„კომედი შოუს” მსახიობი ლაშა გაბუნია რამდენიმე თვეა რაც ჯანმრთელობის პრობლემებს ებრძვის. ხუთი წლის წინ ავარიის დროს მიღებულმა ტრავმამ წლების შემდეგ იჩინა თავი და მსახიობს ხერხემალზე რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. მათ შორის ერთ-ერთი ივლისში, თურქეთში ჩაუტარდა. მაშინ საზოგადოება გაერთიანდა, რომ ლაშასთვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა შეეგროვებინათ.
„ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. სკეტჩებში ვმონაწილეობ, გარეგნულად არაფერი მეტყობა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა მჭირს შინაგანად. ამ ეტაპზე ფინანსური დახმარება აღარ მჭირდება, ალბათ ძველი პოსტები ზიარდება სოციალურ ქსელში. მანამდე ძალიან მძიმედ ვიყავი, ახლა რეაბილიტაციას გავდივარ, მაგრამ ისე არ არის საქმე, რომ განცხადება გამოქვეყნდეს.
ეს ტრავმა ხუთი წლის წინ მომხდარი ავარიის შედეგი იყო, მაგრამ მაშინ გამოვჯანმრთელდი, შემდეგ განვითარდა ნელ-ნელა. ექიმებმა მითხრეს, რომ ფეხბურთიდან გამომდინარე არ ყოფილა, ავარიის შემდეგ განვითარდა მალულად. ზურგის ტვინზე მქონდა თიაქარი, რთული ოპერაცია იყო, თორემ თიაქარის ოპერაცია ზოგადად საქართველოშიც კეთდება. წელს ქვევით მოწყვეტაზე იყო საუბარი.
ჯერჯერობით სამსახურში დავდივარ, სკეტჩებშიც ვმონაწილეობ. ახლაც ვიქნები ეთერში წინასაახალწლო დღეებში”, – განუცხადა “ამბებს” ლაშა გაბუნიამ.
წყარო: ambebi.ge