როგორ მოემსახურა კახა ბასილიას ვლადიმირ პუტინი – “პიონერთა ბანაკიდან გამოქცეულ ბავშვს ჰგავდა…”  

December 22, 06:53
0
282

კარატესა და საბრძოლო ხელოვნების ლიდერ კახა ბასილიას თავის ნახევარსაუკუნოვან, ნაირფერ ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ გადახდა. კარიერის დასაწყისიდან დღემდე მრავალი ჯურის და ყაიდის ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა.

ის პირად გამოცდილებას ,,სარკის” მკითხველებს ყოველთვის სიამოვნებით უზიარებს. ამჯერადაც თავისი ცხოვრებიდან შთამბეჭდავად გვიყვება ეპიზოდებს, რომლებიც ფილმის სიუჟეტადაც კი გამოდგებოდა.

– 1993 წელსცგავემგზავრე მოსკოვში და იქ ჩემს სფეროში, კარატეში, შევუდექი საქმიანობას. დავგეგმე მასშტაბური, საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც იქნებოდა პირველი მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. საჭირო იყო დიდი თანხის მოძიება.

მაშინ რუსეთში ბევრი ქართველი ბიზნესმენი მოქმედებდა, კრიმინალი თუ არაკრიმინალი. ზოგადად, ბიზნესმენები დაინტერესებული იყვნენ ფინანსური ქველმოქმედებით, ამით ფულსაც ათეთრებდნენ. 90-იანი წლების რუსეთში ფულის შოვნა რთული არ იყო, თუ ჭკუა გქონდა. კრიმინალური ცხოვრება ბობოქრობდა: ერთ სეზონზე შეიძლებოდა მილიონერი გამხდარიყავი, მეორე სეზონზე კი ვინმეს მოეკალი.

შევხვდი ორ ძმას, ქართველ ებრაელებს, რომელთაც სანკტ-პეტერბურგში ჰქონდათ მსხვილი ბიზნესი (გვარის დასახელებისგან თავს შევიკავებ), პროექტი გავაცანი. რამდენიმე ხანში დამირეკეს:

– შენი პროექტით დავინტერესდით, ჩამოდი ჩვენთან, მოვილაპარაკოთ.

გავემგზავრე სანკტ-პეტერბურგში. დამხვდა მათი მძღოლი, დამაბინავა სასტუმროში და მითხრა, ერთ საათში შეხვედრა გაქვთო. ებრაელ ძმებს უნდა შევეხვედრებინე ანატოლი სობჩაკთან, მათ ბიზნესპარტნიორთან. სობჩაკი იმხანად სანკტ-პეტერბურგის მერი გახლდათ. გზაში ძმებმა მითხრეს:

– ასეთი იდეა გვაქვს: სობჩაკი შეყვარებულია საქართველოზე და უნდა, ამ ქვეყანასთან რაც შეიძლება მეტი შეხება ჰქონდეს, პირად საუბარში არაერთგზის გამოუთქვამს სურვილი, ქართველი სიძე ჰყავდეს. მისი უფროსი ქალიშვილი, მარინა (პირველი ქორწინებიდან), შენი ასაკისაა. ანატოლის წარვუდგენთ შენს თავს, როგორც სასიძოს. ჭკვიანი კაცი ხარ, სპორტსმენი, პერსპექტიული, არ სვამ, არ ეწევი… მისთვის კარგი ვარიანტია, შენც წაგადგება და საერთო საქმესაც, შენ იაქტიურე და დანარჩენი ვნახოთ!

წამომიყენეს პირობა, რომ ყველა ღონისძიება, რასაც დამიფინანსებდნენ, ჩამეტარებინა სანკტ-პეტერბურგში. შესაძლო იყო ქალაქის სპორტის ხელმძღვანელის თანამდებობაზეც წარვედგინე.

ანატოლი სობჩაკმა თავის კაბინეტში თბილად მიგვიღო. პროექტიც ძალიან მოეწონა, რომელიც ითვალისწინებდა იაპონიის ნაკრების ჩამოყვანას და საპატიო სტუმრის სტატუსით საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ჰოლივუდის რომელიმე კინოვარსკვლავის მოწვევას.

– სანამ რესტორანში წავალთ, აქვეც აღვნიშნოთ, – აღფრთოვანებულმა სობჩაკმა თავისი თანაშემწე გამოიძახა.

შემოვიდა ახალგაზრდა, გამხდარი კაცი. სობჩაკმა მას კონიაკის მოტანა დაავალა. ერთ-ერთმა ებრაელმა ძმამ, კოსტიამ, თავის მხრივ, იმ კაცს ფული ჩაუჯიბა, წვენები და რაღაცებიც მოაყოლეო. სანამ თანაშემწე გავიდოდა, კოსტიას ვუთხარი, ბარემ ყვავილებიც წამოიღოს, ფულს გადავიხდი-მეთქი (თაიგული მარინასთვის მისართმევად ვიგულისხმე, თუ მოვიდოდა).

ახალგაზრდა კაცი, რაღაცების მოტანა რომ დავავალეთ, აღმოჩნდა ვლადიმირ (ვოვა) პუტინი, მაშინ მერის თანაშემწედ მუშაობდა. ერთი შეხედვით, წყნარი, უბრალო ადამიანი ჩანდა, ვერც ინტელექტს შეატყობდით და ვერც ეშმაკობას. შეიძლება ითქვას, პიონერთა ბანაკიდან გამოქცეულ ბავშვს ჰგავდა…

პროდუქტები რომ მოიტანა, არც დამჯდარა, ფეხზე იდგა და ელოდებოდა, კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთო, სანამ სობჩაკმა არ ანიშნა, გადიო.

მომდევნო წლებში პუტინი უშიშროების სამსახურის უფროსად დანიშნეს და ხალხის დაპატიმრება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც დააკავა, ქართველი ებრაელი კოსტია იყო, რომელმაც იმ დღეს სობჩაკის კაბინეტში ფული ჩაუჯიბა… ეტყობა, მომავალმა პრეზიდენტმა გულში ჩაიდო, ებრაელი ბიზნესმენი ლაქიასავით რომ მოექცა. მეორე ძმამ კი ისრაელში გაასწრო. კოსტიაც სასჯელის მოხდის შემდეგ ისრაელში წავიდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko