ცუდი სიტყვები თუ წამომცდება, შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი – რას ჰყვება შვილზე და როგორი დედაა თეა წულუკიანი

December 25, 16:37
0
243

საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის დღეში” დედობაზე, 4 წლის ქალიშვილთან, მერიკოსთან ურთიერთობაზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ შეეგუა გოგონა დედის სამსახურში გასვლას.

“მერიკო იყო ორი თვის, როცა დავასრულე დეკრეტული შვებულება და გავედი იუსტიციის სამინისტროში. დამეხმარა ექიმების, ფსიქოლოგების და გამოცდილი დედების აზრი, როგორ უნდა მომერგო ერთი მეორესთან. მე ყოველთვის ვიყავი საღამოს რვაზე მასთან და შაბათ-კვირას. ასე ვიცხოვრეთ სამი წელი, რამაც გააჩინა დედა-შვილის მიჯაჭვულობის ძალიან მნიშვნელოვანი განცდა”, – ამბობს წულუკიანი.

რიტუალები მერიკოსთან შეხვედრისას

“ჩვენ გვაქვს ჩვენი რიტუალები, დაწყებული იქედან თუ როგორ უნდა შევიდე სახლში. მას უყვარს, როცა ხმაურიანად შევდივარ სახლში და შემომეგებება. საღამოს თამაში ნაკლებად გამომდის, ეს ჩემს ნერვულ რესურსს სცილდება. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ბევრს, რა მოეწონა დღის განმავლობაში, რამ გააღიზიანა და ა.შ.

როცა რაღაც არ მოეწონება, ყოველთვის მეკითხება. ამას წინათ, რაგბის მოედანზე ვიყავი კაცებთან ერთად, როგორც ჩანს, ამას მოჰკრა თვალი და საღამოს, კარგად გამომკითხა: ამდენი ბიძია რომ იდგა სტადიონზე, შენ იქ რას აკეთებდიო, გაუკვირდა”, – ამბობს მინისტრი.

მერიკო და დედის სამსახური

“ჩემი სამსახური არის ის, რასაც ჩემი შვილი ვერ იტანს. თუ მას რამის სიძულვილი შეიძლება ჰქონდეს, არის ჩემი სამსახური. დღეს მეუბნებოდა, რომ ეს სამინისტრო ის სამინისტრო არ არის, სადაც ადრე დავდიოდითო და მომიწია, ამეხსნა, რომ არსებობს რამდენიმე სამინისტრო” – აღნიშნავს წულუკიანი.

არის თუ არა თეა წულუკიანი მკაცრი დედა

“მასთან მკაცრი ვერ ვარ, თუმცა მშვიდი და მეგობრული ტონით ვცდილობ, რომ „წითელი ხაზები” დავადგინო, იმისთვის, რომ იცოდეს, რა შეიძლება და რა – არა. მან იცის, რომ ცუდი სიტყვების თქმა ცუდია. თუ მე წამომცდება ხოლმე, და ასე საკმაოდ ხშირად ხდება, ის შენიშვნას მაძლევს და ბოდიშს ვიხდი”- ამბობს თეა წულუკიანი.

Cesko