ირაკლი ლეჟავას და კიდევ 6 ქართველს ათენის სასამართლო ასამართლებს

December 24, 10:26
0
117

ირაკლი ლეჟავას ახლობლებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ბრალდებით დააკავეს საბერძნეთში ცნობილი ქართველი კანონიერი ქურდი. კურიერმა ათენის პოლიციის მიერ დაკავებული სხვა ქართველების ვინაობებიც გაარკვია. საქართველოში მყოფი მათი ახლობლები დაკავების ფაქტს არ უარყოფენ, თუმცა მომხდარს გაუგებრობას უკავშიურებენ.

ათენის სასამართლო საქართველოს შვიდ მოქალაქეს ორგანიზებული დანაშაულის, მასობრივი ძარცვისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ასამართლებს. ჯგუფის წევრები საბერძნეთის პოლიციამ რამდენიმე კვირის წინ ათენის პროკურატურის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააპატიმრა. ოპერაციაში ჩართული იყო ევროპოლიც.

„დაკავებულია კრიმინალური დაჯგუფების 6 წევრი და მათი მეთაური, ე.წ. კანონიერი ქურდი. ისინი წარმოადგენენ ქართული მაფიის ორგანიზებულ ჯგუფს. ეს ჯგუფი პასუხისმგებელია სხვადასხვა რაიონში 40-ზე მეტ ძარცვასა და ქურდობაში“ – აცხადებს ბერძენი პროკურორი.

ბერძენმა სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ანტიკვარული ნივთები, ძვირფასეულობა, სხვადასხვა სახის ტექნიკა და ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი დიდი ოდენობით თანხა. პოლიციის ინფორმაციით, ქართველების ამ კონკრეტული ჯგუფის მიერ კრიმინალური საქმიანობით მიღებული სარგებელი 194 ათას ევროს აჭარბებს.

„აღნიშნული ჯგუფი კანონიერი ქურდის მეთაურობით ათენის გარეუბნებში 2020 წლის ზაფხულიდან მოქმედებდა. წინასწარ უთვალთვალებდნენ და არჩევნდნე მდიდარ ოჯახებს. ისინი დაკავებულნი იყვნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვცებული ფულის გათეთრებით. ნაძარცვთან ერთად ჩხრეკისას ამოღებულია ნარკოტიკები და უკანონო იარაღი“, – აცხადებს საქმის გამომძიებელი.

იუზა სოფრომაძე, ჯამბულ ჩხაიძე, კახაბერ ბზიკაძე, ფირუზ ფალავანდიშვილი, ლაშა ფალავანდიშვილი, აკაკი ჩხენკელი – საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი ეს ჯგუფი ახლა ათენის სასამართლოს განაჩენის მოლოდინშია. მათთან ერთად მოსამართლის ვერდიქტს ელოდება კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავაც, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ლაზარეს სახელით იცნობენ.

Cesko