რამდენიც უნდა ლანძღონ სტალინი, ისტორიას კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტების დამმარცხებელად შემორჩება – თამაზ გაიაშვილი

December 21, 12:44
0
213

“რამდენიც უნდა ლანძღონ და ლაფში სვარონ სტალინის სახელი, იგი ისტორიას კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამმარცხებელ სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს მთავარსარდლად შემორჩება”, – ამის შესახებ Georgia Airways-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, სტალინი საერთაშორისო მასშტაბის ის მოღვაწე და ისტორიული პიროვნება იყო, ვის სიდიადესაც იდეოლოგიური მოწინააღმდეგენიც აღიარებდნენ.

“142 წლის წინათ, 1879 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა იოსებ ჯუღაშვილი (სტალინი), ვისი სახელი არამხოლოდ საქართველოს, არამედ მის მიერვე აშენებულ უზარმაზარ საბჭოთა კავშირსაც გასცდა და ერთი მხრივ, მსოფლიოს, მეორე მხრივ კი, ისტორიის საკუთრებად იქცა. რამდენიც უნდა ლანძღონ და ლაფში სვარონ სტალინის სახელი, იგი ისტორიას კაცობრიობის ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამმარცხებელ სახელმწიფოს მეთაურად და უმაღლეს მთავარსარდლად შემორჩება. რამდენიც უნდა ატრიალონ მისი სახელი, იგი კაცობრიობის ისტორიაში არსებული ყველაზე დიდი სახელმწიფოს იმ მეთაურად დარჩა, რომლის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილი ქონება პირადი ნივთებისა და და ბოლოს აღებული ხელფასიდან შემორჩენილი მცირე თანხით შემოიფარგლა. მსოფლიო მას იმ პიროვნებად იცნობს, რომელმაც სახელმწიფოში არსებული წესი და კანონი შვილის სიცოცხლის გადასარჩენადაც კი არ დაარღვია. სტალინი საერთაშორისო მასშტაბის ის მოღვაწე და ისტორიული პიროვნება იყო, ვის სიდიადესაც იდეოლოგიური მოწინააღმდეგენიც კი აღიარებდნენ. ამის საილუსტრაციოდ მისი ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილის დახასიათებიდან ამოღებული ეს ერთი წინადადებაც იკმარებს: „რუსეთისთვის უდიდესი ბედნიერება იყო ის, რომ მძიმე გამოცდის წლებში სახელმწიფოს სათავეში იდგა გენიოსი და შეუდრეკელი მხედართმთავარი ი. ბ. სტალინი. ის იყო გამორჩეული პიროვნება, ვინც გამოხატავდა უმკაცრეს ეპოქას, რომელშიც იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. სტალინი იყო უჩვეულო ენერგიის, ერუდიციისა და ნების ადამიანი. იგი მკაცრი და შეუვალი იყო, როგორც საქმეში, ასევე, საუბრის დროს, ვისაც, მეც კი, ინგლისის პარლამენტში აღზრდილი კაცი, ვერაფერს ვუპირისპირებდი. სტალინის ნაწარმოებებში იგრძნობოდა ზებუნებრივი ძალა. ეს ძალა მასში იმდენად დიდი იყო, რომ იგი განუმეორებელი ჩანდა ყველა დროისა და ხალხის ხელმძღვანელთა შორის“. ერთი ისტორიული პიროვნების მისამართით გამოთქმული ეს ხოტბა, მთელი ქართველი ერისთვის შესხმული ხოტბა არ არის?! ისტორიამ და ისტორიკოსებმა დაე იდავონ სტალინის პიროვნებასა და მის ფენომენზე, მაგრამ ჩვენთვის იგი განა ის ქართველი მოღვაწე არ არის, ვინც საქართველოს ისტორია, მისი ხელოვნება, მისი კულტურა და სულიერება მსოფლიო ასპარეზზე გაიტანა?! მის მოღვაწეობაში დღევანდელი გადასახედიდან ვინმე შავ ლაქებს თუ პოულობს, განა ეს იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მთელი მისი გენიალური მოღვაწეობა ისტორიის მხოლოდ შავ ფურცლებს მივაკუთვნოთ?! ისტორიას არ ახსოვს სახელმწიფოს მშენებლობა თეთრი ხელთათმნებით. უდიდესი ისტორიული პიროვნებები, ალექსანდრე მაკედონელით დაწყებული და ნაპოლეონ ბონაპარტეთი დამთავრებული, ვერ ასცდნენ რეპრესიების გზას. წმინდანად შერაცხული მეფე დავით მეოთხე (აღმაშენებელი) იძულებული იყო სასტიკი მეთოდებით ემართა სახელმწიფო, ვინაიდან გარეთაც და შიგნითაც უამრავი მტერი ჰყავდა. რევოლუციისა და მასშტაბური სამოქალაქო ომის შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსული სტალინისთვის სასწორის პინაზე ერთ მხარეს თუ ჰუმანიზმისა და კაცთმოყვარეობის უდავოდ უმაღლესი ღირებულება იდო, მეორე მხარეს სახელმწიფოსა და სამართლიანი სოციალური სისტემის მშენებელი ხალხის ბედი იდო, რომელიც უფრო მაღალი ღირებულება იყო. მან არჩევანი ხალხსა და სახელმწიფოზე შეაჩერა და სწორედ ამით შეძლო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომში ყველაზე სასტიკ და დაუნდობელ ძალასთან ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. არამზადა ხრუშჩოვმაც კი, რომელმაც კაცობრიობის წინაშე სტალინის უდიდესი დამსახურებისთვის ჩრდილის მიყენება სცადა, არ იკადრა სტალინის მშობლიურ გორში აღმართული ძეგლისთვის ხელის ხლება. ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ, როდესაც ამისი არანაირი აუცილებლობა არ იდგა, ქართველებმა ჩვენივე ხელით დავამხეთ ძეგლი იმ ისტორიული პიროვნებისა, რომელიც ჩვენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანია. ჩვენ არათუ სტალინის პიროვნება არ დავინდეთ, ფაშიზმთან მებრძოლ ქართველ გმირთა სადიდებლად ქუთაისში აღმართული მემორიალიც კი ვანდალური სისასტიკითა და სიამოვნებით აღვგავეთ პირისაგან მიწისა. ჩვენ-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს სამარცხვინო გადაწყვეტილებები მთლიანად ქართველ ხალხს მოგვეწერება, ისე კი ღმერთმა ხომ იცის, რომ ქართველ ხალხს ამაში წვლილი არ მიუძღვის, ეს ყველაფერი იმ შავი ძალების ნამოქმედარია, რომლებიც დღესაც ფაშიზმის რეანიმაციის სამარცხვინო საქმიანობით არიან დაკავებულნი… ნება მომეცით, მოახლოვებული შობისა და ახალი წლის დღესასწაულების ფონზე სრულიად საქართველოს მოგილოცოთ სტალინის დაბადების დღე და გამარჯვებულ, გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრება გისურვოთ”,- აცხადებს თამაზ გაიაშვილი.

Cesko