“ალიას” ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, საკმარისია რასაც დასავლეთი აკეთებს უკრაინის დასახმარებლად? კიდევ რა უნდა გააკეთოს?
– მთავარი ის კი არ არის, რას გააკეთებს დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად, მთავარია და გადამწყვეტი იქნება ის, რას არ გააკეთებს დასავლეთი. უკრაინის ცას არ დაკეტავს დასავლეთი, რასაც ამდენი ხანია იხვეწება უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი. ომი ვის უნდა, ყველას სიცოცხლე უნდა. დღევანდელი თანაფარდობა რომ ავიღოთ, ობიექტურად, ვთქვათ, არ გვყავს შვილები, შვილიშვილები და ყველანი ვართ ჯარისკაცები. ვის უფრო უნდა ეშინოდეს ომის? მოსკოვს თუ ბრიუსელსა და ვაშინგტონს? ომის უნდა ეშინოდეს რუსეთს, რადგან შანსი არ აქვს გამარჯვებისა. პუტინმა თვითონ თქვა ერთი კვირის წინ, მე მესმის, რომ არანაირი ლოგიკური შეფარდება არ არსებობს ჩვენსა და ნატოñს შორის, მაგრამ ჩვენ ბირთვული სახელმწიფო ვართო. მოიცა, დასავლეთში არ არიან ბირთვული სახელმწიფოები? ამერიკას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს არ აქვთ ბირთვული იარაღი? რატომღაც შეიქმნა ისეთი სურათი, რომ პუტინი გიჟია და ისვრის ამ ატომურ ბომბს? პუტინი გიჟი არ არის. უკრაინაში ომამდე ორი კვირით ადრე, პუტინმა საკუთარი ძვირადღირებული იახტა, ჰამბურგის პორტიდან კალინინგრადის პორტში გადაიყვანა. თუ გიჟია, რაში სჭირდება გიჟს იახტა? თუ ატომურ ბომბს გაისვრის და სიკვდილი უნდა, რა ეიახტება? გიჟი კი არ არის, სათავისოდ ძალიან ჭკვიანია, კარგი ცხოვრება უნდა. წინასწარ იცოდა, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებდა და წამოიყვანა იახტა რუსეთში და გიჟი ამას ვერ გათვლის. გარდა მაგისა, პუტინს უკვე აუხირდნენ გარემოცვის წევრები, მილიარდერები ფრიდმანი და დერიპასკა. ხვალ იგივე ალიშერ ოსვანოვი და სხვები ჩაუდგებიან კრიჭაში. მარტო ბიზნესმენები არა, ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები. მათ ნახეს კარგი ცხოვრების გემო. აგარაკები აქვთ მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, სახლები ამერიკასა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში, მათი შვილები სწავლობენ საუკეთესო უცხოურ უნივერსიტეტებში, ბევრს უცხოეთში აქვს ბიზნესი, იქაურ ბანკებში აქვთ საბანკო ანგარიშები და ეს ყველაფერი დაკარგეს. ანგარიშებიც დაუყადაღეს, უძრავი ქონებაც და მალე მათ აუქციონზე გაჰყიდიან, მათ ფულს კი ნაციონლიზაციას გაუკეთებენ კონკრეტული ქვეყნები და თავიანთ ბიუჯეტში შეიტანენ. პუტინს კი არა, ნაპოლეონს გადაუდგნენ მისივე გენერლები და აიძულეს გადამდგარიყო. ბოლოს, ფონტენეგროში რომ შეკრიბა თავისი გენერლები ნაპოლეონმა, პირდაპირ უთხრეს, უნდა გადაგეო. ვინ იყვნენ ის გენერლები? ერთი მეჯინიბის შვილი იყო, კლებერი, მაგალითად, მეორე გლეხისა, ოჟერო, დანარჩენები სერჟანტები იყვნენ ჯარში და ყველა ნაპოლეონმა აქცია გენერლებად და ჰერცოგებად, მაშინდელ მილიონერებად აქცია. მიურატი გლეხის შვილი იყო და იტალიის მმართველი გახადა, მაგრამ ბოლოს გადადექიო, უთხრა ნაპოლეონს. მაშინ გადადგა ნაპოლეონი და წავიდა კუნძულ ელბაზე. არავინ არ ჩაჰყვა ნაპოლეონს და ბოდიში მომითხოვია Ñალიასì მკითხველთან და პუტინი ვინ ჩემი ფეხებია, ნაპოლეონთან შედარებით? რა არის ახლა, იცი? პუტინი რასაც აკეთებს, ეს ამერიკელი და ევროპელი ლიდერების ბრალიც არის, ვერ არიან ის ლიდერები, რომლებიც ღირსეულ პასუხს გასცემენ პუტინს. ტრუმენთან არ გაუვიდა სტალინსაც კი. ბერლინის პირველი კრიზისის დროს, ამერიკისა და რუსეთის ტანკები პირისპირ იდგნენ მთელი ღამე, ნერვების თამაში იყო და ელოდნენ, პირველი ვინ გაისროდა და დაიწყებოდა კიდეც ახალი ომი. დილით ისევ რუსეთმა დაიხია უკან და ყაზარმაში წაიყვანა თავისი ტანკები. სტალინის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა. გაიმარჯვეს ტრუმენმა და ამერიკამ. ან 1962 წლის კარიბის კრიზისი გაიხსენე, კუბაზე რაკეტები რომ განალაგა რუსეთმა. ხრუშჩოვი ატომურ ომზე მიდიოდა და ეგონა, ამით დააშინებდა ამერიკას და გაიტანდა თავისას. ჯონ კენედიმ უკან არ დაიხია, თუ რუსეთს ომი უნდა, ვიომებთ, მაგრამ რუსეთს შანტაჟის საშუალებას არ მივცემთო, განაცხადა პასუხად კენედიმ. ხრუშჩოვმა ჩაისვარა და გამოიტანა კუბიდან რაკეტები. ორ წელიწადში კი ეს არანორმალური ხრუშჩოვი საბჭოთა კავშირის მმართველობას ჩამოაცილა კგბñმ. სამწუხაროდ, დღეს დასავლეთს აღარ ჰყავს ასეთი ლიდერები, ბაიდენი, მაკრონი, ჯონსონი ვერ არიან ძველებივით პრინციპული და უშიშარი ლიდერები. კი, ბევრს უკეთებენ უკრაინას, მაგრამ ომი არ უნდათ, თავიანთ ქვეყნებში ომისა ეშინიათ. მესამე მსოფლიო ომი არავის უნდა, მაგრამ არც პუტინისთვის უნდა მიეცათ საშუალება, რომ მთელი მსოფლიო შანტაჟით აეყვანა. გაცოფებულია ზელენსკი, ხომ ხედავ დასავლეთს რა პრეტენზიებს უყენებს? 50 000 ტონა ბენზინი რომ მომეცით, ეს რა არის, დაგვცინითო? იარაღი მოგვეცით, რომ ვიბრძოლოთ და უკრაინის ცა ჩაკეტეთო. კი, ამ სანქციებით ეხმარება დასავლეთი უკრაინას, მაგრამ ეს სანქციები სრულად ივნისñივლისში იმუშავებს, მაგ დროს ექნება დამანგრეველი ეფექტი რუსეთის ეკონომიკისთვის, მაგრამ მანამდე გაძლებს უკრაინა? ამ პირობებში, ამ მცირედი დახმარებით ვერ გაძლებს. ხომ გაგიგია ქართული ანდაზა, ვიდრე პეტრე მოვიდა, პავლეს ტყავი გააძრესო. ეგრეა საქმე უკრაინაში. ამერიკა, საბჭოთა ოკუპაციის დროს, ავღანეთს ათჯერ და ოცჯერ მეტად დაეხმარა იარაღით, ვიდრე უკრაინას ეხმარება. აგერ განაცხადეს ამერიკელებმა, უკრაინას “პეტრიოტის” ტიპის რაკეტებს აღარ მივცემთო. შვედეთი აძლევს მცირე რაოდენობის “ჯაველინებს”, რომლებიც ტანკების წინააღმდეგ არის გათვლილი. კი, სხვა სახის სამხედრო დახმარებებიც არის ევროპის ქვეყნებიდან, მაგრამ არაადეკვატურია იმისა, რაც რეალურად სჭირდებათ უკრაინელებს.
უკრაინაში მებრძოლი ქართული რაზმის მეთაური, მამუკა მამულაშვილი ამბობდა, ცა რომ დაკეტონ, ჩვენ რამდენიმე დღეში გავყრით რუსებს აქედანო. ცაში უპირატესობა გადამწყვეტია ომისთვის. 1944 წლიდან ასეა. ფაშისტურ გერმანიას თვითმფრინავები კი ჰქონდა, მაგრამ საწვავი აღარ ჰქონდა, ცაში უპირატესობა დაკარგეს და მაგის მერე იყო, ამერიკის ავიაციამ გადაბომბა, მიწასთან გაასწორა გერმანული ქალაქები. ზოგიერთ ქალაქში ერთი შენობა აღარ იდგა, ჰამბურგში, მაგალითად. სტალინგრადზე უარესად დაანგრიეს. დასავლეთს ეშინია, უკრაინის ცა რომ დავიცვათ, მესამე ომი რომ დაიწყოს რუსეთმაო. ორი დღის წინ ვიქტორია ნულანადს ჰკითხეს, თუ ომი შეწყდა, სანქციები ძალაში დარჩებაო? ნულანდმა განაცხადა, არაო, თუ მშვიდობა დამყარდა, სანქციები გაუქმდებაო. ამით მოგებული დარჩება რუსეთი. კი, უკრაინას ფულს მისცემენ და ხელახლა ააშენებენ, მაგრამ დაღუპულ ხალხს, დაჭრილებს, ლტოლვილებს რას უშვრებიან? ერთ წელიწადში ხომ არ აშენდება მერე და ვიდრე აშენდება, ხალხს სარდაფებში და დანგრეულ შენობებში მოუწევს ცხოვრება. მშვიდობა რომ დამყარდეს, დონბასის მხარის გარდა, რუსეთი მოითხოვს უკვე დაპყრობილ ხერსონს, სადაც დამოუკდებელი ავტონომიის გამოცხდებას აპირებს ადგილობრივი კოლაბორაციონისტების მეშვეობით და უკრაინისა აღარ იქნება. ხარკოვის ნაწილს მოითხოვს, რასაც ფლობს. სხვა პატარა ქალაქებისასაც, რაც აღებული აქვს და რომელთაც აკონტროლებს. პუტინს კოზირები აქვს და ახლა დიპლომატური მოლაპარაკებები მას აძლევს ხელს. ახლა ცეცხლი რომ შეწყდეს, რუსეთს დარჩება დიდი ნაწილი უკრაინისა. კი, მშვიდობის მომხრე ვარ და არსად არ მინდა ომი, მაგრამ ეს არის რეალობა. პუტინი თქვა, თუ რუსეთი არ იარსებებს, მსოფლიოს არსებობას აზრი არ აქვსო. ვნახოთ, პუტინის გარემოცვა როგორ მოიქცევა. იმათ ნამდვილად არ უნდათ ატომური ომი. გარემოცვა, შეიძლება, აუჯანყდეს პუტინს. მარტო ეს მილიარდელები კი არა, მარტო ბიზნესმენები კი არა. შესაძლოა, გენერალიტეტში მოხდეს განხეთქილება, შეიძლება, ფეესბეში, რომელმაც მოიყვანა ხელისუფლებაში პუტინი, თუმცა, ხვალ და ზეგ ამას არ ველი. უკრაინა თუ გაუძლებს, თუ ომის ჭაობში ჩაეფლობა რუსეთი და ქვეყანაში დეფოლტი მოხდება, მაშინ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
თუმცა, ერთიც უნდა ვთქვა. რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის ბოლო გამოკითხვით, პუტინს მხარს უჭერს ყოველი 5 რუსიდან 4. ეს ფაქტია, ნაღდია. პუტინს წინააღმდეგობა შეიძლება გაუწიოს მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის ელიტამ, ჰა, კრასნოდარის მხარე დაამატე. მანდ ხალხს ბევრი აქვს დასაკარგი. მდიდრები ცალკე და ასევე, რუსეთში შეიქმნა საშუალო ფენა. ეს ფენა კი ადამიანურ ცხოვრებას მიეჩვია და ვერ გადააჩვევ ამ ცხოვრებას. აი, დანარჩენ რუსეთში, პერიფერიებში ყველა პუტინის თავგადამკვდარი მომხრეა და მის საწინააღმდეგო სიტყვას ვერ დააცდევინებ. კარტოფილი ჰქონდეთ და Ñსამაგონიì, მეტზე არაფერზე ფიქრობენ. პეტრე პირველისა და ეკატერინე მეორეს შემდეგ, მაგ მხრივ დიდი არაფერი შეცვლილა რუსეთში.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამჯერ იყო ზელენსკის მკვლელობის მცდელობა და სამჯერვე ფეესბედან გააფრთხილეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები და მათ აარიდეს ზელენსკის მკვლელობაო. რამდენად დამაჯერებელია ეს ინფორმაცია?
– არა მგონია, რომ ფეესბედან გააფრთხილეს უკრაინის სპეცსამსახურები. ეს უფრო რუსეთის ძალოვან სტრუქტურებში არეულობის, ერთმანეთის მიმართ ეჭვის დათესვას ემსახურება და თავად ფეესბეშიც განხეთქილების შეტანას. პუტინი არის გულღვარძლიანი ადამიანი, მაგრამ ამავდროულად, მიზანდასახული და მიზანს ყოველთვის აღწევს. თუ ვინმე დაუპირისპირდა, ყველა მოიცილა და დაიჭირა ñხადარკოვსკი, ლიტვინენკო, სკრიპალი, ბერეზოვსკი, ნემცოვი, პოლიტკოვსკაია… მე მგონია, რომ ზელენსკის დაცვა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს აქვს აღებული საკუთარ თავზე და საფრთხეებსაც ის ანეიტრალებს. პუტინს დღეს სულ რამდენიმე კაცის ნდობა აქვს და ფეესბემ ორმაგი თამაში რომ დაიწყოს, ახლა ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ ეტაპზე ვერ გარისკავენ. ჯერ ისიც საკითხავია, იყო ეს მკვლელობის სამი მცდელობა ზელენსკისა? არა, რუსებისგან არ გამიკვირდება, მაგრამ ომის დროს უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– რუსეთიდან ძალიან ბევრი რუსი ჩამოვიდა საქართველოში, რომლებიც აცხადებენ, რომ პუტინის რეჟიმს გამოექცნენ. ბელარუსებიც ჩამოვიდნენ და ისინი ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ხალხიაო, გვეუბნებიან. ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი, ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკურად ფიქრობს, რომ ეს ხალხი საფრთხეა ქვეყნისთვის…
– ზოგადად, რაც ნაკლები სხვა ეროვნების მოსახლეობა იქნება ნებისმიერ ქვეყანაში და რაც მეტი იქნება ადგილობრივი მკვიდრი, მით უკეთესი. ამ მხრივ, დემოგრაფიული კუთხით, ცხადია, რუსების მასობრივად ჩამოსვლა ცუდია. სხვა რა საფრთხეებია? კი, ეგზისტენციული საფრთხე არსებობს, მაგრამ რამდენად რეალურია ეს საფრთხე? შესაძლოა, გარკვეული შეხლა-შემოხლა მოხდეს საქართველოსა და რუსეთისა თუ ბელორუსის მოქალაქეებს შორის, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. ბოლოს და ბოლოს, 2008 წლის ომის დღეებში და შემდეგ არ ყოფილა დაპირისპირება ქართველებსა და რუსებს შორის. მერე, უკვე წლებია, ისედაც უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში და აქ უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. არც იმ შიშს ვიზიარებ, რომ რუსეთის აგენტურა შემოჰყვება ამ ხალხს. 2011 წლიდან რუსეთთან ცალმხრივი უვიზო რეჟიმი გვქვს და შემოსაგზავნი აგენტურა უკვე შემოგზავნა რუსეთმა. 10 წელია უკვე “ქართული ოცნებაა” ხელისუფლებაში და ამ ხნის მანძილზე, ერთი აგენტი გამოააშკარავა და დაიჭირა რუსეთისა? ან სხვა ქვეყნისა? არც ერთი. ქვეყანა არ არსებობს, სადაც კონტრდაზვერვა არ ააშკარავებდეს სხვა ქვეყნის აგენტებს, ერთი საქართველოა რა, ბედნიერი ქვეყანა, სადაც უცხოეთის აგენტურას არაფერს ერჩიან.
– რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური ჩაიგდეს ხელთ და ეს ხომ არ იყო დამატებითი ფაქტორი ევროპის დასაშანტაჟებლად? ამის მერე, უკრაინას რასაც პირდებოდნენ, ის დაპირებებიც უკან წაიღეს ევროპის ქვეყნებმა. ეშინიათ, რუსეთმა არ დაბომბოს ელექტროსადგური, რომელიც ჩერნობილისაზე ექვსჯერ დიდია?
– ვიდრე მაგ ატომურ სადგურს აიღებდნენ რუსები, მანამდეც ჩასვრილი იყო ევროპაც და ნატო-ც, მანამდეც ატომური ომით იმუქრებოდა რუსეთი და დღესაც იმუქრება. თუ ვინმე ჩვენი და უკრაინის ომში ჩაერევა, ჩავთვლით, რომ ჩვენი მტერია და ატომური ჯარები მზადყოფნაზე გადაიყვანა. რა ჯანდაბად უნდა ნატოñს იმხელა შეიარაღება, თუ მუდმივად რუსეთის შანტაჟის ქვეშ იქნება? გემუქრება? დაემუქრე! უთხარი, რომ შენც მზად ხარ ატომური ომისთვის, უთხარი, რომ ამით ორივე წააგებთ, ატომურ ომში გამარჯვებული არ იქნება, მაგრამ მისი შანტაჟის ქვეშ ცხოვრებას არ აპირებ, ერთს ისვრი და ათს გესვრიო, უთხარი. აი, ამ ენაზე უნდა ილაპარაკონ რუსეთს და მერე ნახავს, პუტინი და მისი გარემოცვა როგორ აჭიკჭიკდებიან. იქნებ მართლა გამოათრიონ იმ ბუნკერიდან და წითელ მოედანზე, ყველაზე მაღალ სვეტზე ჩამოჰკიდონ. რაც შეეხება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, თუ ააფეთქა მართლა, ის მომწამვლელი ნივთიერებები გაიფანტება უკრაინაში, ბელარუსში და დასავლეთ რუსეთის მხარეს. ჩერნობილი რომ აფეთქდა, ესენი დაზარალდნენ ყველაზე მეტად. კი, ევროპის ტერიტორიაზეც გადავა და იქაც იქნება მსხვერპლი, უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში, მაგრამ მთავარი, ყველაზე დიდი მსხვერპლი ამ სამ ქვეყანაში იქნება. რა, პუტინი ქარს უბრძანებს, რომ რადენიმე თვე დასავლეთისკენ იქროლოს და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადაიტანოს მომწამვლელი მტვერი? წვიმას დაუშლის მოსვლას? შანტაჟის წინააღმდეგ ბრძოლის აღიარებული საუკეთესი მეთოდია კონტრñშანტაჟი. დაგემუქრა? ორი იმდენი ძალის მუქარა უნდა აჩვენო. გეუბნება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს აგიფეთქებო? უნდა უთხრა, რაც რუსეთში ატომური სადგურებია, ყველას დავბომბავო და გაჩუმდება. დასავლეთმა უნდა აჩვენოს, რომ თუ პუტინი ყველაფერზე წავა, ისიც ყველაფერზეა წამსვლელი. იმის შიშით, რომ მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყოს, დასავლეთი პანიკაშია და ჩუმად არის. მე ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყება, დასავლეთი კისერზე დააწვება ზელენსკის. მოსთხოვს, რომ ბევრი რამ დათმოს მშვიდობის სანაცვლოდ. ეტყვიან, რომ პოლიტიკურად დათმე, ესა თუ ის ტერიტორია დაუთმე რუსეთს, ჩვენ ფულს მოგცემთ და ქვეყანას კვლავ ააშენებო. ეს ყველაფერი იცის პუტინმა და ეს გათვლილი აქვს. დასავლეთი ავითარებს აზრს, რომ პუტინი გიჟია და ამიტომ არის ყველაფერზე წამსვლელი. არ არის პუტინი გიჟი. არ არის პუტინი ჰიტლერი. გიჟებს მილიარდები და მეფური ცხოვრება არ აინტერესებთ. მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და გიჟია? მანიაკალურად უფრთხილდება თავის ჯანმრთელობას. ხომ უყურებ პუტინის შეხვედრებს მის მინისტრებთან, გრძელ, მაგიდასთან 6 მეტრის მოშორებით უზიან და ისე ელაპრაკებიან, კორონა რომ არ შეხვდეს პუტინს. უყვარს სიცოცხლე და ასეთი ადამიანი თვითმკვლელი არ არის. გასდის შანტაჟი და ეგეც აშანტაჟებს მთელ დასავლეთს. ისე, ჰიტლერიც ეგრე იყო თავიდან, ვიდრე მისი ნამდვილი სახე არ დაინახა მსოფლიომ. 1937 წელს, რეინის ოლქის დემილიტარიზებულ ზონაში ჯარი შეიყვანა. ერთი ბატალიონი შეიყვანა, მაშინ ნორმალური ჯარი არ ჰყავდა გერმანიას. ინგლისმა და საფრანგეთმა ვერ გაბედეს წინააღმდეგობის გაწევა, ომი დაიწყებაო. მერე ჰიტლერი იგონებდა, ის ორი ღამე იყო ჯოჯოხეთური ჩემს ცხოვრებაში, ის ორი დღე არ მეძინა, არ ვიცოდი, საფრანგეთი წინააღმდეგობას გამიწევდა თუ არაო. საფრანგეთს რომ გაეწია მაშინ წინააღმდეგობა, რეინიდან გერმანელებს გაყრიდნენ და ჰიტლერსაც ბოლო მოეღებოდა, შეიცვლებოდა გერმანიაში ხელისუფლება. აი, რაც 1937 წელს რეინში მოხდა, ის მოხდა 2008 წელს საქართველოში. პუტინისთვის 2008 წელს დასავლეთს სათანადო წინააღმდეგობა რომ გაეწია, თავის ადგილს მიუჩენდა პუტინს და არც ყირიმის და დონბასის მოვლენები იქნებოდა და არც დღეს ომი უკრაინაში. ამ დაყვავებისა და მშვიდობის პოლიტიკამ ჯერ ჰიტლერი შვა და ახლა ñ პუტინი. ერთადერთი ჩერჩილი იყო მაშინ, რომელიც ომის გზით ჰიტლერის შეჩერებას მხარს უჭერდა. ამბობდა, რომ გერმანიასთან ომი გარდაუვალია და ვიდრე მოძლირდება ჰიტლერი, გავაჩეროთო. არ დაუჯერეს და მაინც მოუწიათ ომი და მას შემდეგ, რაც მილიონობით ადამიანი გაწყვიტა ჰიტლერმა საბჭოთა კავშირში, ევროპის სხვა ქვეყნებში და მერე მაგასთან ომს კიდევ უამრავი ადამიანი შეეწირა ევროპაში. ზელენსკი ყველაფერში მართალია. იმდენი იარაღი მაინც მიაწოდონ, რასაც “თალიბებს” აწვდიდნენ ავღანეთში საბჭოთა ოკუპაციის დროს. ლიდერების პრობლემაც არის. აბა, სად ტეტჩერი და ჯონსონი, სად მიტერანი და მაკრონი, სად კოლი და შოლცი, სად რეიგანი და ბაიდენი… რეიგანით დასრულდა დიდი ლიდერების ეპოქა მსოფლიო პოლიტიკაში. აღარაფერს ვამბობ ადრინდელებზე – ჩერჩილზე, სტალინზე, ჩემბერლენზე, დე გოლზე, რუზველტზე, მარშალზე, ტრუმენზე… გერმანიის ყოფილი კანცლერი, შროიდერი, “გაზრპომის” სამეთვალყურეო საბჭოშია და ყოველწლიურად 10-15 მილიონ დოლარს იღებს არაფერში. პენსია დაუნიშნა პუტინმა და ეტყობა ეს ფული დაიმსახურა. ასეთი ლიდერები ჰყავდათ და ჰყავთ. ბედაურები დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანიო, დღეს ეს მდგომარეობაა მსოფლიო პოლიტიკაში.
– ბატონო სოსო, ჰააგის ტრიბუნალმა რომც გაასამართლოს პუტინი და სასჯელი მიუსაჯოს, როგორ განახორციელებს მართლმსაჯულებას?
– ჰააგის სასამართლომ თუ გაასამართლა პუტინი, რუსეთში ვერ დააპატიმრებენ. რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს არც ჰააგის და არც სხვა საერთაშორისო სასამართლოებს, გარდა სტრასბურგის სასამართლოსი. რუსეთის კონსტიტუციით, რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება, სტრასბურგის სასამართლოს გარდა, ყველა საერთაშორისო სასამართლოს აღემატება. ეს ცვლილებები 3 წლის წინ მიიღო რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ. ჰააგამ თუ დაუსწრებლად მიუსაჯა სასჯელი პუტინს, პუტინი რუსეთიდან, ფაქტიურად, ვეღარ გავა. წავა ვენესუელაში, კუბაში, ბელარუსში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ასეთ ქვეყნებში. სხვაგან დააპატიმრებენ და ჰააგას გადასცემენ. საზოგადოების ნაწილმა ეს შეიძლება არ იცის, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალი იძიებს ორივე მხარის დანაშაულებს, რუსეთის სამხედრო დანაშაულს უკრაინის ომში და უკრაინის ჯარის სამხედრო დანაშაულებებს ლუგანსკში და დონეცკში. რუსეთი აცხადებს, რომ ამ ორ რეგიონში ადგილი ჰქონდა სამხედრო დანაშაულებებს და მტკიცებულებები გააჩნია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჰააგის სასამართლო. უკეთეს შემთხვევაში, ამას რამდენიმე თვე დასჭირდება.
წყარო:https://www.alia.ge/