ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი კოკა-კოლას, მაკდონალდსის და სხვა დასავლური კომპანიების მიერ რუსეთის ბაზრის დატოვების საკითხს ტელეგრამზე გამოეხმაურა.
ამასთან, კადიროვი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „შიდა მწარმოებლები ამოისუნთქავენ“ და მოგება სრულად დარჩება რუსეთის ბაზარს.
„მაკდონალდსმა, კოკა-კოლამ, პეპსიმ განაცხადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფარგლებში ტოვებენ ჩვენს ქვეყანას. სიახლეები ყოველ დღე უკეთესი და პოზიტიური ხდება. საბოლოოდ, შიდა მწარმოებლები თავისუფლად ამოისუნთქავენ. დიდი ხანია მოუთმენლად ელიან ამ დღეს. აღარ იქნება ამერიკული მაკდონალდსის დამღუპველი დომინირება ჩვენზე, განსაკუთრებით მათზე ვისაც სიმსუქნე აწუხებს.
მე ყოველთვის მოვუწოდებდი ხალხს, მოიხმარონ ჩვენი ორგანული საკვები და სწორად იკვებონ. გაზიანი სასმლის და „ფასტ ფუდის“ გარეშე ბევრად უკეთესი იქნება.
ახლა მეტი შესაძლებლობა გაიხსნება რუსული ბიზნესისთვის და მოგება ჩვენს ქვეყანას დარჩება.
თუ დასავლური ქვეყნები მოელიან, რომ მათი სანქციები დაანგრევს ეკონომიკას და მშიერს დატოვებს ისეთ ძლიერ ძალას, როგორიც რუსეთია, ძალიან ცდებიან. საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მთელი სამყაროს გამოკვებას“, – აცხადებს კადიროვი.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ბაზარი მსხვილმა დასავლურმა კომპანიებმა დატოვეს.