„ჭამდნენ და აყურებინებდნენ, საკვებს თავზე ასხამდნენ“ – ომბუდსმენმა ნინოწმინდის პანსიოთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

December 23, 21:41
0
604

ომბუდსმენმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია დასჯის ის მეთოდები, რომლებსაც პანსიონის აღმზრდელები იყენებდნენ.

სახალხო დამცველის ცნობით, პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები აღმზრდელების მხრიდან სისტემატურ ძალადობაზე მიუთითებენ – ექვსი მათგანის მიმართვის საფუძველზე სახალხო დამცველის აპარატმა ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო.

ანგარიშის მიხედვით, პანსიონში ძალადობის სხავადასხვა ფორმა გამოიყენებოდა – ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების “მომზადება” სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები – “აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის”. ანგარიშის მიხედვით, ამ ფორმით პასუხებს იღებდნენ მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავს კითხვას არ სვამდა.

პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ.

ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა.

ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა.

როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ.

აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: “საქონელი”, “ქუჩიდან მოთრეული”, “დედისგან მიტოვებული”.

ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა.

დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება.

არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც.

ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა.

ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას.

ანგარიშში აღნიშნულია, ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები – სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე.

ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც აპარატმა ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო და პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით მოუწოდებდა, რომ დაება.

ანგარიშში ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, პანსიონში არაერთი გამოწვევა რჩება

Cesko