ჩაკრულოს“ ოქროს ხმა გარდაიცვალა

0
1244
52 Views

ჩაკრულოს ოქროს ხმა, როსტომ საგინაშვილი გარდაიცვალა. 81 წლის მომღერალი მშობლიურ სოფელ კოლაგში ცხოვრობდა. ის 1940 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. როსტომ საგინაშვილს 2 შვილი, 8 შვილიშვილი და 4 შვილთაშვილი ჰყავს.

1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“, ოქროს ფირფიტა, რომელზედაც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა.

ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, რომელიც დღესაც ისმის გალაქტიკაში, „NASA“-მ კოსმოსში გასაგზავნად შეარჩია, როგორც დედამიწის ვარსკვლავთშორისი გზავნილი უცნობ ცივილიზაციებს.

ორი ქართველი მომღერლის, ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული „ჩაკრულო“, მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი სიმღერა აღმოჩნდა, რომელიც მსოფლიოს 27 საუკეთესო სიმღერასთან ერთად,„NASA“-მ კოსმოსში „ვოიაჯერებს“ გაატანა,

7 წლის წინ, ბ-ნ როსტომს ინსულტი განუვითარდა. „ჩაკრულოს“ ისტორიაზე და ახალ პროექტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმმა“ მისი ქალიშვილის დახმარებით, 2021 წელს ექსკლუზიური და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

– მოგვიყევით, როგორ მოხვდა კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტში, ქართული „ჩაკრულო” 1977 წლის 20 აგვისტოს, კოსმოსურ ხომალდ „Voyager 2“ – ზე?

ამერიკაში, ორჯერ ვარ ნამყოფი, პირველი გასტროლი 1974 წელს იყო, იმ დროს სახელმწიფო ანსამბლში ვმღეროდი. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქვეყანამ ჩემზე.

დიდებული ტურნე გვქონდა, 58 ქალაქში გავმართეთ კონცერტი, „ჩაკრულოს“ ყველგან ვმღეროდით. ჩვენთვის დღემდე უცნობია, კონკრეტულად, რომელ კონცერტზე ნამღერი ჩაწერეს.

სხვათა შორის, დიდხანს არ ვიცოდი, რომ ჩემი ნამღერი „ჩაკრულო“ ჰქონდათ შერჩეული. ის ხომალდები ჯერ გასულიც არ იყო, გავრცელდა ამბავი, რომ „NASA“-მ ქართველების ნამღერი „ჩაკრულო“ კოსმოსში გასაშვებად შეარჩიაო, მაგრამ ვისი შესრულებული იყო, არავინ იცოდა.

1977 წელს შეერთებულ შტატებში, გასტროლზე, ისევ მოგვიწია ჩასვლა. იქ მცხოვრებ ემიგრანტებს ვთხოვეთ, იქნებ ის ჩანაწერი კასეტაზე გადაგვიწეროთ და ამით მაინც გავიგოთ, ვინ მღერიან-მეთქი. სამწუხაროდ, მაშინ ვერ მოხერხდა ამ ჩანაწერის მოსმენა.

ამ ამბიდან, დიდი ხნის შემდეგ, ბ-მა ანზორ ერქომაიშვილმა დამირეკა, ამერიკიდან რაღაც ჩანაწერი ჩამომიტანეს და მინდა მოგასმენინო, ზაქაიძესთან ავიდეთო.

ილია უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. მასთან რომ ავედით, ანზორმა მაგნიტოფონი ჩართო და „ჩაკრულოც“ დაიწყო. ანზორმა ისიც დააყოლა, ეს ის „ჩაკრულოა“, კოსმოსში რომ დაფრინავსო და მკითხა, ხმები ხომ არ გეცნობაო.

მეგონა, მეხუმრებოდა და მეც გავეხუმრე, აბა მე რა ვიცი, ვინ მღერიან-მეთქი. ილიამ საწოლიდან თავი წამოყო და მითხრა – შენ ხომ არ დაყრუვდი, ჩვენს ნამღერს ვეღარ ცნობო? როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ეს ყველაფერი, საოცარი გრძნობა დამეუფლა.

– რა სიხარული იქნებოდა თქვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, როცა გაიგეთ, რომ თქვენ მიერ შესრულებულ „ჩაკრულოს“, კოსმოსში მოუსმენდნენ…

საქართველოში ისე შეხვდნენ ამ ამბავს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ძირითადად, მომღერლების წრეში ტრიალებდა ეს თემა.

საზოგადოებისთვის ამ უნიკალური ისტორიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, დიდი როლი შეასრულა ქართველმა მუსიკოსმა, ფოლკლორისტმა, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილმა და რეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა.

სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ბ-ნი ჯემალ ჭკუასელი და გენერალური მენეჯერი ბ-ნი ოთარ ბლუაშვილი, ყოველთვის უწევდნენ პოპულარიზაციას ამ ფაქტს.

ბ-მა რამაზმა დოკუმენტური ფილმიც გადაიღო „ჩაკრულო“ და 2017 წელს, მისი დიდი მონდომების შედეგად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში „ვოიაჯერების“ გაშვების 40 წლისთავიც აღინიშნა.

ამ საიუბილეო საღმოზე, ოქროს დისკი თვით „Voyager“-ის პროექტის ხელმძღვანელმა – ჯონ კასანმა გადმომცა.

„ჩაკრულოს“ დღესაც უსმენენ კოსმოში…

ის დიდი ხანია გასცდა მზის სისტემის ფარგლებს და როგორც მეცნიერები ამბობენ, მილიონი წლის შემდეგაც კი, როცა მზე და დედამიწა, შეიძლება, საერთოდ აღარ არსებობდეს სამყაროში, ოქროს დისკებზე ჩაწერილი სიმღერები და ინფორმაციები, მომავლის სამყაროს მოუყვება, ოდესღაც არსებულ ცივილიზაციაზე, რომელმაც ასეთი უნიკალური შედევრები შექმნა.

უამრავი შედევრია ჩაწერილი დისკზე, მათ შორის ბეთჰოვენის, ბახის, მოცარტის, სტრავინსკის და სხვათა მუსიკალური ნაწარმოებების სახით.

– მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარებული „ჩაკრულო“, მსმენელში, ყოველთვის დადებით ემოციას იწვევს – ეს ყველაფერი ტექსტის, თუ მუსიკის დამსახურებაა?

ტექსტიც და მუსიკაც უძველესი დროიდან მოდის. პირველად „ჩაკრულო“ ზაქარია ფალიაშვილმა ჩაწერა გურჯაანის რ-ნ სოფელ ვაჩნაძიანში.

„ჩაკრულო“ ყველგან და ყოველთვის, მსმენელის, სრულიად განსაკუთრებულ ემოციას იწვევს. ჩართეთ და მოუსმინეთ ნებისმიერ დროს – მაშინვე რაღაც განსაკუთრებულს იგრძნობთ სხეულში და სულშიც.

აშშ-ში გასტროლების დროს, უდიდეს საკონცერტო დარბაზებში „ჩაკრულოს“ შესრულებისას, მაყურებელი ფეხზე დგებოდა და სიმღერის რამდენჯერმე განმეორებას ითხოვდა, დაუსრულებელი ოვაციით.


Cesko