველოს გამთლიანებაზე ფიქრი. დღეს კი უკვე მგონია, რომ ეს დღე ძალიან ახლოს არის. თუ ეს ბრძოლა პუტინის დამარცხებით დამთავრდება, საქართველოც გამთლიანდება. ძალიან სიმბოლურია, რომ ამ ამბის მთავარი მონაწილე ქართველი, აფხაზეთიდან დევნილი კაცი იქნება. ჩემი დიდი პატივისცემა დავით არახამიას.
– მისი საქართველოსადმი დამოკიდებულება როგორია?
– სამწუხაროდ, ქართულად ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან კარგად იცის მეგრული. ეს დამახასიათებელია იმ ადამიანებისთვის, ვინც აფხაზეთში ცხოვრობდა. შარშან დაბადების დღე კახეთში გადაიხადა. სხვათა შორის, იქ ნინო ქათამაძეც იყო. ამბობდა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო დაბადების დღე, რადგან მას საკუთარ სამშობლოში შეხვდა. ახლო ნათესავები ჰყავს თბილისში და მათთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ვხედავთ, რომ ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ. მასაც პირადად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ახლა მისი ბრძოლა უკრაინისთვის, ასევე, ნიშნავს ბრძოლას საქართველოსთვის.
ამ ისტორიულ მოლაპარაკებებში ჩვენს მხარეს ქართველი დავით არახამია წარმოადგენს.
– მისი ოჯახის შესახებაც შეგვიძლია, ვისაუბროთ?
– ძალიან მეოჯახეა. ალბათ, გახსოვთ სკანდალი, რომელიც ზელენსკისა და ტრამპის საუბარს მოჰყვა. როცა ზელენსკის ჰკითხეს, რამე გავლენა აქვს ტრამპს თქვენზეო, მან უპასუხა, ჩემზე გავლენა მხოლოდ ჩემს შვილებს აქვთ, მეტს არავისო.
ეს ადამიანი, პირადად მე მარველის კომიქსების გმირს მაგონებს. თავიდან რომ მტერთან შედარებით სუსტი ჩანს, მტერი კი მასთან შედარებით უძლეველი გვეჩვენება. ზელენსკის რომ ვუყურებ, ზუსტად ის სუპერმენები მახსენდება, ბოლოს რომ აუცილებლად ამარცხებენ, ერთი შეხედვით, დაუმარცხებელ ტირანს.
წყარი : tbiliselebi.ge