რამდენი მილიონი ლარის შემოსავლები აქვთ რუსულ სახელმწიფო კომპანიებს საქართველოში

0
463
27 Views

რუსული სახელმწიფო კომპანიები საქართველოში არაერთი მსხვილი ბიზნესის ბენეფიციარი მფლობელები არიან. რუსული სახელმწიფო კომპანიები ყველაზე აქტიურად საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, ასევე საწვავის იმპორტისა და ტრანზიტის, ასევე საფინანსო სექტორში არიან წარმოდგენილი.

Inter Rao საქართველოში:

რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao თბილისის ელექტრომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიების “თელასისა” და “თელმიკოს” ბენეფიციარი მფლობელია. ორივე კომპანიაში 75%-იანი წილი Inter Rao-ს მიერ ჰოლანდიაში დაფუძნებულ Silk Road Holdings B.V-ს ეკუთვნის, თავად “ინტერ რაოს” მესაკუთრე კი რუსეთის ფედერაციაა. “თელასში” მინორიტარული 24.5%-იანი წილი 2020 წლიდან ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას ეკუთვნის, რომელმაც აღნიშნული წილი $10 მილიონად “საპარტნიორო ფონდისგან” შეიძინა.

2021 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ Inter Rao-სთან საარბიტრაჟო დავა წააგო. სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა ქვეყანას Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. საარბიტრაჟო დავა 2017 წლიდან მიმდინარეობდა და ის საქართველოს მიერ Inter Rao-სთან გაფორმებული ხელშეკრულების და მემორანდუმის დარღვევას ეხებოდა. მთავრობის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

რაც შეეხება უშუალოდ საოპერაციო შემოსავლებს, Inter Rao-ს ძირითადი შვილობილის, “თელასის” ფინანსური შედეგები ასეთია:

● 2020 წლის შემოსავალი – 411.1 მილიონი ლარი, ზარალი 72.9 მილიონი ლარი;
● 2019 წლის შემოსავალი – 453 მილიონი ლარი, წმინდა მოგება 14 მილიონი ლარი.

Inter Rao საქართველოში ელექტროენერგიის განაწილების გარდა, დენის იმპორტის ბიზნესშიც არის ჩართული.

2019 წლის მაისში Inter Rao-მ და ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილთან დაკავშირებულმა ლუქსემბურგულმა კომპანია “ევგ ჰოლდინგმა” 50.01% და 49.99%-ის წილების თანაფარდობით დააფუძნეს ახალი კომპანია “ინტერ რაო საქართველო”, რომელიც რუსული ელექტროენერგიის იმპორტით არის დაკავებული.

კომპანიის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ “ინტერ რაო საქართველომ” 2020 წელს 38.2 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, 2019 წელს კი მისი შემოსავალი 65.3 მილიონი ლარი იყო. 2020-ში კომპანიის წმინდა მოგება 4.4 მილიონი ლარი იყო, 2019 წელს კი ფირმა მოგების ნაცვლად 0.6 მლნ ლარის ზარალზე იყო.

Gazprom Export

2021 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტი 108%-ით გაიზარდა და მან $77 მილიონ დოლარს მიაღწია. ასეთი მკვეთრი მატება რუსული გაზის იმპორტში არცერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა.

საქართველო რუსეთიდან ბუნებრივ აირს სახელმწიფო კომპანია Gazprom Export-ისგან ყიდულობს.

ამავე კომპანიასთან ასევე არის გაფორმებული მაგისტრალური გაზსადენის მომსახურების ხელშეკრულება, 2015 წლის ჩათვლით, საქართველო რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული სატრანზიტო გაზის საფასურს ნატურით იღებდა, რაც ტრანზიტის 10%-ს შეადგენდა, თუმცა რუსული მხარის მოთხოვნით ტრანზიტის ანაზღაურების წესი შეიცვალა. 2016 წლიდან მოყოლებული ქვეყანა გატარებული გაზის საფასურს ფულადი სახით იღებს, თუმცა ეს ფულადი ანაზღაურება უფრო მცირეა ვიდრე ის 10%, რასაც საქართველო ტრანზიტისთვის იღებდა. საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა.

Rosneft-ი საქართველოში:

რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ი ფლობს არამაკონტროლებელ, 49%-იან წილს კომპანია “პეტროკას ენერჯი ინთერნეიშენალ ლიმითედში”, რომელიც თავის მხრივ, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობ-იმპორტიორის “გალფის” მესაკუთრეა.

Rosneft-ის გარდა, კომპანიის მსხვილი აქციონერია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი, რომელსაც “პეტროკას ენერჯი ლიმითედის” 38%-იანი წილი ეკუთვნის.

“გალფი” საქმიანობს საწვავის როგორც საბითუმო ასევე საცალო სეგმენტში და მას ქვეყნის მასშტაბით 150-მდე გასამართი სადგური აქვს.

“გალფის” ფინანსური შედეგები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი 2020 წელს – 535.3 მილიონი ლარი, კლება 2019 წელთან 54 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს – 1.9 მილიონი ლარი;
● კომპანიის აქტივები 2020 წელს – 229.4 მილიონი ლარი.

“პეტროკას ენერჯი” საქართველოში ასევე ფლობს ფოთის ნავთობტერმინალს. “ჩენელ ენერჯი ფოთის” ანუ ფოთის ნავთობტერმინალის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● შემოსავალი 2020 წელს – 18.5 მილიონი ლარი, 2019 წელს 18.2 მილიონი ლარი;
● წმინდა მოგება 2020 წელს – 8.66 მილიონი ლარი, 2019 წელს 7.67 მილიონი ლარი.
● კომპანიის აქტივები – 60.2 მილიონი ლარი.

ფოთის ნავთობტერმინალის გარდა, “პეტროკასი” საავიაციო საწვავის ბიზნესშიც არის წარმოდგენილი და თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია. “პეტროკას ფიუელ სერვისიზ ჯორჯიას” შემოსავალი 2020 წელს 59 მილიონი ლარი, 2019 წელს კი 142 მილიონი ლარი იყო. 2020-ში მისი წმინდა მოგება 8 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2019-ში 10.9 მილიონი ლარი. კომპანიის აქტივები 34.5 მილიონი ლარია.

VTB ბანკი

რუსული სახელმწიფო ბანკი VTB შვილობილ ბანკებს არაერთ პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში ფლობს. VTB ბანკი საქართველო აქტივების ზომით საბანკო სექტორის მეოთხე უმსხვილესი მოთამაშეა (2.15 მილიარდი ლარი). 2021 წლის მდგომარეობით, ბანკის საკრედიტო პორტფელი 1.55 მილიარდი ლარია, რითიც ის ბანკებს შორის მეხუთე ადგილს იკავებს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, VTB ბანკმა 2021 წელს 37.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რითიც საბანკო სისტემაში მეექვსე პოზიცია დაიკავა.

აშშ-ს სექტორული სანქციები რუსულ კომპანიებს და საქართველო:

რაც შეეხება რუსეთზე დაწესებულ ამერიკულ სექტორულ სანქციებს, მასში ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებიდან შედის Gazprom-ი, ასევე Rosneft-ი და VTB ბანკი.

ამ კომპანიების შვილობილებიდან სანქციების სრულ სიაში აშშ-ს მხოლოდ ერთი ქართული შვილობილი – “VTB ბანკი საქართველო” ჰყავს მოხსენიებული. აშშ სექტორული სანქციები ვრცელდება არაერთ მსხვილ რუსულ კერძო კომპანიაზეც, მათ შორის Lukoil-ზეც, თუმცა ამ უკანასკნელის ქართული შვილობილი სექტორული სანქციების სიაში შეყვანილი არაა.

Cesko