იმედი სიმსივნიანი პაციენტებისთვის – პროფესორი, ალექსანდრე თავართქილაძე

0
3686
65 Views

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თსსუ-ის და რენე-დეკარტეს უნივესრიტეტის (საფრანგეთი, პარიზი) პროფესორის, ონკოლოგიის, მოლეკულური მედიცინის ექსპერტის, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (საფრანგეთი – ლიონი) კვლევითი ჯგუფის წევრის, პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის სამედიცინო დირექტორის, ალექსანდრე-ალეკო თავართქილაძის კაბინეტთან მუდამ ხალხმრავლობაა. სასოწარკვეთა, იმედგაცრუება, სევდა, ტკივილი… ეს მათი თანმდევი განცდებია. ამ დროს კი, ბატონი ალეკო დიდი იმედია.

კარგი ექიმის სტატუსის მოპოვება კი იოლი ნამდვილად არ გახლავთ. ეს წოდება და საზოგადოების ნდობა მხოლოდ დიდი შრომის, თავდადების, ძიების, ცოდნისა და გამოცდილების შედეგად შეიძლება დაიმსახუროთ.

ალეკო თავართქილაძე 7 მონოგრაფიისა და 2 სარეკომენდაციო სახელმძღვანელოს, 101-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორია, ამასთან, მრავალი საერთაშორისო ასოციაციის წევრი, საფრანგეთის კლინიკური და ბაზისური ონკოლოგიის ექსპერტი, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი გახლავთ; ძუძუს კიბოს ონკოგენეტიკაში შესრულებული ნაშრომისთვის დაჯილდოვებულია მადლობის ოქროს მედლით, ხოლო ნაშრომებისთვის გასტროენტეროლოგიაში იაპონიისა და ევროპის ინტერნისტთა ასოციაციამ პროფესორის (Honoris Causa) წოდების სერტიფიკატი მიანიჭა; ფრანგულ ენაზე გამოსცა სარეკომენდაციო სახელმძღვანელო პერსონალიზებულ მედიცინაში, რომელიც აპრობირებულია დეკარტეს უნივერსიტეტის მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომის – „სიმსივნური უჯრედის გენეტიკის“ რეცენზენტი კი, ნობელის პრემიის ლაურეატი – ტიმ ჰანტია, რომელიც ამავდროულად, არის მისი მეორე სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ექსპერტი.

პედაგოგები, რომლებიც კვალს ტოვებენ

საზოგადოდ, მიიჩნევს, რომ პედაგოგებსა და გარემოცვას პროფესიონალის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი აქვს.

ყველაზე დიდ პედაგოგად და მენტორად ალეკო თავართქილაძე მამას მიიჩნევს, „მამაჩემი, გივი თავართქილაძე, პროფესიით გეოგრაფი და ასტროფიზიკოსი, ჩემთვის სერიოზული არეოპაგია. ბავშვობიდანვე მან გამიღვივა ინტერესი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი, ძალიან ხშირად ვსაუბრობდით ბუნებაზე, სიცოცხლეზე, განსაკუთრებით, იყო თუ არა სიცოცხლე სხვა გალაქტიკებში. ვისარგებლებ თქვენი პოპულარული ჟურნალით და აქედანაც მადლობას ვეტყვი მამას ყველაფრისათვის.“

სიყვარულითა და მადლიერებით იხსენებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს: თეიმურაზ პეტრიაშვილს, დინარა კასრაძეს, გაიანე სიმონიას, რუსუდან რუხაძეს, ელენე აბზიანიძეს, მარინა გორდელაძეს, ნოდარ ემუხვარს, რომელთაც, როგორც ბატონი ალეკო აღნიშნავს, ახალგაზრდა კოლეგისთვის ძალიან ბევრი გააკეთეს კლინიკური და სამეცნიერო მუშაობის მხრივ.

კლინიკური ონკოლოგიისა და შინაგანი მედიცინის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში დიდი წვლილი მიუძღვის ფრანგ პროფესორ ფაბრის ანდრეს, რომელიც მისთვის ყოველთვის იყო ჭეშმარიტი მეგობრობის, ექიმობის, ადამიანობის მაგალითი.

„კლინიკურ საქმიანობაში მისაბაძი მაგალითი გახლდათ პროფესორი ჟან-პიერ ბერჟერატი და პროფესორი ჟან-ჩარლ სორია, რომლებიც დღესაც ჩემი სამეცნიერო და კლინიკური საქმიანობის ერთ-ერთი პირუთვნელი შემფასებლები და ჩემთვის სერიოზული არეოპაგები არიან – თუ საერთაშორისო მასშტაბით რაიმე შევძელი, ეს მათი დამსახურებაა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი,“ – აღნიშნავს ბატონი ალექსანდრე – 2005-2011 წლებში ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში ვიყავი, Civil-ის ჰოსპიტლის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. აქვე ვსწავლობდი რეზიდენტურასა და დოქტორანტურაშიც, სპეციალობით – ონკოლოგია და ჰემატოლოგია. შემდეგ იყო სტაჟირებები მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან კლინიკაში ავსტრალიისა და იაპონიის ჩათვლით. მათი დახმარებით ფლობს კიბოს მკურნალობის უნიკალურ მეთოდებს, ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მთავარია ის, რომ დღეს მსოფლიოში ონკოლოგიაში საინტერესო ძვრებია და ექიმი დროს არ უნდა ჩამორჩეს, მუდამ სიახლის ძიებაში უნდა იყოს.

თანამედროვე მედიცინა

ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნეში ონკოლოგიური დაავადებების პროგრესული ზრდაა მოსალოდნელი.

ამის მიზეზები ჯერჯერობით საკამათო და დაუზუსტებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად, ონკოლოგიური დაავადების რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თუმცა, უნდა გვჯეროდეს, რომ ონკოლოგიური დაავადება „განაჩენი“ არ არის.

ბატონი ალექსანდრე აღნიშნავს, რომ თანამედროვე სტანდარტებით ყოველ პაციენტს კონკრეტული მკურნალობის ფორმულა უნდა მიესადაგოს:

– თითოეული პაციენტი ახალი განტოლებაა. იმდენი სახეობის კიბო არსებობს, რამდენიც პაციენტია. „გაიდლაინებით“, ანუ მასაზე გათვლილი მკურნალობის მეთოდიკა წარსულს მალე ჩაბარდება. მომავლის მედიცინა პერსონალიზებული მედიცინაა: ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს პაციენტის მკურნალობის მეთოდი, რომლის დროსაც აუცილებლად გასათვალისწინებელია მისი გენეტიკა.

თანამედროვე მსოფლიოში არის საინტერესო გამოწვევა, ეგრეთ წოდებული „გახდი მოაზროვნე ექიმი“, ანუ გახდი პერსონალიზებული მედიცინის სპეციალისტი. საბედნიეროდ, მე ეს მოვახერხე თსსუ-ის და ფრანგი კოლეგების დახმარებით და გავიარე სრული ორწლიანი რეზიდენტურა ავთვისებიანი სიმსივნეების უჯრედულ და იმუნოთერაპიაში, რის შემდეგაც მომენიჭა სპეციალისტის დიპლომი, ლიცენზია და დეკარტეს უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსი.

საინტერესო მოსაუბრეა, ადვილად მიხვდებით, რომ ფილოსოფიაში, ფიზიკასა და მითოლოგიაშიც სიღრმისეული ცოდნა აქვს. წერს ლექსებს, ჩანახატებს, ეტიუდებს, თუმცა, ფორმას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, როგორც თავად ამბობს, „ტექნიკა“ ნაკლებ მნიშვნელოვანია, მთავარი კოდური სისტემაა… თუ ჩემი კოდი თქვენთვის მისაღებია, ურთიერთობა შედგება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვაო.

ბევრს გააკვირვებს მისი უცნაური აღიარებაც იმის შესახებ, რომ კლასიკურ ლიტერატურას და პოეზიას იმდენივე დროს უთმობდა სკოლის და სტუდენტობის დროს, რამდენსაც მედიცინის ათვისებას და ამას აქტიურ დასვენებად მიიჩნევდა.

მასთან საუბრისას დარწმუნდებით, რომ საინტერესო „ფსიქოლოგიცაა“, უფრო მეტიც, შეუძლებელია მისი გაგება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და მითოლოგიის ცოდნის გარეშე… ყველაზე საყვარელ და დიდ ფილოსოფოსებად ჯიდუ კრიშნამურტს და მაისტერ ეკჰარტს მიიჩნევს, რადგან, მისი შეფასებით ისინი არა პროპაგანდისტები, არამედ შემზარავად გულახდილები არიან.

ღირებულებების საინტერესო სისტემა აქვს, აფასებს ადამიანს, ვინც „შიგნიდან ბახი და გარედან მოცარტია“; მიაჩნია, რომ ადამიანი, რომელიც ძალიან სერიოზული ჩანს, არ შეიძლება იყოს ჭკვიანი, თუმცა, „გამონაკლისი და შემთხვევითობა ღმერთების ენაა“… მისი სურვილია, შეძლოს მიხვედრა ფიქრის გარეშე, რაც ცნობიერების ახალი საფეხურის ათვისებას ნიშნავს:

– „დატოვებს საფეხურს ადამიანი და გადავა საფეხურზე – ზეადამიანი“. ადამიანი გენთა ექსპრესიაა მხოლოდ შვიდი პროცენტით, ზეადამიანი – შვიდ პროცენტზე ბევრად მეტით. „მივხვდები ფიქრის გარეშე და გავხდები ორმხრივ გამჭვირვალე სარკე“…

ორიგინალურია მისი ხედვა ადამიანის გამორჩეულობაზე, ეგრეთ წოდებულ ლიდერობაზე – „ძნელია იყო პირველი, გამორჩეული, მაგრამ უფრო ძნელია იყო ის, რაც ხარ სინამდვილეში და ხარ ის, რაც შენი თვალებიდან იყურება, რადგან, რაც თვალებიდან იყურება, სულიდან იყურება“.

ალეკოს თქმით, შეუძლებელია, ადამიანს არ სწამდეს ღმერთის, „უბრალოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რომ სწამთ… ურწმუნო კი ყოველთვის მშიშარაა…“. სრულიად გასაგებია მისი ირონიაც ბევრისთვის მისაღები „იოლი და უმტკივნეულო გზისადმი“, ეს ბუნებრივი პროტესტია იმ ყალბი, მოჩვენებითი წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ფუნქციაც სწორედ შინაგანი უწესრიგობის, საზოგადოების შინაგანი დაავადების დაფარვაა.

მართალია, დღეს ბევრი მიდის სამკურნალოდ უცხოეთში, მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოშიც ნამდვილად არიან ღირსეული პროფესიონალები, რომელთა იმედიც უნდა გვქონდეს, მათ კი დაფასება, აღიარება და მადლიერების გრძნობის გამოხატვა სჭირდებათ. ასეთთა შორის კი, უპირველესად, პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე მოიაზრება, ღირსეული პიროვნება და პროფესიონალი.

“თბილისელები”

Cesko