ძმა საფრანგეთში, და კი იტალიაში დაიღუპა – და-ძმის ცხოვრების ტრაგიკული დასასრული

December 23, 17:11
0
97

საქართველოს მოქალაქე, რომელიც საფრანგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა, საზღვარგარეთ სამუშაოდ იყო წასული.

როგორც ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ზემოხეთში, სერგო კოტრიკაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში აღნიშნავს, მამუკა ნიკოლაიშვილსა და მის თანამგზავრს ავტომობილი გზაში გაუფუჭდა, რა დროსაც უკან მიმავალი ავტომობილი შეეჯახათ და სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზი.

„წასული იყო სამუშაოდ ეს ბიჭი, მეორედ თუ მესამედ, მანქანა გაუფუჭდათ გზაში და ავტომობილის შეკეთების დროს უკნიდან მანქანა დაეჯახათ. მამუკა ადგილზე გარდაცვლილა, მეორე პირი კომაში ჩავარდა, თუმცა ის გამოვიდა მდგომარეობიდან. ისიც საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა სერგო კოტრიკაძე.

გარდაცვლილს, საქართველოში ოჯახის წევრი მხოლოდ დის შვილი დარჩა, თავად და კი სამი წლის წინ იტალიაში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

„ამ ბიჭს მშობლები გარდაცვლილი ჰყავს, 22-23 წლის დის შვილი ჰყავს, რომელიც გათხოვილია ქუთაისში. მისი და იტალიაში იყო და ერთ დღეს კორპუსის წინ, ასფალტზე იპოვეს გარდაცვლილი. გადმოვარდა თუ რა ქნა, კაცმა არ იცის, არაფერი გაირკვეულა“, – განაცხადა სერგო კოტრიკაძემ, „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

საქართველოს მოქალაქის ქვეყანაში გადმოსვენების პროცესში უკვე ჩაერთო საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Cesko