ცხელი ხაჭაპურის რიგში დაღლილმა პოლიციელმა 3 ახალგაზრდას სცემა და ესროლა

0
1131
25 Views

„ნოდარ მელაძის შაბათის” ჟურნალისტის ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალაში მდებარე პურ-ფუნთუშეულის საცხობთან დაპირისპირება მოხდა – კრიმინალური პოლიციის თანამშრომელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი იარაღიდან სამ ახალგაზრდას ცეცხლი გაუხსნა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც. ფონიჭალელი ახალგაზრდები, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან, ირწმუნებიან, რომ 46 წლის  თამაზ საველიევს ხაჭაპურის რიგში დიდი ხანი დგომა დაეზარა და მის წინ მდგარ ახალგაზრდებს აგინა, რასაც ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

„საცხობში, სამი ხაჭაპური შევუკვეთე, მომაწოდა გამყიდველმა, მაგრამ იყო ცივი და ვთხოვე, გათბობა,  რა დროსაც შელაპარაკება მომივიდა გამყიდველთან. იქვე იდგა ჩემთვის უცნობი მამაკაცი, ის მოგვიახლოვდა და  ხმამაღალი ტონით გვითხრა: “რამდენი ხანი უნდა გელოდოთ, შიგ ხომ არ გაქვთ ბიჭოო?”… მე მას მივუახლოვდი და ვკითხე – „ეს რა საუბარია შენ ვინ ხარ ბიჭო?” მან მიპასუხა – შენ ვინ ხარ შენი დედას შ..ცი“ და შემაგინა დედის მისამართით, შეგინებისთანავე მე მას ერთხელ დავარტყი სახის არეში, რის შემდეგაც იქვე მყოფმა ჩემმა ძმამ რუსლანი ქერიმოვმა და ჩემმა დეიდაშვილმა, ჯუმბერ მამედოვმა გაგვაშველეს, ის კვლავ იგინებოდა ჩემი მისამართით და მაგინებდა დედას, იწევდა ჩემკენ და ცდილობდა, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენებას”- ყვება პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში იახაია ქერიმოვი.

ირკვევა, რომ საკონდიტროსთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, იახაია და რუსლან ქერიმოვებმა  ჯუმებრ მამედოვთან ერთად , შემთხვევის ადგილი ავტომანქანით დატოვეს. ისინი სახლში, რუსთავის გზატკეცილის გავლით ბრუნდებოდნენ, თუმცა მოულოდნელად, ქვემო ფონიჭალის გზაზე  მოვლენები კრიმინალური ფილმის სცენარით განვითარდა. დეტექტივი  თამაზ საველიევი ახალგაზრდებს  დაედევნა  და დიდი სისწრაფით მიმავალი  ავტომობილიდან  ესროდა. რუსთავის გზაზე ხალხით სავსე ავტომობილს პოლიციელმა 5-ჯერ ესროლა.

„მოგვდევდა, გვინათებდა შუქებს და გვისიგნალებდა, მას უნდოდა ჩვენი გაჩერება. რომ არ გავჩერდით, რამდენიმეჯერ მოახდინა გასროლა. დავინახე, რომ მას მარცხენა ხელი ჰქონდა გამოყოფილი შუშიდან და ახორციელებდა გასროლას. მე იარაღის დანახვისთანავე თავი ჩავყავი სალონში, რამდენი გასროლა მოახდინა, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ  სავარაუდოდ, მან განახორციელა 4-5 გასროლა. როდესაც დავინახეთ, რომ ის უკან მოგვდევდა ჯუმბერ მამედოვმა მარცხნივ გადაუხვია, რითაც ჩვენი საცხოვრებელი სახლის გზას ავდით და გავერიდეთ” – წერია კიდევ ერთი დაკავებულის ჩვენებაში.

Cesko