მწერალი მარინა ჭუმბურიძე ქართველი ემიგრანტის სევდიან წერილს ავრცელებს

0
840
46 Views

მწერალი მარინა ჭუმბურიძე, რომელიც იტალიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტის სევდიან წერილს ავრცელებს, სადაც ქალბატონ მარინას თავის ტკივილს უზიარებს:

,,…იქნებ ჩემმა მაგალითმა ვინმე გამოაფხიზლოს და გადაარჩინოს. არ მოვყვები იმ მიზეზებს, რის გამოც გავხდი ემიგრანტი. მეც უამრავი ტანჯვა გამოვიარე…ხელფასს ავიღებდი თუ არა, იმ დღესვე ვაგზავნიდი ჩემს ოჯახში, ჩემთვის მხოლოდ ტელეფონში ჩასარიცხ თანხას და ორიოდე გროშს ვიტოვებდი… ოჯახი ფეხზე დავაყენე. ჩემი დედისერთა ვაჟი დაცოლშვილდა. ბანკში ჩადებული ბინაც დავიხსენი და მეუღლის საფლავიც გავაკეთე…

მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, სულ მარიგებდა, ცოტაოდენი ფული შენთვის მოიტოვეო. ვეუბნებოდი, ჩემი და ჩემი შვილის არც გაჭირვებაა გასაყოფი და არც დალხენა, რად მინდა ჩემთვის-მეთქი. თურმე მწარედ ვცდებოდი…

12 წლის მერე გადავწყვიტე საბოლოოდ წამოვსულიყავი იტალიიდან და ჩემი შვილიშვილებისთვის გავხარჯულიყავი. საჩუქრებით გაიხარა ყველამ და ტკბილადაც შემხვდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, აღარ მივდივარ-მეთქი, პირველი ჩემი ვაჟის აჭარხლებული სახე მომხვდა თვალშში.

„აქ რა უნდა გააკეთო, რომ დარჩე?“. გული ისე მაგრად მიცემდა, მეგონა, ყველას ესმოდა ჩემი გულის ფეთქვა. აღარ შემიძლია, შვილო-მეთქი…

„სანამ შეგეძლო, იტალიელებს ბანე ტრ..ი და როცა მოსავლელი ხარ, ახლა ჩამოხვედი ჩვენთან?“ – მითხრა. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო… ალბათ იტყვით, რატომ არ ვუთხარი, რომ თუ აქამდე სხვას ვბანდი ტ…ს, სწორედ იმით იდგა ფეხზე? რაღა აზრი აქვს, მითხარით, ასეთ უმადურ შვილთან საუბრის გაგრძელებას..

მეორე დილით დავემშვიდობე ოჯახს. იცით, რა იყო ჩემი შვილის გამოსამშვიდობებელი სიტყვები? „აკი, აღარ შემიძლიაო? ტყუილები იტალიაში ისწავლე? წადი! ყველასთვის ასე აჯობებს…’
მინდა, ჩემი მოხუცის სიტყვებით მივმართო თანამემამულე ემიგრანტ ქალებს: საკუთარ თავზე იფიქრეთ! არავინ იცის, როგორ შემოგვიტრიალდება სიკეთე…“.

ქალბატონი მარინა თავის პოსტს ასე ამთავრებს: ,,არ ვიცი, დავწერ თუ არა ემიგრანტებზე მეორე ტომს, მაგრამ ჩემი 800-ზე მეტი მეგობარი წაიკითხავს, ზოგიც გააზიარებს ამ წერილს და წიგნზე არანაკლებ გამავრცელებელი იქნება ეს გვერდი”.

exclusivetv.ge

Cesko