ანგარიშსწორება ყოფილ პოლიციელზე – “მზად ვარ სასამართლოზე იგივე გავიმეორო… არ ვაპირებ თვითმკვლელობას…” – რას წერს ჟურნალისტი

November 28, 14:02
0
417

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონო დაკავების შესახებ “ნოდარ მელაძის შაბათის” სიუჟეტში გასულ მასალას ეხმაურება ჟურნალისტი ლაშა ბერულავა. მისი თქმით, ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა მიწოდებული, რის შესახებაც მან რუსლა შამახიას აცნობა. ბერულავა ამბობს, რომ არსებობს მისი გამოკითხვის ოქმიც, სადაც ჟურნალისტი რაფავას შესაძლოს დაკავებაზე ინფორმაციის წინასწარ ფლობას ადასტურებს. ლაშა ბერულავა აცხადებს, რომ ის მზად არის სასამართლოზე დაადასტუროს ოქმში მითითებული დეტალები.

“საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ მე ვარ ჟურნალისტი, რომელსაც სანდო წყარომ წინასწარ მიაწოდა ინფორმაცია ლექსო რაფავას შესაძლო, უკანონო დაკავების შესახებ.
ვინც არ იცით: ლექსო რაფავა ხობის პოლიციის ყოფილი უფროსია და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, არამარტო ძალოვნებში.
როგორც კი ინფორმაცია მივიღე და სანდოობა დავადასტურე, საქმის კურსში ჩავაყენე რუსლან შამახია, რომელსაც ვიცნობდი(ლექსო რაფავას, ჩემდა სამწუხაროდ, არ ვიცნობ).
სხვათა შორის, წყარომ ისიც მითხრა, რომ რუსლან შამახიას და სხვების დაკავებაც იგეგმებოდა.
რუსლან შამახია დაკავებას სრულიად შემთხვევით გადაურჩა, ბ.ნი ლექსო კი ისე აბსურდულად დააკავეს, რომ ანალოგი ძნელად მოსაძებნია.
ტვ პირველის საგამოძიებო სიუჟეტმა( ლინკი კომენტარებში) დაადასტურა ჩემი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ რაფავას წინააღმდეგ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს სამეგრელოს რეგიონის პოლიციელებმა და ეს ოპერაცია იმერეთის სამხარეო სამმართველოს შემადგენლობამ ჩაატარა, სამმართველოს უფროსის მოადგილის, კალანდაძის მეთაურობით, რომელიც გახარიას მინისტრობის დროს იყო გაშვებული სისტემიდან.
აქვე საჯაროდ ვიტყვი, რომ არსებობს ჩემი გამოკითხვის ოქმი, სადაც ვადასტურებ, რომ ლექსო რაფავას შესაძლო დაკავებაზე ინფორმაცია წინასწარ მქონდა. შეკითხვაზე, საიდან მქონდა ეს ინფორმაცია, ცხადია, ვპასუხობ, რომ წყაროს არ ვასახელებ, რისი უფლებაც მე, როგორც ჟურნალისტს, კანონით მაქვს მონიჭებული.
ცხადია ისიც, რომ მზად ვარ, სასამართლოზე გავიმეორო და დავადასტურო ჩემი გამოკითხვის ოქმში აღნიშნული დეტალები.
აქვე დავამატებ, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებით, ძალოვნების მხრიდან ძლოვნის მიმართ ჩადენილი ამაზრზენი ქმედება არ მახსენდება ჩემი 26წლიანი პრაქტიკის განმავლობაში.
და, ჰო, კიდევ: სახლში ან მანქანაში არ მაქვს ცეცხლსასროლი იარაღი ან რაიმე სხვა უკანონო ნივთი ან ნივთიერება, მიყვარს სიცოცხლე და არ ვაპირებ თვითმკვლელობას, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქვს ისეთი, რომ ამ პოსტის გამოქვეყნებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ გარდავიცვალო.
გმადლობთ ყურადღებისთვის და თავისუფლება ლექსო რაფავას!” – წერს ლაშა ბერულავა.

წყარო : https://www.newposts.ge/

Cesko