„20-ქულიანი დაზიანებით, ორივე ფილტვი გამიჩერდა“ – გიორგი ფანცულაიას მძიმე კოვიდისტორია და ვირუსს შეწირული მამა, რომლის დაკრძალვასაც ვერ დაესწრო

December 1, 21:35
0
764

„გავუფრთხილდეთ, ადამიანებო, სიცოცხლეს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ავიცრათ, ავიცრათ ყველამ, რომ როგორმე მოვერიოთ ამ ვერაგ სენს“, –  ადვოკატ გიორგი ფანცულაიას  საზოგადოება კარგად იცნობს.

მას და მის ოჯახსაც მოუხდათ ვერაგ დაავადებასთან, კოვიდთან  ბრძოლა. შარშან ფანცულაიების ოჯახმა უმძიმესი დღეები გამოიარა, გიორგიმ  სიკვდილს ჩახედა თვალებში. როგორც  ბევრი სხვა ადამიანი, გიორგიც ემადლიერება ექიმ ლევან რატიანს, რომელმაც ის სიკვდილისგან იხსნა. 

სამწუხაროდ,  ექიმებმა გიორგის მამა – ჰამლეტ ფანცულაია ვერ გადაარჩინეს, ერთადერთი შვილი მამის დაკრძალვას ვერ დაესწრო, ამას დღემდე განიცდის და ამ თემაზე საუბარიც ძალიან უჭირს.

გიორგი ფანცულაია:
–  მეუღლესთან და  შვილთან ერთად ვცხოვრობ, მამა  სტუმრად  იყო ჩამოსული, არ იცოდა, ინფიცირებული რომ იყო. რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ. კოვიდის სიმპტომები გამოუვლინდა და მაშინათვე შევეცადეთ, გაგვერკვია, ჰქონდა თუ არა კოვიდი,  სასწრაფო რამდენიმე საათის დაგვიანებით მოვიდა, კლინიკაში გადაიყვანეს.  ჩაუტარდა ტესტი და დაუდასტურდა, მაგრამ რადგან მძიმე პაციენტი არ იყო და  კლინიკაში არ ჰქონდათ  ადგილები,  სახლში გამოუშვეს.  ეს იყო „მეორე ტალღის“ პერიოდი და გადაჭედილი იყო საავადმყოფოები. სახლის პირობებში რამდენიმე დღე დაჰყო. უცებ გაურთულდა მდგომარეობა. ვეძებდით ადგილს, ერთი ადგილი ძლივს აღმოჩნდა „ვივამედში“, იქ მოვათავსეთ.

თავისი ფეხით ავიდა  მე-4 სართულზე,  არ იყო დაუძლურებული. იმდენად ბევრი პაციენტი იყო, ცოტათი ქაოსური სიტუაცია იყო. რამდენიმეჯერ დამჭირდა დარეკვა,  რომ გადასხმა დაეყენებინათ. მკურნალობა რომ დაიწყო, მეორე დღიდან ტემპერატურა აღარ ჰქონდა,  4-5 დღე დადებითი პროგრესი შეინიშნებოდა, მაგრამ უცებ უარესობისკენ წავიდა საქმე.  ბოლო ორი დღე ძალიან რთული აღმოჩნდა, სამწუხაროდ, მამას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ამ დროს უკვე  მთელ ოჯახს გვქონდა კოვიდი, მიუხედავად იმისა, რომ მამა, კოვიდის დაუდასტურისთანავე, სხვა ბინაში იზოლირებულად გადავიდა და არ ყოფილა ჩვენთან. ჩემი შვილი 9 თვის იყო მაშინ, ჩემი მეუღლე, დედაჩემი და მე ვებრძოდით კოვიდს.

თავიდან ყველაზე უკეთესად მე ვიყავი. იმათ ფეხზე დგომაც უჭირდათ. მე სახლში  გადავადგილდებოდი და ყველაზე ჯანმრთელად ვჩანდი. უცებ, დაახლოებით მე-4-5 დღეს,  დავმძიმდი. ეს დაემთხვა იმ პერიოდს, როცა კლინიკაში მოთავსებულ მამას კრიტიკული მდგომარეობა ჰქონდა. საკუთარი თავი არ მადარდებდა,  იმდენად მძიმედ იყო მამა, ვხვდებოდით,  მძიმე შედეგი დადგებოდა. ცალკე ტკივილი და პრობლემაა ადამიანისთვის,  სახლიდან გასვლა რომ არ შეგიძლია, რადგან შენც ცუდად ხარ და თან ინფიცირებული. ვერაფერით ეხმარები შენთვის საყვარელ ადამიანს,  კოვიდინფიცირებულთან არც არავინ შეგიშვებს და ვერც ემშვიდობები. იმას ვფიქრობდი, გარდაცვლილს მაინც დავემშვიდობები, როგორც შვილი – მეთქი. გადასაყვანი ვიყავი, მაგრამ ამიტომ არ წავედი.

 

მერე იმდენად კრიტიკული გახდა ჩემი  მდგომარეობა, რომ  მამას გარდაცვალების დღეს  საუნივერსიტეტო კლინიკაში, ლევან რატიანთან გადამიყვანეს. მეუბნებოდა, ასეთი კრიტიკული კოვიდპაციენტი არ მყოლიაო ( „მეორე ტალღის“ პერიოდზე ვამბობ, შეიძლება მერე ჰყავდა კიდეც უფრო მძიმეც).

ძალიან მძიმედ ვიყავი, ჟანგბადის დახმარება არ მყოფნიდა, ეს გაუსაძლისი მდგომარეობაა, ჰაერი რომ არ გყოფნის და იხრჩობი. რამდენჯერმე ისეთი შეტევები მქონდა,  გონება დავკარგე, უჰაერობით ვიხრჩობოდი.  ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ე.წ სიპაპი დამჭირდა. მართლა ურთულესი, კრიტიკული ვიყავი. ჭრილობას დაიმუშავებ, როცა ჭრილობა გაქვს, ტკივილგამაყუჩებელს გაგიკეთებენ, ბოლოს და ბოლოს, „მორფით“ გაგიყუჩებენ ტკივილს, მაგრამ ამ დროს  არაფერი გშველის, აპარატზე შეერთებული ხარ, ჟანგბადს გაწვდიან და მაინც იხრჩობი.  ყველაზე ჯოჯოხეთური მდგომარეობა იყო, სიტყვებით ვერ გადმოსცემ  და არც არავის ვუსურვებ ასეთ ყოფას. შენ წინ დგანან ექიმები, ექთნები, მაქსიმუმს აკეთებენ და  ვერ გშველიან. ჩართული იყო მთელი სამედიცინო პერსონალი, მაგრამ რეალურად დახმარებას ვერ გიწევენ. რაც არ უნდა გაგიკეთონ, შვებას ვერ გრძნობ, ჰაერი არ გყოფნის.

– „სიპაპზე“ დიდხანს იყავით?

„სიპაპზე“ ვიყავი 9 დღე.  ეს ხელოვნური სუნთქვის აპარატია. შეიძლება დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ არცერთი წუთი არ დამიძინია ამ 9 დღის განმავლობაში. როგორც კი დავიძინებდი,  ვიხრჩობოდი და შეტევა მეწყებოდა, არაფერი მშველოდა.  ლევან რატიანი საკუთარი ხელით მივლიდა, არ მშორდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ კიდევ არიან ადამიანები,  რომლებსაც  არ სჯერათ კოვიდის ასე გართულების. ასეთი ადამიანი მოწყვეტილია რეალობას. აგერ არის ჩემი ოჯახის უმძიმესი ისტორია, მამა სახლში გყავს მიცვალებული, ერთადერთი შვილი მამას ვერ ემშვიდობები და კლინიკაში ებრძვი სიკვდილს.  თან იცი, რომ სახლში დედა, მეუღლე და 9 თვის ბავშვი გყავს ავად. ეს იყო ჯოჯოხეთი.  გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას ემატებოდა სტრესი, ემოცია.  ლევანი ძალიან მამხნევებდა ფსიქოლოგიურადაც. ჩემი მეგობრებისთვის და მეუღლისთვის უთქვამს, რამდენიმე საათით რომ დაგეგვიანათ მისი კლინიკაში მოყვანა,  ვეღარ გადავარჩენდიო.

– რამდენქულიანი დაზიანება გქონდათ?
–   დაზიანების მაქსიმალური ქულა არის 24 და მე – 20 ქულიანი დაზიანებით ვიყავი.  ფაქტობრივად, ორივე ფილტვი გაჩერებული მქონდა. წარმოიდგინეთ, მამა  9 ქულით შევიყვანეთ და ისე დამძიმდა, ვერ გადაარჩინეს. 9-დღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ დაიწყო  ჩემთან პროგრესი,  შემეძლო დამეძინა. სულ 20 დღე გავატარე კლინიკაში, მაშინაც არ იყო  რეკომენდებული ჩემი გამოწერა, მაგრამ იმდენად მინდოდა გამოსვლა და მამის საფლავზე მისვლა, რომ ხელწერილით გამოვედი.

დღემდე არ არის ჩემი მდგომარეობა კარგი,  არადა, მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული, ვვარჯიშობდი, დღეში 10-12 კილომეტრს გავდიოდი, და დღეს ფეხით კიბეებზე მესამე სრთულზე ასვლა მიჭირს.  ამ ისტორიის მოყოლა არანაირად არ მეხალისება, ეს ჩემი პირადი ტრაგედია და დიდი ტკივილია.  მხოლოდ იმიტომ დაგთანხმდით ინტერვიუზე, რომ  მოქალაქეებმა გაითავისონ, რამდენად მძიმე და ვერაგ დაავადებასთან გვაქვს საქმე. ეს ჯოჯოხეთია. ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილი ვართ, მეორედ  რომ დამემართოს, ჩემი ორგანიზმი ვეღარ გადაიტანს, რადგან დღემდე მაქვს სუნთქვის პრობლემები და დაღლა. პირველ რიგში, მინდა ადამიანებს ვთხოვო, დრო არ დაკარგონ და აიცრან.

როცა რეანიმაციიდან პალატაში გადამიყვანეს,  ვხედავდი, რამდენი პაციენტი იყო თითო ოთახში, რა დღეში იყვნენ ადამიანები, სუნთქვა როგორ უჭირდათ სხვებსაც.  ვხედავდი უმძიმეს მდგომარეობას, იმასაც, ერთ მედპერსონალს რამდენი პაციენტისთვის უნდა მოევლო, ფიზიკურად შეუძლებელი იყო, ერთ ადამიანს ამდენისთვის ისე მიეხედა, როგორც ეს პაციენტს უნდოდა.  მოქალაქეებმა არ უნდა ჩააყენონ ამ მდგომარეობაში მედპერსონალი და საკუთარი თავი კი ასეთი რისკის ქვეშ, ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო ნაკლები ადამიანი მოხვდება კლინიკაში და აღარ იქნება ისე, რომ მძიმე პაციენტისთვის ადგილი არ აღმოჩნდეს კლინიკებში.

სულ იმას ვფიქრობ,  მაგალითად, მამაჩემი პირველად რომ მივიყვანეთ კლინიკაში, მაშინ რომ შეძლებოდათ მისი მოთავსება, იქნებ ეს შედეგი არ დამდგარიყო და არ გართულებულიყო მდგომარეობა, მაგრამ გადაჭედილი იყო კლინიკები.  ეს ხდება იმის გამო, რომ ადამიანები ვერ ითავისებენ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას.

ნურავინ  მიწყენს, მაგრამ ვინც აცრას არ იკეთებს, პირველები ეძებენ კლინიკებში ადგილებს და ავიწყდებათ, რომ ეს ვითარება  სწორედ მათი დაუდევრობის გამო შეიქმნა. ამიტომ  მათ გამო ამ მძიმე დროს ბევრი შეიძლება ვერ მოხვდეს კლინიკაში მაგალითად, ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ და სჭირდებათ ექიმის ჩარევა, ან ასაკოვნები.

ექიმებზე და მედპერსონალზე კი  ცალკეა სასაუბრო – თითქმის ორი წელია როგორ დაუღალავად იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად. ისინი ადამიანები არიან, ფიზიკურად ვერ გაუმკლავდებიან ამდენს. დღევანდელ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი აიცრას, რომ რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს დასჭირდეს კლინიკაში გადაყვანა. მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ლევან რატიანის  და მისი გუნდის. მისი დამსახურებაა, რომ მე დღეს ცოცხალი ვარ. ოჯახის წევრი ვერ მოგივლის ისე, როგორც ეს ადამიანი ფიზიკურადაც მივლიდა. მადლიერი ვარ.

ექიმებსაც გავუგოთ, საკუთარ ოჯახებში ვერ მიდიან, დაუღალავად იბრძვიან სიცოცხლის გადასარჩენად, შეუძლებელია, ადამიანს ჰქონდეს ამხელა რესურსი. გავუფრთხილდეთ ექიმებსაც და ავიცრათ. ერთი დღე არ დაუსვენიათ და რა ანაზღაურება აქვთ – ესეც ცალკე თემაა. მართლა გმირები არიან, მინდა ყველას ვთხოვო, გაითავისოს თუნდაც ჩემი ეს რეალური ამბავი და აიცრან.  ოჯახის წევრის დაკარგა მოუნელებელი ტკივილია. არ არსებობს, ეს ტკივილი ოდესმე გამინელდეს. მენატრება მამა და  მწარე რეალობის წინაშე ვარ. ის ცალკე ტკივილია, რომ ვერ ემშვიდობები მიცვალებულს და კოვიდით გარდაცვლილების დაკრძალვის განსხვავებული წესია.

გავუფრთხილდეთ, ადამიანებო, სიცოცხლეს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ავიცრათ, ავიცრათ ყველამ, რომ როგორმე მოვერიოთ ამ ვერაგ სენს, რასაც კოვიდი ჰქვია.

 

Cesko