შეიძლება თუ არა, აცრის უარყოფითი შედეგები წლების შემდეგ გამოვლინდეს? – საყურადღებო ინფორმაცია

December 8, 16:49
0
895

ადამიანთა უმეტესობა, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა არ სურთ, თავის ქმედებას ვაქცინაციის გრძელვადიანი შედეგების შიშს უკავშირებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შიში? თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი თინათინ ქორიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი ცნობილი არ არის.

“კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არასასურველი რეაქციების არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ აცრიდან წლების შემდეგ გარკვეული შედეგების გამოვლენის შესაძლებლობა, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ყველა წამყვანი გერმანელი იმუნოლოგი ამ მოსაზრებას იზიარებს. ორგანიზმი ვაქცინაზე ინექციის შეყვანისთანავე ან, უარეს შემთხვევაში, რამდენიმე კვირის შემდეგ რეაგირებს, სერიოზული არასასურველი შედეგებიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოვლინდეს.

აცრიდან წლების შემდეგ გამოვლენილ გრძელვადიან შედეგებზე არც სხვა რომელიმე ვაქცინის შემთხვევაშია რამე ცნობილი. ეს გამოწვეულია იმით, რომ მცირე ხნის შემდეგ პრეპარატი უჯრედში შედის და ორგანიზმიდან გამოიდევნება, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპში მას რაიმე შემდგომი რეაქციის გამოწვევა არც შეუძლია”, – განაცხადა ინფექციონისტმა.

დღეისათვის ევროკავშირს დამტკიცებული აქვს ვაქცინის ორი განსხვავებული ტიპი: რნმ- ვაქცინები (BioNTech / Pfizer და Moderna) და ვექტორული ვაქცინები (AstraZeneca და Johnson & Johnson).

რნმ – ვაქცინები შემდეგნაირად მუშაობს: ისინი კოროვირუსის კონკრეტულ კომპონენტს შეიცავს და ინექციის შეყვანის შემდეგ, იმუნური სისტემა პათოგენის გასანეიტრალებლად ანტისხეულების გამომუშავებას იწყებს. ამის შემდეგ უჯრედები რნმ-ს მთლიანად ანადგურებენ და მისგან თავისუფლდებიან. შესაბამისად, ვაქცინა რაიმე გრძელვადიან ეფექტს, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გამოვლინდეს, ვერ გამოიწვევს.

ვექტორული ვაქცინებიც ვირუსის კონკრეტულ ნაწილს შეიცავს და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რომ ანტისხეულები გამოიმუშაოს. ეს მიიღწევა მოდიფიცირებული ვირუსის (ვექტორის) გამოყენებით, რომლითაც ანტიგენის გენეტიკური კოდი ადამიანის უჯრედებს გადაეცემა. ამის შემდეგ ვექტორი ნადგურდება. სწორედ ამიტომ, ამ ვაქცინის გრძელვადიან შედეგებზე საუბარიც არ შეიძლება იყოს.

წყარო: ნეტგაზეთი

Cesko