“აღარ მინდა წასვლა კაფე-რესტორნებში, მორალურად ტეხავს მგონია იმ გიჟ ჩემს მეგობართან…” – ირაკლი ტაბლიაშვილი

December 1, 18:12
0
429

ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

“მე მყავს ერთი მეგობარი!..

(ვინაობას არ გაგიმხელთ)

ბოლო 32 წელია არაფერში არ ვეთანხმები! თავად კი დამეთანხმა სამჯერ, მაგრამ, გადათქვა მერე.

პოლიტიკაზეც ვჩხუბობთ და, ღვინის ვასოდილაციურ თვისებებზეც.

ოღონდ, არ გეგონოთ, რომ ისე ვჩხუბობთ, თქვენ რომ იცით ჩხუბი… კბილს რომ გაჰკრავთ ერთმანეთს.

რავა ვიკადრებთ ამას… იწევა ჩემზე და ერთი ორჯერ მეც შემოვარტყი… ნუ, ბავშვობაში.

ვერ მოერევი, იმიტომ, რომ ისეთია რა – რომ ყვირის და ირტყმევინება!.. მერე, იმედია, ნანობს.

ამ ჩემს მეგობარს აქვს თვისება, სულ ეძიოს ალტერნატიული წყაროები.

ათი დღის წინ მომწერა – “შე მონა, ნახე ფაუჩის როგორ აფარჩაკებენ” და სტატია წამაკითხა – გული გამისკდა არა იმდენად იმიტომ, რომ “ფაუჩი გაფარჩაკდა”, არამედ იმიტომ, რომ 7 საათი მოვუნდი კითხვას და მთელი დღე დავკარგე.

მოკლედ, ანტივაქსერი კი არაა, პრინციპული, არამედ, ჭიაა რა… “მეტი მინდა ვიცოცხლოოო” უცებ იყვირებს და, მიაყოლებს რომელიღაც პატარაზე პატარაზე პატარაზე პატარა იმ მარნის ღვინოს, რომელიც იმ მარნის მეპატრონემაც არ იცის, რა კარგი გამოუვიდა.

ჩხუბიაა რა… ყვირია და ჩხუბია!

და მეტი სიცოცხლისათვის სწორედ აცრა როა საჭირო, ეს ვერ გავაგებინე არათუ მე, არამედ, მისმა შვილებმაც… სხვა ძმაკაცებმაც.

ვერც მუდარამ გაჭრა.

ვერც ბულინგმა!

“მონები ხართ! ფაუჩის მონები” – ყვირის და აგდებს ვიდეოს, რომლის ხანგრძლივობაც არის 764 წუთი.

ან თავად როგორ ნახა, ან რატომ ნახა… ეაჰ… ვერ გაუგებ რა.

×××

დღეიდან კაფე-რესტორნებში აუცრელებს რომ არ შეუშვებენ, იცით… და ემოციურად, მე ვემხრობოდი ამ გადაწყვეტილებას – ღირსნიც არიან! ეს ანტივაქსერები… ასემც და ისემც!

მაგრამ, სწორედ დღეს გადავწყვიტეთ კი არა, ვთქვით, რომ უახლოეს დღეებში სადმე მოვილხინოთ მეგობრებმა… და…

იცით, პირველად აღარ მინდა წასვლა ამგვარ ამბავში.

რაღაცნაირად, მორალურად ტეხავს მგონია იმ გიჟ ჩემს მეგობართან, რომელიც სრულ სიგიჟეს ამტკიცებს ფაიზერის მავნებლობის თაობაზე.

მე ინდივიდუალურად გადავწყვეტ, გავრისკო თუ არა მასთან ერთად სადილი… და ჩემი რისკია, თუ მივიღებ გადაწყვეტილებას ერთიბლივი სადილის თაობაზე.

მაგრამ, აი, გავაკეთროვანოთ ისინი და ავკრძალოთ “ცოტა გიჟთა” გარკვეული უფლებები! პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის.

რაც შეეხება ჩემს მეგობარს – ნუ მიშლით! მე მასთან ჩხუბები მინდა!”

Cesko