”მეორე ყოფა ჩემთვის უფრო ორგანული აღმოჩნდა” – ლალი მოროშკინა  პირად გამოცდილებას გვიზიარებს, რომელიც საკუთარმა ბიზნესმა მისცა

December 19, 20:08
0
215

,,სარკე”

ყოფილი ტელეწამყვანი, ყოფილი ჟურნალისტი, ყოფილი ჩინოსანი, მოქმედი მწერალი და ბიზნესვუმენი, ლალი მოროშკინა, თბილისიდან სიღნაღში გადასახლდა. დედაქალაქში სახლი გაყიდა, ბანკის სესხი აიღო და ახლა სასტუმროს მფლობელია. პირად გამოცდილებას, რომელიც საკუთარმა ბიზნესმა მისცა, ლალი მოროშკინა ,,სარკეს” უზიარებს:

-ვაკეში გავყიდე ჩემი დიდი სახლი, გადავედი პატარა სახლში და ბევრად უფრო ნაკლებად პრესტიჟულ უბანში, ვაშლიჯვარში. დარჩენილი ფულით ვიყიდე პატარა მიწა შეკვეთილში და იქ 4 კოტეჯის ჩადგმის პროექტი გავაკეთე. მერე ოთხივე გავყიდე და ვიყიდე სიღნაღში სახლი.არ მეყო თანხა და 150 ათასი ევრო ავიღე სესხი. სიღნაღში მაქვს სასტუმრო, აუზი, გასართობი ცენტრი.

მყავს მხოლოდ ორი დამხმარე. არ მაქვს ფუფუნება, რომ ავიყვანო ცალკე დამლაგებელი, ცალკე მენეჯერი და ამიტომ ბევრ რამეს თავად ვითავსებ. ტელეფონსაც მე ვპასუხობ, ჭურჭელსაც მე ვრეცხავ, სხვა ბევრ რამესაც მე ვაკეთებ. მჭირდება მუშახელი, მაგრამ ახლა ამის ფუფუნება არ მაქვს.6 საათზე ვდგები. 10 საათზე უკვე დაღლილი ვარ…

– ჩიოდით, ქართველებს შრომა არ უნდათო.

– დიახ, ასეა. რომ ვუთხარი, 6 საათზე უნდა ამდგარიყვნენ, მოეტანათ პური და ა.შ. ყველასგან უარი მივიღე. ერთი დიდი მანქანა შეშა მოვიტანე, ადამიანი ვერ ვნახე, ვინც ამ შეშას სასტუმრომდე ჩამომიტანდა. 100 ლარს ვაძლევდი, რომ შეშა ერთი სართულით ქვემოთ ჩამოეტანათ, მაგრამ ვერ ვნახე მუშა. ამიტომ მარტომ ჩამოვიტანე. ვერ წარმოუდგენიათ, რომ თბილისის გარდა სადმე შეიძლება იცხოვრონ.მწერენ, რა გენაღვლება, სუფთა ჰაერზე ხარო. ვფიქრობ, სამ-სამი ბინა გაქვთ, გაყიდეთ და თქვენც იყავით-მეთქი.

-ვაჟები გეხმარებიან ამ ბიზნესში?

-უმცროსი ჩამოდის კვირაში ორჯერ და მუშაობს აუზის გამწმენდად. ქიმიკატებით უნდა გაწმენდა და ათასი რამ. არც ვიცოდი, ამდენი რამე თუ სჭირდებოდა აუზს და ჩემმა შვილმა ისწავლა.

– და მაინც, მარტოხელა ქალს გვერდით მამაკაცის ძლიერი მხარი არ სჭირდება?

– დიახ, მარტო ვცხოვრობ. არჩევანს აკეთებ, თავი მიადო ადამიანს, საღამოს ტელევიზორს ერთად უყუროთ თუ რეზინის ჩექმები გეცვას და ველად იყო გაჭრილი. მეორე ყოფა ჩემთვის უფრო ორგანული აღმოჩნდა.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko