„ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა?” – 11 და 15 წლის ძმებს დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით, ობლებს სოციალური დახმარებაც აღარ აქვთ და…

December 16, 22:35
0
1001

„ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა?” – 11 და 15 წლის ძმებს დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით, ობლებს სოციალური დახმარებაც აღარ აქვთ და…

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში. ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.

„ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,“ – უთხრეს ბიჭებმა “ბათუმელებს”.

ცივ, პატარა ქოხში ახლა მხოლოდ გარდაცვლილი მშობლების ფოტოები ხვდებათ. მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.

დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ.

„100 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, არაფერში გყოფნის, მაგრამ რას ვიზამთ. საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება.

როცა დედა ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, უმამობას არასდროს გვაგრძნობინებდა. გვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდა რაღაც ჩვენთვის,“ – ამბობს კახა.

შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის გარდა დედის ოცნება ანრისთვის და კახასთვის პატარა, მყუდრო ბინაც იყო. როცა მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო, ბიჭებს და დედას იმედი გაუჩნდათ.

„ბავშვივით უხაროდა დედას ეს ამბავი, ამბობდა, გავთბებით მაინცო. ცდილობდა რაღაც ახალი ნივთებიც შეეძინა, ახალ ბინაში გადავიტანთო… მაგრამ ვეღარ მოასწრო,“ – ამბობს კახა “ბათუმელებთან”.

მოზარდები იმედოვნებენ, რომ კორპუსების დასრულების შემდეგ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და ბინის გარეშე არ დარჩებიან. „თუ ბინის გარეშე დაგვტოვებენ, ეს არ იქნება სამართლიანი,“ – ამბობენ ბიჭები.

ბიჭები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თითქმის აღარ თამაშობენ…

კახა და ანრი ბერიძეების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:

სს საქართველოს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598

მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

დანიშნულება: ქველმოქმედება – კახა და ანრის მხარდაჭერა

Cesko