“არ ჩამოდიოდა და ძალით ჩამოიყვანეს” – რატომ დააკავეს ბესიკ თამლიანი

November 30, 11:50
0
162

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი „სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მუხლითაა დაკავებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ჯერჯერობით უცნობია, როდის იმსჯელებს სასამართლო მის საქმეზე.

ცნობისთვის, ბესიკ თამლიანი 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს. ის მანდატურებისთვის განკუთვნილი ჯიხურის სახურავზე იყო ასული. სამართალდამცავების მოწოდების მიუხედავად, თამლიანი არ ჩამოდიოდა, რის შემდეგაც უკვე სამართალდამცავებმა მისი ძალით ჩამოყვანა სცადეს.

ამასთან, ბესიკ თამლიანი ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე და ის თავისუფლებაში 4.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება.

თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Cesko