“ეს მესიჯი ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. მე არ მოგმართავთ, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი და არც როგორც იურისტი”-რეზნიკოვი

0
563
23 Views

“მივმართავ მოძრაობის ყველა წევრს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთში, ბელარუსსა და ისრაელში. ვფიქრობ, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ყაზახეთშიც მომისმენენ”. – უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკს რეზნიკოვი ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთა გაერთიანების წევრებს მიმართავს. რეზნიკოვი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

ეს მესიჯი ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. თუმცა, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. მე არ მოგმართავთ, როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი და არც როგორც იურისტი. [მე მოგმართავთ] როგორც ადამიანი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ბოროტების დასაძლევად და კატასტროფის თავიდან აცილებისთვის ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ.

მრავალი წელია, რაც ინტელექტუალური თამაშების მოყვარულთა მოძრაობის წევრი ვარ. პირველ რიგში მოძრაობის – რა? სად? Როდის? არაერთხელ მქონია პატივი, საოცარ ხალხთან ერთ მაგიდასთან მეთამაშა – უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან. ამ ადამიანებს აერთიანებს არა მხოლოდ თამაშის სიყვარული, არამედ მაღალი დონის ინტელექტის კომბინაცია ინტუიციასთან. მივმართავ მოძრაობის ყველა წევრს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთში, ბელარუსსა და ისრაელში. ვფიქრობ, აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და ყაზახეთშიც მომისმენენ.

განსაკუთრებით მინდა მივმართო რუსეთის ინტელექტუალური ცენტრების – მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, ნოვოსიბირსკის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის, ყაზანის და სხვა ქალაქების მცხოვრებლებს. თქვენ ყველაზე უკეთ გესმით, რაც ხდება. ინტუიცია ალბათ ჰკარნახობთ, ეს როგორ დასრულდება. თქვენ ზუსტად იცით, როგორ გაფილტროთ ინფორმაცია. თქვენ შეგიძლიათ, იპოვოთ მტკიცებულებები ინტერნეტში. თქვენ იცით, რომ რუსეთი ბომბავს უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს, კლავს ქალებსა და ბავშვებს. მარტო მარიუპოლში, სადაც რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს საავადმყოფო და სამშობიარო, ორ კვირაში 1 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. თქვენ ეს იცით. ეს არ არის “ოპერაცია” – ეს არის აგრესიის ომი. რომელსაც რუსეთი წააგებს. უკვე წაგებული აქვს. თქვენ იცით, რომ უკრაინის არმიამ უკვე დახოცა ათასობით რუსი ჯარისკაცი. ასობით დანებდა. ჩვენ არ ვმალავთ ამ ინფორმაციას, ის ხელმისაწვდომია. რუსეთისთვის ომი კატასტროფულად დასრულდება.

ბევრმა თქვენგანმა დატოვა რუსეთი. თქვენ იმედოვნებთ, რომ რთულ დროს გადაიტანთ. ვშიშობ, წასასვლელი არსად გექნებათ. როგორც ჭკვიანმა და გამჭრიახმა ადამიანებმა, თქვენ ალბათ ეს ჩემზე უკეთ იცით. უბრალოდ, განდევნეთ ეს აზრები. ბელარუსისთვის, თუ ზეწოლას დაემორჩილებით, ეს ასევე კატასტროფულად დამთავრდება. კიდევ უფრო მეტად. იმიტომ, რომ რუსეთი თქვენთან ნამდვილად არ იქნება, უკრაინაში კი მოღალატედ ჩაგითვლიან. ისრაელისთვის, რომელიც ავლენს აუხსნელ განცალკევებას და მხარის არჩევის სურვილს, ეს გამოიწვევს უნდობლობის ზრდას მრავალი წლის განმავლობაში. რადგან გავძლებთ, ეჭვი არ შეგეპაროთ. თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე.

რა შეგიძლიათ? თქვენ ძალიან გავლენიანი ხართ თქვენს ქვეყნებსა და რეგიონებში. ისრაელში შეგიძლიათ, უფრო აქტიური იყოთ თქვენი პოზიციის გამოხატვაში და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
ბელარუსში შეგიძლიათ, დაიცვათ თქვენი საყვარელი ადამიანები და ნაცნობები გიჟური შეკვეთების შესრულებისგან. რუსეთში შეგიძლიათ, გავლენა მოახდინოთ დიდ ქალაქებში განწყობაზე. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ეს და თქვენ ეს იცით. მე არ მოგიწოდებთ, ესროლოთ ФСБ-ს. აუხსენით ხალხს, რომ ეს არის კრიმინალური ომი, რომელიც კლავს თქვენს ქვეყანას. დაფიქრდით თქვენს მდგომარეობაზე. თქვენ ვეღარ შეძლებთ, შეცვალოთ თქვენი თავისუფლება კომფორტისა და პირობითი უსაფრთხოებისთვის. წიგნების მიღმა ვერ დაიმალებით. თავისუფლება არ გექნებათ. არც პირადი და არც ინტელექტუალური. კომფორტი არ გექნებათ. დასავლეთში კი მას ვერ იპოვით – თქვენი პასპორტი ეჭვსა და ზიზღს გამოიწვევს. უსაფრთხოება არ გექნებათ.

ახლა დროა, გადაწყვიტოთ თქვენი ქვეყნის ბედი მომავალი ათწლეულების განმავლობაში. თქვენი პირადი ბედი, თქვენი საყვარელი ადამიანების ბედი. თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ დაუყოვნებლივ დაასრულოთ კრემლის სამხედრო ავანტიურა, რომელმაც უკვე ათასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს რუსეთს განდევნილად აქცევს. დეგრადაციისთვის იქნება განწირული. მეცნიერება არ გექნებათ. რადგან დღეს მეცნიერება შეუძლებელია აზრთა გაცვლის გარეშე. კულტურა არ გექნებათ. თანამედროვე კულტურა შეუძლებელია ერთმანეთის გამდიდრების გარეშე. განათლება არ გექნებათ. განვითარება არ იქნება. არცერთი.

თქვენ არ გექნებათ უფლებები და კანონი. იქნება ყაზარმული დღის წესრიგი. დარჩება მხოლოდ ნამსხვრევები. ნულოვანი. რას ასწავლიან თქვენს შვილებს? ბევრი ნიჭიერი ადამიანი იქნება განწირული სიღარიბისა და დამცირებისთვის. უარესად, ვიდრე 1990-იან წლებში… ჩემი ქვეყანა ახლა თავდასხმის ქვეშაა. ირგვლივ დიდი მწუხარებაა. მაგრამ მას მომავალი აქვს. ყველაფერს გადავლახავთ. ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს. ჩვენ პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას და ავაშენებთ, შევქმნით, მივცემთ ახალ სიცოცხლეს.

მე ვამაყობ, რომ გარშემორტყმული ვარ ახალგაზრდა და მოხუცი მოქალაქეებით, რომლებიც იცავენ თავიანთ მიწას – კაცებითა და  ქალებით, რომლებიც არიან იარაღით ხელში, ისე, როგორც თავისუფალი ხალხი. მათ თვალებში ღირსება, თავმოყვარეობა, ძალაა. და რას ხედავთ გარშემომყოფების თვალში? რას ხედავთ სარკეში?

გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა იქნას მიღებული. უკვე წუთი გავიდა

Cesko