„თუ ბიპოლარულ აშლილობაზე საუბრობენ, ეს სააკაშვილს დიდი ხანია აქვს და მაშინაც წამლებზეც იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია მისი ქვეყნიდან გაყვანა”

December 8, 13:59
0
222

„მიხეილ სააკაშვილს კვლავ ესაჭიროება სტაციონარული მულტიდისციპლინური მკურნალობა, რეაბილიტაცია, განსაკუთრებით ნეირო-ფსიქოლოგიური მიმართულებით“, – ასეთია „ემპათია“-ს დასკვნა და მიაჩნიათ, რომ საქართველოს ციხეთა სისტემაში ექს-პრეზიდენტის განთავსება კვლავაც მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი და დაუშვებელია.

სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ შემაჯამებელი საექსპერტო დასკვნა 10 დეკემბერს გახდება ცნობილი.

ცენტრ „ემპათიაში“ირწმუნებან, რომ მათი დაჟინებული მოთხოვნით, შეიცვალა ანტიფსიქოზური პრეპარატის მიღება, რომელსაც სააკაშვილი არამიზნობრივი დანიშნულებით იღებდა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან მოყოლებული 27 ნოემბრამდე. ანტი-ფსიქოზური პრეპარატების არამიზნობრივად გამოყენება კი, პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, საერთაშორისო სტანდარტებით განიხილება როგორც ფარმაკოლოგიური წამების მეთოდი და ხშირ შემთხვევაში, იგი მიზნად ისახავს პიროვნების გატეხვასა და დამორჩილებას.

ამის მიუხედავად, მარიამ ჯიშკარიანის ორგანიზაცია რატომღაც არ ასახელებს იმ მედიკამენტს, რომელსაც თითქოსდა სააკაშვილი არამიზნობრივი დანიშნულებით იღებდა. მეტიც, უკომენტაროდ ტოვებენ სახელმწიფო კონსილიუმის ექიმის, ნინო შარაშენიძის განცხადებას, რომ ყველა მედიკამენტი, რასაც მიხეილ სააკაშვილი სასჯელარსრულების სიტემაში ყოფნისას იღებდა, ხელმოწერილია მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ და სრული ინფორმაცია ჰქონდათ ყველა მედიკამენტზე, რასაც იღებდა.

აქედან ნათელია, რას ემსახურება მარიამ ჯიშკარიანის და სააკაშვილის დაცვის სტრატეგია – ექს-პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად მუშავდება მისი ფსიქიკურად შეშლილად გამოცხადებაა, რომელსაც აუცილებლად, საზღვარგარეთ და კერძოდ, ჰოლანდიაში უნდა უმკურნალონ. for.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სააკაშვილის გარემოცვის მიერ შემუშავებული გეგმის შესახებ, დაადასტურა მსჯავრდებულის დედამ, გიული ალასანიამ, რომლის განცხადებით, საჭიროა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, მისი დატოვება გორის სამხედრო ჰოსპიტლში არ შეიძლება. ალასანია ირწმუნება, რომ სააკაშვილის ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზნით ხდებოდა.

„იმედი მაქვს, საბოლოოდ დაიდება ის დასკვნა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, როგორმე გავატაროთ ამ ადამიანს ნორმალური რეაბილიტაციის კურსი, რადგან ის მას საჭიროებს აშკარად. რასაც მე ვუყურებ, განსაკუთრებით ბოლო დღეები, ასეთ მდგომარეობაში მისი იქ დატოვება, სადაც ახლა იმყოფება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მოვითხოვ, საზღვარგარეთ, მულტიდისციპლინურ კლინიკაში გადაყვანას, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე, რომელმაც ქართულ საზოგადოებას უთხრა, რომ სააკაშვილს აქვს სისხლის ძალიან იშვიათი დაავადება, თალასემია და ჟილბერის სინდრომი, რომელიც ადრეულ ასაკში იყო გამოვლენილი და შემდეგ დამტკიცებული ვაშინგტონში მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს. ყიფშიძემ ისიც გვითხრა, რომ თალასემია არის კეთილთვისებიანი დაავადება, მაგრამ გარკვეულ პირობებში შეიძლება გამოიწვიოს ძალიან მძიმე შედეგები. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მდგომაროებაა, როცა თალასემიის დროს ადამიანი შიმშილობს. ამის მიუხედავად, ყიფშიძე არ გვეუბნება, მან როგორც თერაპევტმა რა მედიკამენტები დაუნიშნა მსჯავრდებულ პაციენტს – მიხეილ სააკაშვილს.

რაც შეეხება ამ დაავადებას, თალასემია სისხლის მემკვიდრეობითი დაავადებაა, რომელიც ჯანსაღი ერითროციტებისა და ჰემოგლობინის ნაკლებობას, ანემიას და უჯრედების ჟანგბადით გაღარიბებას იწვევს. განასხვავებენ თალასემიის ორ ძირითად ტიპს – ალფას და ბეტას. როგორც ალფა, ისე ბეტა შეიძლება იყოს დიდი ან მცირე. დიდი თალასემიის დროს დეფექტური გენი შვილს ორივე მშობლისგან გადაეცემა. მცირეს დროს კი მხოლოდ ერთისგან. ამ შემთხვევაში ადამიანი დაავადების უსიმპტომო მატარებელია. რეკომენდირებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა – ველოსიპედით, ან ფეხით სეირნობა. ასევე, ცურვა, იოგა და წყლის აერობიკა. თუ სააკაშვილის წარსულს გადავხედავთ, ეს ყველაფერი მისი ცხოვრების წესი იყო.

for.ge შეეცადა ფსიქიატრებისგან მიეღო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საქმე პერსონალურ მონაცემებს ეხება, მათ საჯარო განცხადებისგან თავი შეიკავეს, თუმცა პირდად საუბარში ერთ-ერთმა ფსიქიატრმა, რომელიც იცნობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ჯერ კიდევ მისი ახალგაზრდობიდან, გვითხრა, რომ მას ყოველთვის ჰქონდა პიროვნების აშლილობა, რაც ამ ეტაპზეც დასტურდება. მისი თქმით, სააკაშვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია მისი ქვეყნიდან გაყვანა, მათ შორის ჰოლანდიაში, რადგან ყველა კლინიკაში მკურნალობა არის იდენტური, მათ შორის მედიკამენტებიც.

„ბიპოლარული აშლილობა აქვს, ეს ფაქტია, შეიძლება მეტიც იყოს, მაგრამ ეს უნდა თქვას სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ. შეიძლება ეს ადრინდელი პრობლემაა, ამიტომ გამოსაკვლევია. ახლაც თუ ბიპოლარულ აშლილობაზე საუბრობენ, ეს მას დიდი ხანია აქვს და მაშინაც წამლებზეც იყო. ნიკოლოზ ყიფშიძე არის თერაპევტი და მან როგორ გამოუწერა ფსიქიატრიული მედიკამენტები? დიაგნოზი არ არის დასმული. მაგრამ პიროვნების აშლილობას, რომელიც ასევე სახეზეა, ვერანაირი წამალი ვერ უშველის“, – გვითხრა ფსიქიატრმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ დაიწყო ჯაჭვის შეკვრა საიმისოდ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გახანგრძლივდეს სააკაშვილის ყოფნა გორის ჰოსპიტალში.

„ამბობდნენ, რომ კედელ-კედელ დადის და გადაადგილება უჭირსო. რაც სასამართლოზე ვიხილეთ, იგივე მდგომარეობა არ არისო. იმის გამო, რომ ნოემბრის დასაწყისში სააკაშვილს ჯანმრთელობის ასეთი მდგომარეობა ჰქონდა, 6 წელი გორის ჰოსპიტალში უნდა მოიხადოს? ობიექტურად, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს, დიახ, ის უნდა დარჩეს გორის ჰოსპიტალში, მაგრამ რა წამსაც ამის ობიექტური საჭიროება აღარ იქნება და შესაძლებელი გახდება გარკვეული თერაპიული კურსი ან მკურნალობა გაიაროს არა გორის ჰოსპიტალში, არამედ რუსთავში ან გლდანის დაწესებულებაში, ბუნებრივია, ეს გამოიწვევს მისი მდებარეობის შეცვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ეს ლოგიკურია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სააკაშვილის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა. კახა კალაძის განცხადებით, საკუთარი ექიმების წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, მაშინ უნდა ჰკითხონ მეგის ქარდავას, რომელიც კარგად ახსნის – რა არის წამება.

„ადამიანურად არავის დაკავება არაა სასიამოვნო, მაგრამ როდესაც შენ გაქვს დანაშაული ჩადენილი, როდესაც შექმენი ის მმართველობა, ის სისხლიანი ბოროტება, რომელიც იყო უმძიმესი ჩვენი ქვეყნის მოსალხეობისთვის, ამაზე დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ გვინდა ვიცხოვროთ და ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო. განურჩევლად თანამდებობისა, ყველა დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი.

მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებზეა გასამართლებული და იხდის სასჯელს. შესაბამისად, სააკაშვილი არის დამნაშავე და ის იხდის სასჯელს. საკუთარი ექიმების დანიშნული წამლების მიღება თუ ვინმეს წამება ჰგონია, ჰკითხეთ თქვენს ლიდერს, მეგის ქარდავას, ზედმიწევნით აგიხსნით და გაჩვენებთ, რა იყო წამება. გვერდით რომ გიზით გოგა ონიანი, მაგას ჰკითხეთ წამება როგორი იყო და როგორ აწამებდნენ ადამიანებს. თქვენ ხართ კოლექტიური მეგის ქარდავები, ეს არის სამწუხარო რეალობა“, – მიმართა კახა კალაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“.

ანალიტიკოსი, სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ სააკაშვილი სულ საჭიროებდა ფსიქიატრიულ დახმარებას, მაგრამ მხოლოდ ახლა მოითხოვეს ფსიქიატრიული დახმარება, რაც რეალურია, იმიტომ, რომ ის არაა ფსიქიკურად ჯანმრთელი. როგორც მანჯავიძე აცხადებს, სააკაშვილის თვისებები – მეგალომანია, დევნის მანია, პათოლოგიური ტყუილებისკენ მიდრეკილება, აგრესიულობა, ეს ფსიქოპატებისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი ქცევის მოდელია.

„როგორც ჩანს, დახურულ სივრცეში, მუდმივი შიშის და საფრთხის მდგომარეობაში ყოფნის გამო, მას გაუმწვავდა ფსიქიკური მდგომარეობა. მოგეხსენებათ, მიჩვეულია ამსოფლიურ სიამოვნებებს, რომლის საშუალება არ აქვს. ყურანში აღწერილი სამოთხის მდგომარეობა უნდა, მაგრამ ციხეში ასეთ პირობებს მას „ოცნებაც“ კი ვერ შეუქმნის. ვუთანაგრძნობ პატივცემულ მიხეილს – 73 ქალწულს ვერ მიუყვანენ.

პრეზიდენტობისას კი დაყვებოდნენ გუნდ-გუნდად მისგან ამქვეყნიური პრივილეგიების მიღების მიზნით, მაგრამ ახლა ციხეში მყოფ სააკაშვილს ამის საშუალება არ აქვს და თავის აღგზნებულობასაც ვერ იკმაყოფილებს. აქედან გამომდინარე, მას გაუმწვავდა ფსიქიკური აშლილობა. გარდა ამისა, ის მიჩვეული იყო გარკვეული ფსიქოტროპული, თუ ნარკოტიკული საშუალებების და სასმელის მოხმარებას, იქ ამის საშუალებაც არ აქვს. შესაბამისად, მისი ფსიქოტიპიდან და ფსიქიკური აშლილობიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობაში იქნება“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

რაც შეეხება გიული ალასანიას მოთხოვნას, რომ საჭიროა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა, მანჯავიძის განცხადებით, კანონის შესაბამისად არ შეიძლება გასამართლდეს ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი, ის იზოლირებული უნდა იყოს და ამ შემთხვევაში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.

„ამბობენ, რომ სააკაშვილი არის არაადეკვატური, მას სჭირდება ფსიქიატრის დახმარება, მაგრამ იმ ტიპის ფსიქიკური პრობლემები აქვს, რომლის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება და ამიტომ სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა წაიყვანოთო. მაშინ დაასახელონ ზუსტი დიაგნოზი. გასაგებია, ყიფშიძემ თქვა, რომ მას სჭირს თალასემია. „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილს მიიჩნევს მხსნელად, მისივე ექიმები ამბობენ, რომ ისეთი ტიპის ფსიქიკური ავადმყოფობები სჭირს, რომ საქართველოში ამის განკურნება შეუძლებელია, დედამისი იძახის, რომ მისი შვილი არის ალექსანდრე მაკედონელი, იქეთ თაკო ჩარკვინია და „ნაცმოძრაობის“ კამარილია. ახლა ვსვამ კითხვას – გასაგებია, ყველანი პაციენტები არიან, მაგრამ ამხელა ფსიქიატრიული საავადმყოფო არსებობს სადმე, რომ ესენი დაიტიონ?! როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს სრული საგიჟეთი. თუ ისეთი გიჟია, რომ აქ ვერ მკურნალობენ, მაშინ რანაიარად შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის ლიდერი? უკვე სასაცილოც აღარ არის. სრულიად წარმოუდგენელი და თან გაუგებარი სიტუაციაა“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

ანალიტიკოს გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, ერთი მხარეა სამედიცინო კუთხით როგორ ხდება შეფასება, მეორეა რას ამბობს კანონი. კანონი კი ამბობს, რომ სააკაშვილი არის პატიმარი, რომელიც გასამართლებულია და სამივე ინსტანციით მას მისჯილი აქვს სასჯელი. შესაბამისად, მან უნდა მოიხადოს სასჯელი ზუსტად ისევე, როგორც იხდის 9500 პატიმარი.

„კანონი რას ითვალისწინებს? – ჯერ უნდა მოხდეს სამედიცინო შეფასება და შემდეგ უნდა ვნახოთ, რა წერია კანონში. იმისათვის, რომ სააკაშვილს თავი დაეღწია ციხისთვის, მოაწყო შიმშილობის აქცია და ამითი აიძულა ხელისუფლება, რომ ციხიდან გაეყვანათ ჰოსპიტალში. შესაბამისად, ახლა რა უნდა მოხდეს, რომ გაიყვანონ ციხიდან? რაიმე ტიპის ისეთი მკურნალობა ჭირდება, რომელაც საქართველოში ვერ იღებს? თუ ასეა, მაშინ ეს უნდა იყოს დამტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რომ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს ციხეში, ეს უკვე სასაცილოა. ვინ გრძნობს ციხეში თავს კარგად? ეს არის თავისუფლების აღკვეთის ადგილი, სადაც ნორმალურმა ადამიანმა არ შეიძლება კარგად იგრძნოს თავი“, – ამბობს ანალიტიკოსი.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილის გარემოცვის მიზანია რაღაცა ფორმით ციხიდან გამოყვანონ და თვიონ სააკაშვილი დაუფარავად ლაპარაკობს თავის გეგმებზე.

„მიზანიც გაცხადებულია – ამ ძალიან არასახარბიელო პირობებს თავი დააღწიოს. ნებისმიერი მისი ვიზიტორის განცხადება, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს, ხდება საზოგადოებრივი აზრის მიმართვა იქითკენ, რომ მისი ციხეში დაბრუნება არ შეიძლება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში მას სურს, რომ იყოს გორში და საუკეთესო შემთხვევაში საერთოდ სადმე წავიდეს, რაც ნიშნავს, რომ უნდა გავანთავისუფლოთ. მერე როგორ უნდა გავაკონტროლოთ რას და როგორ იზამს იგივე ჰოლანდიაში?

სააკაშვილს მოუწევს სასჯელი მოიხადოს და გამოსავალი აქედან არ არსებობს. რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ დღის წესრიგში დადგეს მისთვის ამ სტატუსის შეცვლა? ასეთი მოცემულობა არ ვიცი. ან უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა, როგორც თვითონ აკეთებდა, ან ამნისტია უნდა გამოუშვან, მსგავის განწყობა ამ ხელისუფლებას და არც პრეზიდენტს არ ეტყობა. შესაბამისად, გაუგებარია რა მექანიზმით უნდა მოხდეს სააკაშვილის გაყვანა ციხიდან.

კანონი ითვალისწინებს, რომ პატიმარს უნდა უმკურნალონ, მაგრამ პატიმარი მოათავსო იქ, სადაც პატიმარი მოითხოვს, ასეთ რამეს კანონი არ იცნობს. ასეთი რაღაცა ხდებოდა კოლუმბიაში. მსგავსი რამ ამ ქვეყანაში არ მოხდება. მისი პოლიტიკური დღის წესრიგი ცხადია – „ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მე გავთავისუფლდე“. ეს წარმოუდგენია მიტინგებით, თუ იგივე სცენარით, რაც კიევში მოხდა. ეს საქართველოში არ და ვერ მოხდება“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გურამ ნიკოლაშვილმა.

წყარო:https://for.ge/view/221392/Tu-bipolarul-aSlilobaze-saubroben-es-saakaSvils-didi-xania-aqvs-da-maSinac-wamlebzec-iyo-magram-es-ar-niSnavs-rom-aucilebelia-misi-qveynidan-gayvana.html

Cesko