ზურაბ გურული: „კატასტროფა გარდაუვალია“

December 6, 10:25
0
1724

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, „ალიას” ესაუბრება ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული:

– „ოცნებას“ მართლაც აღარ დარჩა ინტელექტუალური რესურსი იმისათვის, რომ ქვეყნის მართვა გააგრძელოს. უბრალოდ, გადავხედოთ პრემიერის, მინისტრებისა თუ პარლამენტის თავმჯდომარის მესიჯებს, რომლებზეც საზოგადოება უბრალოდ იცინის, იმდენად აბსურდულია ყოველი მათგანი. ქვეყანა სრული სვლით მიდის კატასტროფისაკენ. კოვიდ-პანდემიის შედეგებს უკვე ვხედავთ; რა იქნება წინ, არავინ იცის; დიდი, მდიდარი ქვეყნებიც კი ელოდებიან ეკონომიკურ კრიზისს, ჩვენ კი ამ დროს ჩამოყალიბებული გეგმაც არა გვაქვს. „ოცნების“ გუნდი უკვე დატოვა ყველა მეტნაკლებად გონიერმა ადამიანმა. კატასტროფა გარდაუვალია. ოპოზიცია კი იმის მაგივრად, რომ ამაში მონაწილეობას არ იღებდეს, იურიდიულ და პოლიტიკურ ლეგიტიმაციას აძლევს ამ ფსევდოპოლიტიკურ აბსურდს, რომელსაც გარდაუვალი დეფოლტისაკენ მიჰყავს ქვეყანა. შესაბამისად, ისინიც ბოლომდე გაიზიარებენ პასუხისმგებლობას, რაც ამომრჩევლის უნდობლობასა და მათ მიმართ უპატივცემულობაში ჰპოვებს ასახვას. ცვლილებები აუცილებლად მოხდება. ეს გარდაუვალია! უბრალოდ, რამხელა იქნება მსხვერპლი და სანამდე გავნადგურდებით, ეს არ ვიცით ჯერ. „ოცნებას“ სწორედ აქ არ ჰყოფნის ინტელექტი, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს.

– სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნება ძალიან გონივრული ნაბიჯი იქნებოდა „ოცნების“ მხრიდან. მათ უკვე წარმატებით გაფანტეს მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილის მომხრეები რაიმე ქმედით პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ. არანაირ რევოლუციას, აჯანყებას ან ეფექტურ პოლიტიკურ აქტივობას ადგილი არ ჰქონია. ყველაზე დიდ მიღწევად პატიმარი პრეზიდენტის ციხიდან სამხედრო კლინიკაში გადაყვანა და თითოეული დეპუტატის ციხეში სანახავად შეშვება ითვლება. ეს არის ის მაქსიმუმი, რისი მიღწევაც ქართულ ოპოზიციას შეუძლია, ან სურს პატიმარ პრეზიდენტთან მიმართებაში. სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებით, ვადამდელი არჩევნების ჩატარებით და ოპოზიციასთან ერთად ბალანსირებული კოალიციური მთავრობის შექმნით „ოცნება“ ბოლომდე მოახერხებდა რადიკალური, რევოლუციური ფრთის დათრგუნვას საქართველოში და ხელს შეუწყობდა ახალი ტიპის, ასე ვთქვათ ცენტრისტი, დაბალანსებული, არააგრესიული პოლიტიკური კლანის შექმნას. მაგრამ „ოცნება“ დიდი ალბათობით გააგრძელებს ხისტ, რადიკალურ მოქმედებებს, რაც საბოლოოდ მასვე მიუბრუნდება ზუსტად იგივე სიხისტითა და რადიკალიზმით. ოპოზიციას ჯერ არ შესწევს იმის ძალა, რომ გაემიჯნოს ამ პროცესებს და ისევ გაჰყვება ფესვდოპოლიტიკურ თამაშებს. დასასრულის თარიღს კი ქვეყნის გარდაუვალი ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსი დასვამს.

– სააკაშვილის წერილი ბაიდენისადმი მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური წრეებისათვის არის ცნობილი. არანაირი არსებითი რეზონანსი მას არ მოჰყოლია. ეს ბუნებრივიცაა. ამერიკა ამჟამად მეტისმეტად არის ჩართული შიდა პოლიტიკურ ბატალიებში; პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოპულარობა ყოველდღიურად იკლებს. ეკონომიკური კრიზისი აქაც არ არის შორს. აცრები ამერიკაშიც ვერ წარიმართა სასურველი ტემპებით და ახალი მუტაცია ახალ გამოწვევებს შექმნის შემდეგი 2-3 თვის განმავლობაში. ავღანეთის სამარცხვინო ფიასკოს შემდეგ ამერიკის საგარეო პოლიტიკამაც სერიოზული დარტყმა მიიღო. ამ ფონზე საქართველოს თავისი პრობლემებით მეასეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოს კიდევ აქვს შანსი, რომ კატასტროფას გადაურჩეს. ამ პატარა ქვეყანას საკმარისად გააჩნია ინტელექტუალური პოტენციალი იმისათვის, რომ ძალიან წარმატებული იყოს. ამისათვის საჭიროა საზოგადოების დაპირისპირებულმა მხარეებმა შეხების წერტილები ეძებონ. ის ადამიანები და პოლიტიკური ძალები, რომლებიც დაპირისპირების რადიკალიზაციისაკენ მიდიან და განმუხტვის გზებს არ ეძებენ, განადგურებისათვის წირავენ საკუთარ ქვეყანას. ამ შეხების წერტილების ძებნაში კი ჩვენ ვერანაირი უცხო ძალა ვერ დაგვეხმარება, ეს ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ, საკუთარ თავში.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://www.alia.ge/katastropha-gardauvalia-zurab-guruli/

Cesko