„მილიონნახევრიან ქალაქში რომ 50 ათასი კაციც ვერ გამოგყავს ქუჩაში, ეს უკვე სიმპტომია“

December 25, 22:23
0
430

„მილიონნახევრიან ქალაქში რომ 50 ათასი კაციც ვერ გამოჰყავს „ნაცმოძრაობას“ ქუჩაში, ეს უკვე სიმპტომია. ამას არ სჭირდება სპეციალური მარშრუტები და რეგიონებიდან ხალხის წამოყვანა. მილიონნახევრიანი ქალაქია თბილისი“, – აცხადებს for.ge- სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

სააკაშვილი ტაქტიკას ცვლის და მძიმე ავადმყოფად ცდილობს თავის წარმოჩენას. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება რეკომენდაციას სთავაზობს „ნაცმოძრაობას“, რომ ეს პარტია უნდა დავიწროვდეს, ახალი თაობის „ნაციონალები“ დარჩნენ პოლიტიკაში, ხოლო „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის შემქნელებმა – სააკაშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ პასუხისმგებლობა აიღონ. როგორ ფიქრობთ, ამისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, რომ სხვებს დაუთმოს ასპარეზი?

– ილარიონოვმა პირდაპირ დაწერა და მეც ვეთანხმები, რომ შეცდომა იყო საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა. შეიძლება, პარალელები გაგვახსენდეს 2008 წლის ომთან მიმართებით, როცა სააკაშვილის გარემოცვას ეგონა, რომ რუსეთი ჩუმად იქნებოდა. ახლაც კიევში რომ ჩადიოდნენ საქართველოდან სააკაშვილის თანამოაზრეები, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ სააკაშვილს.

სხვათა შორის, თემურ ალასანიამაც საყვედური ვერ დაფარა სააკაშვილის თანამოაზრეთა მიმართ, უკრაინაში მიშასთან რომ ჩადიოდნენ, საქართველოში დაბრუნებას ურჩევდნენ, ქართველი ხალხი გელოდებაო.

– დიახ, მას არწმუნებდნენ, ჩამოდი და მთელი საქართველო გამოვაო. ამიტომაც იყო, სააკაშვილი რომ გამოვიდა სიტყვით, რას ამბობდა? ქართველი ხალხი მეც გამათავისუფლებს და საქართველოსაცო. საქართველოს გათავისუფლება არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ქართველი ხალხი რომ დღე და ღამე არ ოცნებობს, ესეც ფაქტია. რეგიონებს დავანებოთ თავი, მილიონნახევრიან ქალაქში რომ 50 ათასი კაციც ვერ გამოგყავს ქუჩაში, ეს უკვე სიმპტომია. ამას არ სჭირდება სპეციალური მარშრუტები და რეგიონებიდან ხალხის წამოყვანა, მილიონნახევრიანი ქალაქია თბილისი.

სააკაშვილი რატომ ენდობოდა საქართველოდან ჩასულ ადამიანებს, ვინც მას არწმუნებდა, დაბრუნებულიყო სამშობლოში? რატომ არაფერს უჯერებდა დედამისს, რომელმაც ერთხელ სინანულით აღნიშნა კიდეც, კარგა ხანია, ჩემი შვილი არ მიჯერებსო? გიული ალასანია უფრო სიმართლეს არ ეტყოდა? ალასანიამ ხომ კარგად იცოდა, რა განწყობაც იყო სააკაშვილის მიმართ ქართველ ხალხში? ან ოჯახის სხვა წევრებთან რატომ არ ამოწმებდა ინფორმაციას? მით უმეტეს, რომ ახლახანს გამართულ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა არც დამალა, ყველაზე მეტად სანდრას ვენდობიო.

– ადამიანი უფრო უჯერებს იმას, რისი გაგონებაც უნდა. ეს ფსიქოლოგიური მომენტია. ასევე მოხდა აგვისტოს ომის წინა პერიოდშიც. სად იყო გენშტაბი მაშინ? მაშინდელი გენერალური შტაბი რატომ არ აგებს პასუხს? ახლაც ვიღაცები არწმუნებდნენ, ჩამოსულიყო. დღეს ნანობს თუ არა საქართველოში ჩამოსვლას, არ ვიცი, მასთან არ მისაუბრია.

ყოველ შემთხვევაში, ფსიქოლოგიური პრობლემების მოტივით გათავისუფლება მისი შემდგომი კარიერისთვის და ზოგადად, მისი იმიჯისთვის კარგი არ უნდა იყოს. უღირს კი საერთოდ ამ მოტივით დახსნა საპყრობილიდან?

– ჯერ ერთი, არავინ არ იცის, სამომავლოდ სააკაშვილის ჯანმრთელობა როგორი იქნება. ზოგიერთ ექიმს თუ დავუჯერებთ, ძალიან დიდხანს დასჭირდება მკურნალობა, ბოლოს და ბოლოს, მიშა 27 წლის ხომ აღარ არის? 54 წლისაა, უკვე ასაკშია. პოლიტიკოსისთვის ეს ასაკი არაა, მაგრამ, თუ ბრძოლას აპირებს, იქ უკვე ასაკია მნიშვნელოვანი. მისი გათავისუფლების ერთადერთ ვარიანტად მეჩვენება უკრაინისთვის მისი გადაცემა, რადგან უკრაინის მოქალაქეა. თუ ამ ხელისუფლებას მართლაც უნდა შერიგება, უბრალოდ შერიგება არ ხდება. იმ დღეს გაიხსენეს ნელსონ მანდელა და სისულელეებს ლაპარაკობდნენ, სინამდვილეში, ნელსონ მანდელა ჯერ გაათავისუფლეს და მერე მოხდა შერიგება, უკრაინაში იულია ტიმოშჩენკო და 5 კაცი იანუკოვიჩის ციხეში ისხდნენ და მერე მოხდა უსისხლოდ ხელისუფლების შეცვლა. თუკი სააკაშვილი უნდა გადასცენ უკრაინას, მისი გადაცემა აქტივში არ ჩაეთვლება მოქმედ პოლიტიკოსს, ანუ სააკაშვილს. ე.ი. ეს ნიშნავს, რომ შეწყალებით გაათავისუფლებენ სააკაშვილს. ისე, მანდელაც შეწყალებით გათავისუფლდა და იულია ტიმოშჩენკოც. მანდელა იმის მერე პრეზიდენტად იქცა და დღემდე ლეგენდად რჩება.

შერიგების გზა მაინცდამაინც სააკაშვილზე უნდა გადიოდეს? ბევრი ადამიანისთვის, ვინც სააკაშვილის რეჟიმის სიმძიმე იწვნია, სააკაშვილი დამნაშავეა, რომლის რეჟიმიც ადამიანის წამებაზე იდგა.

– მოდით, ასე ვთქვათ, 11 იანვარს არის ხაზარაძე- ჯაფარიძის უკანასკნელი პროცესი. 11 იანვარი იქნება წყალგამყოფი, თუ ხაზარაძე- ჯაფარიძე გაუშვეს ციხეში, ე.ი. არავის არ უნდა შერიგება. ხელისუფლებისთვის ეს იქნება პირველი ტესტი, როცა შეუძლიათ პირობითი სასჯელი მისცენ, მილიონი რამ შეიძლება გაუფორმონ იურიდიულად ხაზარაძე- ჯაფარიძეს, მაგრამ თუ მათ ციხე მიუსაჯეს 9-დან 11 წლამდე და გვარამიაც თუ მიაყოლეს, მაშინ შერიგება გამორიცხულია. შერიგება ჩვენთან გადის ხელისუფლებაში ყოფნა-არყოფნაზე. იგივე ნელსონ მანდელა გამოუშვეს ციხიდან იმიტომ, რომ იცოდნენ, აპარტეიდი ქრებოდა, მაშინ პიტერ ბოტა პრეზიდენტი იყო, მანდელა რომ შეიწყალა, თქვა, მორჩა, აპარტეიდის დრო წავიდაო. მთელი მსოფლიო იყო ამის წინააღმდეგი. თანაც, მანდელა ტერორისტი იყო, ეს დამტკიცებული ფაქტია, ეჭვი არავის ეპარებოდა ამაში. სააკაშვილმა ექვსი წელი მოიხადოს სასჯელიო, მაგრამ ექვსი წლის შემდეგ არ დაუმატებენ სასჯელს?

ის მანდელა იყო და ეს სააკაშვილი, მანდელამ მთელი სამყარო შეცვალა და ციხეშიც მეტი ავტორიტეტი მოიპოვა, ისევე ებრძოდა თეთრკანიანთა ბატონობას, როგორც შავკანიანთა მხრიდან ჩაგვრას… რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, შერიგების შესახებ მისი ინიციატივა დამოუკიდებელია?

– ზურაბიშვილი დამოუკიდებელია. დღევანდელი პოლიტიკური ლიდერებიდან ის ერთადერთია, რომელსაც უკან დასახევი სათადარიგო აეროდრომი აქვს. ის ევროპელია, საფრანგეთის მოქალაქეა, არც მგონია, პრეზიდენტობის ვადა რომ გაუვა, საქართველოში დარჩეს საცხოვრებლად. შეიძლება ჩამოვიდეს ხოლმე საქართველოში, რადგან ეგ უკვე გენეტიკურად ევროპელია, ანუ ეთნიკურად ქართველი ევროპელია. აგერ ლონდონის მერი ეთნიკური პაკისტანელია, ლონდონელებმა, ყველაზე კონსერვატიულმა ხალხმა მსოფლიოში, აირჩიეს პაკისტანელი მერად. ზურაბიშვილიც ასეა, მას დიდად არ ადარდებს, რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული „ოცნების“ ლიდერებს. სალომემ რამდენჯერმე დაამტკიცა, რომ ის ხორკლიანია „ქართული ოცნებისთვის“. არ გამოვრიცხავ იმას, „ოცნების“ ბევრი ლიდერი ნანობს კიდეც მის არჩევას, მაგრამ მაშინვე უნდა სცოდნოდათ, რომ ეგ ქალბატონი არ იქნებოდა მორჩილი, ელასტიური. როგორც ფიქრობს, ისე ლაპარაკობს და, როგორც საჭიროდ თვლის, ისე იქცევა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკან რომ წაიღოს თავისი სიტყვები სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – „არა და არასოდეს“, მისთვის ხომ წამგებიანი იქნება? მით უმეტეს, გირგვლიანის გარდაცვლილი დედა ახსენა და საქართველოში გარდაცვლილებს ტყუილად არ ახსენებენ.

– რასაკვირველია, წამგებიანი იქნება, ამიტომაც არა მგონია, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, სააკაშვილი შეიწყალოს. ელემენტარულად, სააკაშვილის სასამართლო პროცესები რომ დამთავრდება, მაშინ შეიძლება გადაეცეს უკრაინას. ასეთი ფაქტები საერთაშორისო ცხოვრებაში ყოველდღე ხდება. რაც შეეხება ციხეში ზურაბიშვილის მიპატიჟებას მარგველაშვილის მხრიდან, გამორიცხულია, სააკაშვილთან ციხეში ზურაბიშვილი არ მივა. თუმცა პოლიტიკაში არასოდეს თქვა არასოდეს. შეიძლება, მე ვცდები, ნოსტრადამუსი არ ვარ.

უკრაინასაც თითქოს არ უნდა სააკაშვილის მიღება. იქაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა სააკაშვილის მიმართ. რადა-ს დეპუტატი გოლუბოვი ამბობს, რომ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ფულით სააკაშვილმა უკრაინაში ჩაიყვანა სოფო ნიჟარაძე, მანქანები უყიდა თავისი დაცვის ბიჭებს და უკრაინელ ბიზნესმენებს ფულს სძალავდა…

– ეგ დეპუტატი არ არის მმართველი პარტიიდან, ეგ ზელენსკის მოწინააღმდეგეა. გარდა ამისა, დღეს თვითონ ზელენსკის და უკრაინის რეალურ მმართველებს არ სცხელათ საამისოდ, დღე დღეზე ომს ელოდებიან რუსეთთან, მათთვის დღეს პრიორიტეტი არაა სააკაშვილი. ზოგადად, უკრაინას უნდა თუ არ უნდა სააკაშვილი, არ არის მთავარი, მანდ პრეცენდენტის ამბავია, სააკაშვილი მათი მოქალაქეა. უკრაინის ნებისმიერი პრეზიდენტი ვალდებულია, თავის მოქალაქეებზე იზრუნოს. ეს მისი რეიტინგიცაა. ზელენსკის პირველი განცხადება ასეთი იყო, სააკაშვილი რა იყო, არ მაინტერესებს, ჩემთვის გადამწყვეტია, რომ ის უკრაინის მოქალაქეა და როგორც ყველა უკრაინელ მოქალაქეზე ვიზრუნებდით, ასევე ვიზრუნებთ სააკაშვილზე. როდესაც სააკაშვილის პროცესები ჩაივლის, იანვარი გაივლის, ერთ თვეში თუ მოხდა შეთანხმება რუსეთსა და ამერიკას შორის და განიმუხტა სიტუაცია, მაშინ ზელენსკი მოიცლის სხვა საკითხებისთვის, მაგრამ დღეს სასწორზე დევს დამოუკიდებელი უკრაინის ყოფნა-არყოფნა. დღეს სააკაშვილის გამოხსნა ზელენსკისთვის პრიორიტეტი არაა. თვითონ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტად გახდომის პირველსავე დღეებში ზელენსკიმ სააკაშვილს აღუდგინა მოქალაქეობა, შემთხვევითი არ არის. გარდა ამისა, პოროშენკოს ყველა შეურიგებელი მოწინააღმდეგე ზელენსკის მოკავშირეა. თუმცა უკრაინაში ცუდი დროა ახლა.

წყარო: https://for.ge/

Cesko