ახალგაზრდა, ქართველი პედაგოგი ლელა მოწყობილი მესამე წელია ჩინეთში მოღვაწეობს.
იგი ჩინეთში ინგლისურის ენის მასწავლებლად მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ჩინელ ბავშვებს უცხოელი მასწავლებლები ძალიან უყვართ.
“დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე ჩინეთში წამოსვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ქვეყნის კულტურა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ… 2 წელი ვიმუშავე საშუალო სკოლაში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი. აქ ერთ კლასში 50 და მეტი მოსწავლე ზის. არის სკოლები, სადაც მასწავლებელს ერთ კლასში 80 მოსწავლე უზის. პირადად მე მყავდა დაახლოებით 1200 მოსწავლე, კვირაში 22-25 გაკვეთილს ვატარებდი. ბავშვებს ძალიან უყვართ უცხოელი მასწავლებლები, როცა გხედავენ, უკვე უყვარხარ. რადგან ჩვენ არ ვიყენებთ იმ ჩინურ სწავლების მეთოდებს, რასაც ჩინელი მასწავლებლები იყენებენ – სახაზავით ცემა, აურაცხელი საშინაო დავალებები, უამრავი ტესტირება…
ჩინელი მოსწავლეები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და თბილები, ყოველთვის სიყვარულს გამოხატავენ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, ტაშით გხვდებიან, გაკვეთილის ბოლოს მადლობას გიხდიან საინტერესო გაკვეთილისთვის. აქვთ საშინლად სტრესული რეჟიმი – დილით უნდა გაიღვიძონ 6-ის ნახევარზე, შემდეგ მასწავლე
ბლებთან ერთად უნდა ირბინონ სტადიონზე 20 წუთის მანძილზე, შემდეგ ეწყებათ გაკვეთილები და ღამის 10-ის ნახევარზე სრულდება მათი სასწავლო დღე. ღამის 10-ზე უკვე უნდა დაიძინონ”, – აცხადებს ქართველი პედაგოგი “ამბები.ჯი”, -სთან.