“ომი არავის გვინდოდა 2008-ში და არავის გვინდა არც ახლა, მაგრამ უნდა გვესმოდეს: რუსულ დათვს “ბაბაიას“ დაძახება არ აჩერებს,” – ამის შესახებ ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ჭიაბერაშვილი “ფეისბუქ” პოსტში “ქართულ ოცნებასაც” აკრიტიკებს და წერს, რომ “ქოცური” საქართველოს სიჩუმე ნათელყოფს, რომ რუსეთს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული, არამედ ჩვენი სუვერენიტეტიც.
“ქოცობა სიმხდალის იდეოლოგიაა. 2008 წლის აგვისტოში ქოცებმა საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს. ამ ჩასვრილი სიფათების გაპრავებაა „ომი საქართველომ დაიწყო“ (რუსეთის პირდაპირი აგენტურის მიერ წამოწყებული ამ კამპანიის დამატებით). ომი არავის გვინდოდა 2008-ში და არავის გვინდა არც ახლა, მაგრამ უნდა გვესმოდეს: რუსულ დათვს „ბაბაიას“ დაძახება არ აჩერებს. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს დეოკუპაცია დასავლეთის მიერ რუსეთის დაჩოქებაზე გადის და რომ დასავლურ კოალიციაში ყოფნა რისკია, მაგრამ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისათვის გაწეული რისკი. ქოცური საქართველოს სიჩუმე ნათელყოფს, რომ რუსეთს არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიები აქვს მითვისებული, არამედ ჩვენი სუვერენიტეტიც. საქართველოს ხელისუფლება – სიმხდალის იდეოლოგიით მოქმედი – ქართველი ხალხის ნებას კი არ გამოხატავს, არამედ რუსეთისას: მას არ აქვს უფლება, მხადაჭერა გამოუცხადოს უკრაინას.
რატომ? იმიტომ, რომ ფულს ჭამს. დიდ ფულს. ქართველი ხალხის ფულს. და არ უნდა რაიმე „შარში“ გაყოს თავი. რადგან 2008 წლის აგვისტო ახსოვთ, როდესაც საკუთარი საპირფარეშოების სარკეებში ჩაიხედეს და იქ თავიანთი ჩასვრილი სიფათები დაინახეს. ჩვენი ბედი ახლა ისევე წყდება, როგორც 1709 წელს – პოლტავაში.
ჩვენი არა მხოლოდ მორალური ვალია (უკრაინის პრეზიდენტი 2008 წლის 12 აგვისტოს რუსთაველზე იდგა), არამედ პრაგმატულიც, მსოფლიო დასავლური კოალიციის ნაწილად გვხედავდეს. რადგან როდესაც რუსეთს 1991 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ – ამჯერად კიდევ ერთი შანსის მიცემის გარეშე – დააჩოქებენ და ევროპის რუკას გაშლიან, დნესტრისპირეთის, კენისბერგის, ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის დეოკუპაციასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხიც გადაწყდეს. ეს ასეც მოხდება. სოლიდარობა უკრაინას! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!,” – წერს ჭიაბერაშვილი.