გარდაცვლილი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის შვილი, თორნიკე დავითაშვილი მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს და ადასტურებს, რომ 2003 წლამდე სააკაშვილი მის დაბადების დღეებს ესწრებოდა, ჩუქნიდა სათამაშო თოფებს, მაისურებს, თუმცა, წლების შემდეგ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა და თორნიკეს მცდელობის მიუხედავად, ნახვის სურვილი არ გამოუჩენია.
„სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მიხეილ სააკაშვილი ჩემი ნათლიაა. 1999 წელს დავიბადე. მაშინ მამაჩემი და მიხეილ სააკაშვილი თანამოაზრეები იყვნენ. მამაჩემი „ნაციონალური მოძრაობის“ თანადამაარსებელია, შესაბამისად, არც არის გასაკვირი მეგობრებს შორის ნათელმირონობის სურვილი.
სულ 2 ნათლია მყავს, პირველი, ყველაზე ცნობილი მიხეილ სააკაშვილია, რომლითაც დიდად არ ვამაყობ. ძალიან დიდხანს ვითხოვდი, გადანათვლა არ არსებობს-თქო?! არ არის მარტივი, როდესაც ასეთი ნათლია გყავს.
მეორე ნათლიათი უფრო ვამაყობ, ნონა წოწორიაა. ის სტრასბურგში იყო საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლე ბევრი წელი და საქართველოსთვის ბევრი აქვს ნაბრძოლი. მას მამაჩემის მოკვლა ნამდვილად არ უცდია.
სააკაშვილის მხრიდან არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ ყოფილა. ბავშვობაში მქონდა სურვილი, მას ერთხელ დავკავშირებოდი, მინდოდა მყოლოდა ცხოვრებაში მეტი ადამიანი, ვისაც ვუყვარვარ, ნათლიის დღე მიმელოცა და პასუხი არ ყოფილა. მივხვდი, რომ ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაცია არ იქნებოდა, აღარც მაქვს სურვილი“, – განაცხადა თორნიკე დავითაშვილმა გადაცემაში „ჩაი“.