უძილო ღამეები, თავდადება, პაციენტებზე ზრუნვა, გამარჯვება – ამ ყველაფრის უკან გმირი ექიმები, ექთნები, სანიტრები და ის ადამიანები დგანან, რომლებიც პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის ყოველწამიერად აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ. ისინი რეალურად ჩვენი ქვეყნის უცნობი გმირები არიან. სწორედ ასეთი გმირობის ისტორიაზე მინდა გიამბოთ დღეს და რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციონისტი – ნათია შავგულიძე გაგაცნოთ, რომელმაც არა მხოლოდ საკუთარი პროფესიონალიზმით, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერით და ტკბილი სიტყვით აკაკი ვეფხვაძე ფილტვების 23-ქულიანი დაზიანების მიუხედავად, რეანიმაციაში მოხვედრისგანაც კი იხსნა, ბოლოს კი, 1 თვიანი ბრძოლის შემდეგ, კოვიდზე გამარჯვებაც იზეიმა.
ამბავი აგვისტოს თვეში დაიწყო, მაშინ როცა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 52 წლის პაციენტი საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით და გართულებული სიმპტომებით შეიყვანა.
“ბატონ აკაკის საკმაოდ აგრესიულ ფორმებში ჰქონდა კოვიდი გამოხატული. მოგვიანებით დაეწყო ჟანგბადის ნაკლებობა, თან სიტუაციას ისიც ართულებდა რომ, პირველ დღეებში თუ იტანდა ამ სირთულეებს, მერე ჩაერთო ემოციური ფონი. საჭირო გახდა მუშაობა იმისთვის, რომ დაგვერწმუნებინა, ებრძოლა, ფარ-ხმალი არ დაეყარა და წამოგვყოლოდა, თუმცა მართლა არაა ადვილი იმის გააზრება, როგორ მძიმდები თანდათან, გიჭირს სუნთქვა, ფეხზე ვერ დგები. მასთან კლინიკური სიმპტომატიკა მთელი აგრესიულობით იყო გამოვლენილი. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს, შეუძლებელსაც კი, მაგრამ მდგომარეობა მაინც უარყოფითი დინამიკისკენ მიდიოდა.
კი ახასიათებს კორონავირუსს 10-12 დღე დამძიმება, მაგრამ შემდეგაც რომ გაგრძელდა ეს გაუარესება, ჩვენც ძალიან დავიძაბეთ, ერთადერთი რასაც ვცდილობდი, მთელი ძალებით, იყო ის, რომ არ გამხდარიყო საჭირო რეანიმაცია, რადგან იქ ბევრად უფრო მძიმე ფონია, როცა უყურებ პაციენტებს, ეს კიდევ უფრო გირთულებს ემოციურ ფონს, და მეშინოდა, რომ ფარ-ხმალი უფრო მეტად არ დაეყარა. თან რეანიმაციაში არც გვექნებოდა ინდივიდუალურად გამხნევების საშუალება. რამდენჯერმე გვქონდა ისეთი სიტუაცია, რომ რეანიმაციის პიკზე ვიყავით, მაგრამ ამ დროს ადგილები არ იყო და ისევ რჩებოდა პალატაში.
ამასთან, ემოციურად ვმუშაობდი აკაკიზე და სულ ვეუბნებოდი – „შენ კარგად ხარ, უკეთესი ანალიზები გაქვს, დღეს უკეთესია, ვიდრე გუშინ იყო“ და მართლა ცხოვრებაში პირველად, ადამიანს ვუყურებდი თვალებში და ვატყუებდი, მაშინ როცა შედეგი რეალურად ხელში არ მეჭირა. ერთ დღეს მახსოვს საკონტროლო „კატე“ დაგვჭირდა, რადგან მდგომარეობა კიდევ გაუარესდა, როცა პასუხი გავიგე, სკამზე გავიყინე, ფილტვის დაზიანება 23 ქულაზე იყო ასული. მსგავსი სირთულის პაციენტი პალატაში არ გვყოლია და ასეთები რეანიმაციაში იმართებიან. უცებ შიშმა ამიტანა, ვიფიქრე, კიდევ რომ გაუარესდეს, 23 -იანი დაზიანება სრული ანთებაა, ფილტვი არ აქვს, ფაქტობრივად, პაციენტს, მაგრამ გადაწყვეტილება უცბად მივიღე და ყველა გავაფრთხილე, რომ არ წამოსცდენოდათ ამ შედეგის შესახებ. მან ბოლო დღემდე არ იცოდა და ვეუბნებოდით, რომ ოდნავ გაუმჯობესებაც კი შეინიშნება – მეთქი.
ამ გადაწყვეტილებამ კარგად იმუშავა, შემართებამ მოიმატა და ჩვენ გავიმარჯვეთ. მე მასაც დიდი მადლობა გადავუხადე ამისთვის, რადგან იშვიათია პაციენტი ასე წამოგყვეს. ბოლოს, გაწერის წინა დღეს ვუთხარი – აკაკი, ხვალ გიშვებთ, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მე შენ მოგატყუე და შენ ფილტვის 23 ქულიანი დაზიანება დაამარცხე -მეთქი” – განუცხადა “კვირას” ნათია შავგულიძემ.
წყარო: “კვირა”