ერეკლემ შვილი მაშინ დაიტირა, როცა დარწმუნდა, რომ საყვარლის ქმარს არ მოუკლავს

0
719
35 Views

ქართლ-კახეთის მეფე, ერეკლე II, სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი ცოლი ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი იყო, მეორე – ანა აბაშიძე, ხოლო მესამე – დარეჯან დადიანი.

რაც შეეხება ერეკლე მეფის შვილების რაოდენობას, ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, ერეკლე მეფეს 13 ვაჟი და 11 ქალიშვილი ჰყავდა. ცნობილია ის, რომ გამორჩეულად უყვარდა დარეჯან დედოფალთან შეძენილი ლევანი (ლეონი), რომელიც მრავალი ღირსებით იყო შემკული. სავარაუდოდ, სწორედ ის ეგულებოდა ტახტის მემკვიდრედ, მაგრამ უფლისწული 25 წლის ასაკში საიდუმლოებით მოცულ ვითარებაში გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, საყვარლის ქმარმა მოკლა, მეორე ვერსიით, მოწამლეს, მესამე ვერსიით კი – მიზეზი ავადმყოფობა იყო.

ამ ვერსიებს, მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფო კარის პერიპეტიებსა და პოლიტიკურ ცხოვრებას ,,სარკე” ისტორიკოს აპოლონ თაბუაშვილთან ერთად მიმოიხილავს.

– ბატონო აპოლონ, რას გვეუბნება მატიანე, რამდენი შვილის მამა იყო პატარა კახი?

– 24 შვილი ჰყავდა, რამდენიმე პატარა ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი ვაჟი, თეიმურაზი, სასულიერო პირი გახდა და ისტორიაში ანტონ II კათოლიკოს-პატრიარქის სახელით შევიდა.

– ლევან ბატონიშვილი ქართლში, პაპის, თეიმურაზ II-ის, სასახლეში იზრდებოდა. ეს იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ თეიმურაზ მეფის მემკვიდრედ ითვლებოდა და პაპის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტზე ავიდოდა?

– დიახ, ის იზრდებოდა არა თელავის სასახლეში, სადაც ერეკლე და დარეჯან დედოფალი ცხოვრობდნენ, არამედ ქართლში, პაპა თეიმურაზთან და მის მეორე მეუღლე ანა-ხანუმთან. დედოფალ ანა-ხანუმისგან თეიმურაზს შვილი არ ჰყავდა, ამიტომ ლევანი პაპის სასახლეში გაგზავნეს აღსაზრდელად.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გამორიცხული არაფერია, მაგრამ მაინც საეჭვოა, რომ ქართლის ტახტზე ასასვლელად ლევანს ამზადებდნენ. ქართლის სამეფო ტახტი გიორგი უფლისწულს ეკუთვნოდა და ამ ფაქტს ვერავინ შეცვლიდა.

 უფლისწული ლევანი რომელ სამთავროს განაგებდა?

 მისი სამკვიდრებელი მამული დუშეთი და არაგვის საერისთავო იყო. სხვათა შორის, მან საკანონმდებლო ძეგლიც დაწერა. ამ კანონით მთაში იკრძალებოდა შურისძიება, სისხლის აღება და სამართლის თვითნებურად აღსრულება. ლევანი მოსახლეობას მოუწოდებდა, სახელმწიფო კანონებს დამორჩილებოდნენ.

– მართალია, რომ ლევან ბატონიშვილს მიუძღვის წვლილი მორიგე ჯარის შექმნაში, რომელიც სამხედრო სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმა იყო?

– ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. მორიგე ჯარი 1774 წლის იანვარში დაარსდა, ლევან ბატონიშვილი კი რუსეთიდან 1774 წლის აგვისტოში დაბრუნდა.

 მაშინ ისტორიულ წყაროებში რატომ არის მითითებული, რომ ლევან ბატონიშვილის გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი დაიშალა?

– სანამ ამ საკითხს შევეხები, გეტყვით, რომ ეს გახლდათ რეგულარული ჯარის ნაირსახეობა. მოსახლეობა 12 თვედ იყო დაყოფილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი თვის განმავლობაში ყველა სრულწლოვანი მამაკაცი (მეფეც, ბატონიშვილიც, ფეოდალიც, აზნაურიც და გლეხიც) სამხედრო ბანაკში უნდა გამოცხადებულიყო.

მორიგე ჯარში დაახლოებით 5 ათასი მეომარი იყო, ზოგჯერ – უფრო ნაკლები. იმ დროს ქვეყანაში დაახლოებით 60 ათასი მამაკაცი იყო. თითოეული მეომარი საკუთარი შეიარაღებით, საკუთარი კვებით მიდიოდა ჯარში. თუ მამაკაცი ძალიან გაჭირვებული ოჯახიდან იყო, მისი ერთი თვით გამოკვება და შეიარაღება მის ბატონს ევალებოდა.

ვინც მორიგე ჯარში მონაწილეობდა, გათავისუფლებულნი იყვნენ ე.წ. სურსათის გადასახადისგან, რომელსაც ყველა ოჯახი იხდიდა. თუ იმ თვეში მეფეს, სარდალს, ბატონიშვილს ან ფეოდალს უწევდა მორიგეობა, ის იყო მორიგე ჯარის სარდალი. რომელ თვეშიც მოუწევდა ლევან ბატონიშვილს მორიგეობა, იმ თვეში იქნებოდა მთავარსარდალი.

ლევან ბატონიშვილს მორიგე ჯართან მჭიდრო კავშირი ჰქონდა და მასთან ერთად სხვა ბატონიშვილებზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. ლევანის გარდაცვალების შემდეგ, მის პატივსაცემად, ისტორიაში ჩაიწერა, რომ მორიგე ჯარის სულისჩამდგმელი იყო. გადაჭარბებულად უნდა ჩაითვალოს ისიც, თითქოს მისი გარდაცვალების შემდეგ მორიგე ჯარი დაიშალა.

ლევანი გარდაიცვალა 1781 წლის თებერვალში, ხოლო მორიგე ჯარი 1784 წლამდე ფუნქციონირებდა. შემდეგ რუსული ჯარის კორპუსი შემოვიდა. ქართულ სახელმწიფოს აღარ შეეძლო ერთდროულად მორიგე ჯარიც გამოეკვება და რუსული არმიაც, ამიტომ დროებით გააუქმეს. როცა რუსული ჯარის კორპუსები გავიდნენ საქართველოდან, მორიგე ჯარი აღდგა და საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებამდე ფუნქციონირებდა, თუმცა ისეთი აღარ იყო, როგორიც ლევან ბატონიშვილის ეპოქაში.

 ბატონიშვილის პირად ცხოვრებაზე რა არის ცნობილი?

-დაქორწინდა მდივანბეგ ქაიხოსრო ანდრონიკაშვილის ასულ ნინოზე და საცხოვრებლად არაგვის საერისთავოში გადავიდა. ამ ქორწინებამ ლევანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გააჩინა.

გიორგი ბატონიშვილსაც (შემდგომში გიორგი XII-ს) ანდრონიკაშვილის საგვარეულოდან, კერძოდ კი ქიზიყის მოურავის, რევაზ ანდრონიკაშვილის ასული ჰყავდა ცოლად. რევაზ ანდრონიკაშვილი და ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი კი ერთმანეთთან დაპირისპირებული იყვნენ.

არსებობს მოსაზრება, თითქოს გიორგის სიმამრმა, რევაზ ანდრონიკაშვილმა, თავის სიძეს ტახტი გაუთავისუფლა, მაგრამ ეს სარწმუნო წყარო არ არის.

– არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ საყვარლის მეუღლემ ხანჯლით განგმირა, როდესაც ცოლთან შეუსწრო.

– არსებობს ცნობები, რომ დარდიმანდულ ცხოვრებასაც ეწეოდა და ბანქოში ფულსაც აგებდა. ერთ-ერთი ვერსიით, რომელსაც მე-19 საუკუნის ავტორი ალექსანდრე ორბელიანი გვაწვდის, ის ხანჯლით მოკლა ქალის ქმარმა, რომელმაც ცოლს და ლევან ბატონიშვილს ლოგინში შეუსწრო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როცა ალექსანდრე ორბელიანი ამას წერს, ლევანის გარდაცვალებიდან 60 წელია გასული.

– იმასაც ამბობენ, ერეკლე მეფემ შვილი მანამდე არ დაიტირა, სანამ ცხედარი არ დაათვალიერა და არ დარწმუნდა, რომ მისი საყვარელი ვაჟი უღირსი საქციელის გამო არ იყო მკვდარი.

– ალექსანდრე ორბელიანის ვერსიაა ასეთი, რომ ერეკლე მეფემ დაიფიცა, ლევანს არ დაკრძალავდა, თუ ის ხანჯლით იქნებოდა მოკლული. ამიტომ ერეკლე II-ის ბრძანებით, ლევან ბატონიშვილს ტანსაცმელი გახადეს და სახალხოდ დაათვალიერეს მისი სხეული. როცა მიცვალებულს ხანჯლით მიყენებული ჭრილობა არ აღმოაჩნდა, მეფემ მხოლოდ ამის შემდეგ დაიჩოქა ცხედართან და მწარედ ატირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ლევანი შერმაზან აფხაზმა მოწამლა. ერეკლე მეფემ შერმაზან აფხაზის ოჯახი აიკლო, ყმები და მამული ჩამოართვა, თავად შერმაზანი კი სიკვდილით უნდა დაესაჯა, მაგრამ გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ დამნაშავე არ იყო. მეფე როცა შერმაზან აფხაზის უდანაშაულობაში დარწმუნდა, ყმებიც დაუბრუნა და მამულიც.

არსებობს ასეთი ვერსიაც, თითქოს ლევან ბატონიშვილმა სადილობის დროს ბევრი ორაგული მიირთვა, პრობლემები ამის გამო შეექმნა და გარდაიცვალა.

ერეკლე მეფის ეპოქის ისტორიკოსები ამ ვერსიების შესახებ არაფერს წერენ. ყველა ეს მოსაზრება ლევანის გარდაცვალებიდან 60 წლის მერეა დაწერილი და, ჩემი, როგორც ისტორიკოსის, აზრით, სიმართლეს არ შეესაბამება.

– თქვენი მოსაზრება როგორია ბატონიშვილის გარდაცვალების შესახებ?

– ერეკლე მეფეს ლევანის გარდაცვალების გამო არავინ დაუსჯია. ის მოულოდნელად გარდაიცვალა. ერეკლე მეფის შვილი ვინმეს რომ მოეკლა, იმ დროს ამის გამოძიება ძნელი არ იქნებოდა. ჩემი აზრით, ეს იყო შემთხვევითობა და არა – დაკვეთილი მკვლელობა. მაშინვე ამოქმედდა დასჯის მექანიზმები, მაგრამ ყველა ეჭვმიტანილი გამართლდა. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ გამორიცხული არაფერია.

– სად გარდაიცვალა უფლისწული?

 ლეკებთან ბრძოლის შემდეგ თავისი ამალით ივანე აბაშიძის ოჯახში მივიდა სტუმრად და გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ზუსტი ადგილი დადგენილი არ არის. ერთ-ერთი ვერსიით, სოფელ ვეჯინში გარდაიცვალა, მეორე წყაროს მიხედვით – გურჯაანში.

– სად არის დაკრძალული?

– ანჩისხატის ტაძრის გვერდით კათოლიკოსის სასახლე იყო, რომელსაც პატარა კარის ეკლესია ჰქონდა და იქ დაასაფლავეს. ეს არის დაახლოებით დღევანდელი საპატრიარქოს ტერიტორია. ეს ადგილი იმ დროს ელიტურ უბნად ითვლებოდა. დღეს არც ის ეკლესია არსებობს და აღარც ლევან ბატონიშვილის სამუდამო განსასვენებელი.

– ბოლოს ერთ კითხვას დაგისვამთ. ვის წისქვილზე ასხამდა წყალს ლევან ბატონიშვილის სიკვდილი?

– ლევანი წონადი ფიგურა გახლდათ, ამიტომ მისი სიკვდილი ძალიან გაუხარდათ აღმოსავლეთის ფაშებს. მისი გარდაცვალებით ერეკლე მეფემ დაკარგა ღირსეული მემკვიდრე, რომელიც მის გზას გააგრძელებდა.

“სარკე”

Cesko