„მთავარია მიშა იყოს კარგად, თორემ დანარჩენი დაქცეულა ეს ქვეყანა, ვის აინტერესებს“ – გია ხუხაშვილი

December 7, 07:27
0
308

ჭორი რა შუაშია, ვერ გავიგე. სანამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოითხოვს, რომ ის იყოს საავადმყოფოში, ის უნდა იყოს საავადმყოფოში. ჯანმრთელობა როდესაც გამოუსწორდება, გადაიყვანენ ციხეში, ჭორი რა შუაშია, აბა რა უნდა გააკეთონ?, – ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სუს-ი ჭორებს ავრცელებს, რომ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში დააბრუნებენ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გაგზავნა ამ ეტაპზე არალოგიკურია, რადგან მას განსაკუთრებული ტიპის მკურნალობა, რისი საშუალებაც საქართველოში არ არის, არ სჭირდება.

ამასთან, ხუხაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ციხეში მყოფი სააკაშვილი ხელისუფლებისთვის „თავისტკივილია“ ამ ვითარებიდან „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სარგებელსაც ნახულობს.

„უცხოეთთან დაკავშირებით ლოგიკა არ ჩანს, მისი მდგომარეობა არ არის ამდენად მძიმე, რომ მას სჭირდებოდეს, განსაკუთრებული იმ ტიპის მკურნალობა, რისი ტექნიკური საშუალებაც საქართველოში არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თავისტკივილია მათთვის სააკაშვილი, ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ სარგებელს ნახულობს. გამოწოვენ ამ სიტუაციიდან მაქსიმუმს და მერე ან გაუშვებენ ან რაღაცას იზამენ.

მმართველი გუნდი არის შოკოლადში. მათ ახლა ბევრად უფრო დიდი კომფორტი აქვთ, რომ მიხეილ სააკაშვილზე ყოველდღე იხითხითონ, იღადაონ და რაღაც მორიგი მარგალიტები როშონ, ვიდრე ილაპარაკონ პანდემიის მართვაზე, უმუშევრობაზე, ინფლაციაზე, ახალი წელი მოდის და ხალხს რომ არ აქვს იმის საშუალება, მეტ-ნაკლებად ღირსეულად დახვდეს ახალ წელს და ა.შ. ურჩევნიათ სააკაშვილზე ილაპარაკონ, სააკაშვილის გარდა თურმე ამ ქვეყანაში სხვა პრობლემა არ ყოფილა. ან მოსმენების თემა სად დაიკარგა, გაყალბებულია არჩევნებიო როყიოდ რომ მოითხოვენ ხოლმე, ახსოვს ვინმეს ეს? არავის არ ახსოვს, მიშაა მთავარი თემა, მთავარია მიშა იყოს კარგად, თორემ დანარჩენი დაქცეულა ეს ქვეყანა, ვის აინტერესებს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Cesko