ელის თუ არა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, საქართველოს ჩათვლით ყაზახეთის ბედი, ახალი დიდი გადანაწილებით

0
1311
49 Views

მიუხედავად იმისა, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა მოახერხა და ყაზახეთის ეკონომიკაც გაამყარა, დასავლური ინვესტიციებიც მოიზიდა, ეთნიკურად რუსი მოსახლეობაც უმტკივნეულოდ შეამცირა, ანბანი შეცვალა, ცხოვრების დონეც გაიზარდა და ენერგორესურსებიც საკმაოდ კარგ პერსპექტივასაც უხსნიდა, ფაქტობრივად, ერთ დღეში სახელმწიფო თითქმის დაიქცა.

უცხო ქვეყნის, ანუ რუსული ჯარიც („ოდეკაბეს“ ეგიდით) შევიდა და რუსული კერძო სამხედრო დანაყოფებიც. მართალია, ამბობენ, ყაზახმა ხალხმა ვერ აიტანა დიქტატურა და დემოკრატია მოსწყურდაო, მაგრამ ეჭვი მაქვს, უბრალოდ, შუა აზიის გადანაწილების საბოლოო ფაზაც დადგა. ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად გავარჩევთ.

– მართლა არაფერს წარმოვადგენთ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისგან შექმნილი სახელმწიფოები? როდესაც დიდი გადანაწილება იწყება, აუცილებელია, დათვლილ წამებში დავიქცეთ, რაოდენ დემოკრატიული, ენერგეტიკული თუ ეკონომიკური წარმატებებიც არ უნდა გვქონდეს?

– როდესაც შემოვიდა ტერმინი „მესამე სამყაროს ქვეყნები“, ეს იმთავითვე ნიშნავდა, რომ ასეთი ქვეყნები დიდი მოთამაშეების ინტერესებს უნდა დაქვემდებარებოდნენ. პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ დელიკატურად მიანიშნეს. ამასობაში კი მესამე სამყაროს ქვეყნებში მოსახლეობისა და ეკონომიკური ზრდის ტემპი არღვევს იმ კანონებს, რომლებიც გულისხმობს მათ მუდმივ კონტროლს მსხვილი მოთამაშეების, ჰეგემონების მხრიდან. ამის მაგალითია ინდოეთი. ეს ისტორიული მოცემულობაა. დემოკრატია, ფაქტობრივად, ბლეფია. ჩერჩილის არ იყოს, დემოკრატია არ არის მართვის საუკეთესო ფორმა, მაგრამ ამაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი მოუგონიაო. იდეაში დემოკრატია – ანუ ხალხის მმართველობა – ცუდი არ არის, მაგრამ მე არ მეგულება ქვეყანა, სადაც იცავენ დემოკრატიის იმ პრინციპებს, რაც მასში თავიდან იყო ჩადებული, მათ შორის, ვგულისხმობ ძველ ევროპასაც, თუმცა ბევრს ლაპარაკობენ დემოკრატიის სიკეთეებზე.

– ძველ საბერძნეთშიც დემოკრატია მხოლოდ თავისუფალი მოქალაქეებისთვის იყო, მონობას კი ნორმად აღიარებდნენ.

– დიახ, ოღონდ ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ არსებობენ დასავლური ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, შეინარჩუნონ მმართველობის ის პრინციპები, რაზედაც დგას დემოკრატიის იდეა. მაგრამ მსხვილ მოთამაშეებს აქვთ თავიანთი ინტერესები და ამ ინტერესებს ატარებენ.

რაც შეეხება ყაზახეთს: ჩვენგან განსხვავებით, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კატაკლიზმა გადავიტანეთ, სახელმწიფოებრიობის იდეა საქართველოში ყოველთვის არსებობდა, რაც ყაზახეთში არასდროს ყოფილა. ყაზახეთი, როგორც რესპუბლიკა, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შეიქმნა მეოცე საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს. მანამდე ჯერ თურქისტანის მხარეში შედიოდა, შემდეგ – რუსეთის ფედერაციაში. ესე იგი, ყაზახებმა მომთაბარეობა მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს მოიშალეს. ამდენად, ის, რაც ნაზარბაევმა შექმნა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან, იყო ხელოვნურად შექმნილ-შეკოწიწებული სივრცე, იმიტომ რომ რუსეთმა თავის დროზე, გარკვეული მოსაზრებების გამო, ყაზახეთს დაუთმო რუსულენოვანი რაიონები, სადაც ყაზახები მომთაბარე ცხოვრებას ეწეოდნენ და არც ითვლებოდა მათ ტერიტორიად, თუმცა არც რუსეთის ტერიტორიად მიიჩნეოდა. ეს იყო კონკრეტული ტომების ტერიტორია, რასაც საძოვრებად იყენებდნენ ყაზახები. შესაბამისად, ეს ხელოვნურად შეკოწიწებული ქვეყანა ეყრდნობოდა კონკრეტულ კლანს, ეს იყო კონკრეტული კლანის შიდა სივრცე. არადა, მართლაც, უმდიდრესი ქვეყანაა ყაზახეთი, საქართველოს ვერც შევადარებთ, მის ტერიტორიაზე მთელი მენდელეევის ტაბულაა. მაგალითად, მსოფლიოს ურანის მარაგის 14 პროცენტი ყაზახეთშია და მოიპოვებენ მსოფლიო ურანის 42 პროცენტს. ყაზახეთი, ფაქტობრივად, ცენტრალური ევროპის სიდიდისაა. ეს ქვეყანა დასახლებული იყო ჭრელი წარმომავლობის ადამიანებით და არც ყაზახებია ერთგვაროვანი ეთნოსი. ჯერ ერთი, ყაზახები შედგებიან სხვადასხვა თურქულენოვანი ტომებისგან, ისინი ერთმანეთს ენობრივად ენათესავებიან, მაგრამ განსხვავებაც ბევრია და ამიტომაც ჩამოყალიბდა ორი რესპუბლიკა: ყირგიზეთი და ყაზახეთი ცალ-ცალკე. ნაზარბაევმა შეაკოწიწა ეს ქვეყანა და იმისთვის, რომ ეთნოლინგვისტური სურათი შეენარჩუნებინა, დაშორდა რუსეთს. თამაშობდა მსხვილ სახელმწიფოებს – დასავლეთს, რუსეთსა და ჩინეთს – შორის. თავის დროზე, ისარგებლა რუსეთის სისუსტით და დაიწყო ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროება; შემდეგ კირილიცა ლატინიცათი შეცვალა, მათ დამწერლობა არ ჰქონიათ და ოდითგანვე, თუ ვინმე განათლებული ყაზახი იყო, კირილიცათი წერდა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ღვთისმეტყველს, რომლებიც არაბულად წერდნენ. ამასობაში კი გაჩნდა მეოთხე მსხვილი ჯგუფი – პოლიტიკური ისლამის ინტერესების გამტარებელი და ისინიც თავიანთი ინტერესების გატარებას ცდილობდნენ ყაზახეთის ტერიტორიაზე, ამას დაემატა თურქეთიც. სხვათა შორის, დიდი თურანის ერთიანობის ერთ-ერთი მედროშე იყო ნურსულთან ნაზარბაევი. ყაზახეთი თურქულენოვანი ორგანიზაციის წევრიც იყო და ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაც. ფაქტია, რომ ასეთ შეკოწიწებულსა და კლანზე დაფუძნებულ ქვეყანას ვერ ექნებოდა მომავალი. ამითაც განსხვავდება საქართველო და ყაზახეთი და სწორედ ამიტომაა, რომ აფხაზებმა, მიუხედავად თავიანთი ფსევდოდამოუკიდებლობისა, ვერაფრით მოახერხეს სახელმწიფო წარმონაქმნის შექმნაც კი.

– სახელმწიფო ცნობიერება არ აქვთ.

– და ამიტომ ვერც მოახერხებენ ვერასდროს. რაკი ყაზახეთში ისეთი მდგომარეობა შეიქმნა, რაც ზემოთ ვთქვი, მსხვილ პოლიტიკურ ქვეყნებს შორის მოთამაშე ყაზახეთმა, საბოლოოდ, იმ შედეგით დაასრულა, როგორც დაასრულა და რაც სავარაუდო იყო. სხვათა შორის, ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყანამ გაიარა ეს ეტაპი და ზოგმა უფრო ადრეც, მაგალითად, ტაჯიკეთმა. თუმცა დღესაც არ არის იქ ნორმალური ვითარება: რახმონის კლანი 21-ე წელია, მართავს და იგივე ბედი ელის, რაც ყაზახეთს და დარწმუნებული იყავით, იგივე მოხდება თურქმენეთშიც.

– მთავარია, იგივე არ მოხდეს აზერბაიჯანში.

– აზერბაიჯანში იგივე არ მოხდება, იმიტომ რომ აზერბაიჯანში კლანური მმრთველობა კი არის, მაგრამ იქ გაფართოებული კლანური მმართველობაა: ამასთან, ბევრად ნაკლები მოსახლეობაა და ბევრად ხელმისაწვდომია სიმდიდრეები. გარდა ამისა, აზიელებისთვის დამახასიათებელია ფეოდალური ელემენტები ვითომ თანამედროვე სახელმწიფო მმართველობაში. ალიევმა არ იცის, რა უბედურება ეწვია იმით, რაც ყარაბაღში მოახერხა.

– მეც პირველი დღიდან მაგას ვამბობ: უფრო დიდ შარში გაყო თავი.

– და კიდევ კარგი, ბოლომდე არ დაიკავა ყარაბაღის ტერიტორია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ აქვს ამ თემაზე სალაპარაკო. საკმარისი იყო, ამოწურულიყო ყარაბაღის თემა, რომ მტრის ხატი გაქრებოდა და მოსახლეობა სხვა მიმართულებით დაიწყებდა ფიქრს. თუმცა იქ სხვა ფაქტორებიც მუშაობს: მაინც შიიტურია აზერბაიჯანი და სხვა ტიპის გენეტიკური მეხსიერება აქვთ იქაურებს. ყაზახები სუნიტები არიან და, აქედან გამომდინარე, თურქებთან ბევრად უფრო ახლო კავშირი აქვთ. მოკლედ, ბევრი ფაქტორის გამო მოხდა ის, რაც მოხდა.

– ანუ ყაზახური არეულობით შუა აზიის დიდი გადანაწილების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა?

– დიახ და ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩინეთი, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკურად ხელში ჩაიგდოს შუა აზია და ამან შედეგი მოიტანა. ყაზახეთმა და უზბეკეთმა მილიონამდე კვადრატული კილომეტრი გადასცეს ჩინელებს ვალში.

– ანუ?

– როგორც რუსეთმა გადასცა. მაგრამ ჩინელების ამბავი თქვენ იცით, როდესაც მოდიან, აღარ მიდიან. გადანაწილება კი მიმდინარეობდა სულ, ოღონდ სხვადასხვა ფორმით: ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან ღრმად შევიდა ყაზახეთში და თუმცა ნაზარბაევი ყველაფერს აკეთებდა, რომ დასავლური ინვესტიცია მეტი ყოფილიყო და ასეცაა: 80 პროცენტამდეა დასავლური ინვესტიცია ყაზახეთის საინვესტიციო პაკეტში, ჩინელებისა და რუსების ფიზიკური წარმომადგენლობა მაინც ვერ შეამცირა. განსაკუთრებით, ჩინელების. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზახეთის მოსახლეობის, სულ მცირე, 35 პროცენტი რუსულენოვანია. რასაკვირველია, ყველაფერი დაიწყო ტრივიალური სოციალური პრობლემით, მაგრამ შემდეგ ამაში ადგილობრივი კლანური კომპონენტი ჩაერთო და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

– ანუ ეს გათვლილი არ იყო წინასწარ და გაზის გაძვირებით ამუშავდა მანქანა?

– ვერ გეტყვით, მაგრამ იგრძნობა, რომ გეგმა არსებობდა. მაგრამ დასაწყისი მაინც მოულოდნელი იყო და ვინც დროზე ჩაერთო პროცესში, ის აღმოჩნდა წარმატებული.

– რუსეთი?

რუსეთი და, თუნდაც, ჩინეთი. თუმცა ჩინეთი დღეს არ ჩანს, დარწმუნებული იყავით, რომ ცოტა ხანში სათავისოდ მიატრიალებს ვითარებას. რუსეთმა, ერთი შეხედვით, რამდენიმე კურდღელი მოკლა: ჯერ ერთი, ყაზახეთში დაბრუნდა სამხედრო-პოლიტიკური წარმომადგენლობით და იქიდან ფეხის გამომდგმელი არ არის და, მეორე, რეგულარული ჯარიც შეიყვანა და კერძო სამხედრო სტრუქტურებიც, ბაიკანურის კოსმოდრომის დაცვის მოტივით. მართალია, რუსეთმა მიაღწია წარმატებას და დაბრუნდა ყაზახეთში, მაგრამ პრობლემაც გაჩნდა: რუსეთი იქიდან წამოიღებს გარკვეულ რესურსს, მაგრამ თვითონაც უნდა დახარჯოს რესურსი და იმ კონფრონტაციისთვის, რაც დასავლეთთან აქვს უკრაინის გამო, იმდენი დრო აღარ ექნება. ესე იგი, ყაზახეთის თემამ რუსეთის მხრიდან უკრაინაზე ზეწოლა შეასუსტა. ორ ფრონტზე ჭიდაობა არ გამოვა, მით უფრო, რომ რუსეთი გარკვეულწილად ჩინეთსაც დაუპირისპირდა: რუსეთის ამოცანა იყო, შეეწყვიტა დიდი აბრეშუმის გზის იმ მონაკვეთების ფუნქციონირება, რომლებიც ყაზახეთზე გადის. მოახერხებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად შეეცდება, რომ იმ ტვირთებმა ისევ რუსეთის ტერიტორიაზე გაიაროს. ტოკაევის რეჟიმის პირობებში კი რუსეთს შეუძლია, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა. თუმცა ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ყაზახეთს აიძულებენ, აღიარონ ყირიმი, თუ ეს მოხდება, მაშინ ყაზახეთის დაშლა კარსაა მომდგარი. ასევე, აუცილებლად დადგება რუსული სამხედრო ბაზის ყაზახეთში განთავსებისა და რუსი მესაზღვრეების მიერ ყაზახეთის საზღვრის იმ მონაკვეთების გაკონტროლების საკითხები, რომლებიც ესაზღვრება დანარჩენ ცენტრალურ აზიას. იმიტომ რომ რუსეთისთვის მთავარი საფრთხეა პოლიტიკური ისლამი, რომლის რუსეთის ტერიტორიაზე ექსპორტის სურვილიც ბევრს აქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთს ყაზახეთთან 1 000-კილომეტრიანი საზღვარი აქვს, რომელიც ცუდად კონტროლდება და ახლა შესაძლებელია ამის შეცვლა.

“თბილისელები”

Cesko