,,ჩემი და მამაჩემის საყვარლის დედამ გააშვილა” – ტყუპმა დებმა ერთმანეთი 46 წლის შემდეგ იპოვეს

December 27, 01:06
0
603

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე

,ვიპოვეთ! 46 წლის ლოდინსა და ძებნას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ყოველთვის მქონდა იმედი, რომ სადღაც იყავი. გრგძნობდი და მაინც გიპოვეთ მე და დედამ”, – დაწერა სოციალურ ქსელში ირმა კოდელაშვილმა.

ირმას დედამ, ნანა კოდელაშვილმა, 1973 წლის 14 სექტემბერს იმშობიარა. არ იცოდა, რომ ტყუპებს ელოდებოდა. პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ სამშობიარო ტკივილები არ შეუჩერდა და გათიშა… როცა გაიღვიძა, გოგონას დედა ხარო, მიახარეს. მოგვიანებით გაიგო, რომ ერთი კი არა, ორი გოგონა გააჩინა. ირმამ  ,,სარკეს” მოუყვა:

– პირველი მე გავჩნდი. 10 წუთის შემდეგ ისევ დაეწყო სამშობიარო ტკივილები და ცუდად გახდა. როგორც გავიგეთ, ვინც ამშობიარა,ის ექიმი ყიდდა ბავშვებს და ეხმარებოდა ბებიაქალი, რომელიც მამაჩემის საყვარლის დედა ყოფილა.

დედაჩემი იცნო და მშობიარობისგან გამწარებულს უძახა თურმე, მოკვდი, ნუ გადარჩები, ნეტავ, ეს ბავშვიც მოგიკვდეს, ისე უნდა გაგამწარო, მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდეო. დედაჩემს გული წასვლია და დასაძინებელი ნემსიც გაუკეთეს… დედა მაშინ 19 წლის იყო… დიდხანს წოლილა საავადმყოფოში. გამოწერისას მოუკრავს ყური ორი ექთნის საუბრისთვის, ეს ის გოგოა, ბავშვი რომ დაუმალესო. იქვე აუტეხია ამბავი, მაგრამ…

წელიწადნახევარი იარა დედამ ავჭალის მე-5 სამშობიაროში, ტიროდა, დამიბრუნეთ შვილიო. მერე კი დავიღალეო, ამბობს. ასე იცხოვრა 46 წელი თავის დიდ დარდთან ერთად, რომ შვილი მოპარეს.

ამ ამბის მერე დედას და მამას ერთმანეთთან ურთიერთობაც გაუფუჭდათ და საბოლოოდ გაშორდნენ კიდეც.

– როგორ მიაგენით დას?

– დედაჩემი 46 წელია ეძებს, მე კი -16 წლიდან. სადაც უნდა წავსულიყავი, სულ ჩემს მსგავსს ვეძებდი. “ფეისბუქზე” ჯგუფში ,,ვეძებ”  ჩემი ისტორიაც დავწერე…

ვნახე პოსტი, სადაც ეწერა, ჩაყარეთ ფოტოები, ვინც 1973 წელს ხართ დაბადებულებიო. დავდე ჩემი სურათი და ავჭალის სამშობიარო მივაწერე. ორი წუთი არ იყო გასული, რომ მომწერა პოსტის ავტორმა, ამას და ამას დაუკავშირდიო. შევედი მის “ფეისბუქზე” და გავოგნდი – ჩემი ასლი მიყურებდა ფოტოებიდან…

16 წლის ასაკში ერთნაირად შეგვიჭრია თმა და ორივეს ქერად შეგვიღებავს. ერთსა და იმავე პერიოდში გავთხოვდით, თითქმის ერთ დროს გავაჩინეთ  გოგონები, მან დეკემბერში, მე – თებერვალში და ორივემ ანა დავარქვით. ჩემს პატარა ბიჭს ნიკუშა ჰქვია და ინგა ამბობს, ბიჭი რომ მყოლოდა, მეც ნიკუშა უნდა დამერქმიაო.

ბავშვობიდან რაღაც სიცარიელეს ვგრძნობდი. ინგაც ამბობს, რომ უცნაურ სიცარიელეს გრძნობდა… შეძლებულ ოჯახში, ფუფუნებაში გაზრდილა. ძალიან კარგი მშობლები ჰყოლია. თვითონ ექიმია. დედაჩემიც მანუალური თერაპევტია. მეც მანუალური თერაპევტი ვარ და ინგაც ჩვენს კვალზე წასულა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko