საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს” პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა – დეტალები

November 26, 21:18
0
687

საქართველოს საჯარო რეესტრმა “ალტ-ინფოს”, წევრების მიერ დაფუძნებული “კონსერვატიული მოძრაობის” რეგისტრაცია შეაჩერა. რეესტრის გადაწყვეტილება 25 ნოემბრით თარიღდება და პროცესის შეჩერებას რამდენიმე პუნქტით ხსნის:

“ყრილობის ოქმის მიხედვით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების გენერალურ მდივნად (ხელმძღვანელ პირად) არჩეულ იქნა გიორგი ქარდავა, რომელიც ხელს არ აწერს წარმოდგენილ განცხადებას.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების ყრილობის მიერ დამტკიცებული წესდების მიხედვით, „წესდება ძალაში შედის დამფუძნებელი ყრილობის ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.“

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი წესდება ხელმოწერილია მხოლოდ ყრილობის თავმჯდომარის მიერ.”

გარდა ამისა, რეესტრი პარტიის დამფუძნებლებს ახსენებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყვნენ წარედგინათ: არანაკლებ 1000 კაცის სია სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომრის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართის, ტელეფონის ნომრის მითითებითა და მათი ხელმოწერებით.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრთა სია არ შეიცავს ინფორმაციას მათი პირადობის მოწმობის ნომრების შესახებ“, – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

და ხარვეზების შესახებ დოკუმენტაციაში აღწერილია სხვა გარემოებებიც, რომლის გამოც პარტიის დარეგისტრირება კანონის ნორმებში არ ჯდება:

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ემბლემის ესკიზი არ შეესაბამება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით განსაზღვრულ აღწერილობას;

სარეგისტრაციოდ წარდგენილი წესდებით პარტიის ყრილობა არ არის განსაზღვრული ხელმძღვანელ ორგანოდ. ასევე, სარევიზიო კომისია არ მოიხსენიება ერთგვაროვნად;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს, სარევიზიო კომისიისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის ნაცვლად ითვალისწინებს დანიშვნას;

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წესდება პარტიის ქონების გამოყენების წესს არ ითვალისწინებს;

წესდების ორი მუხლი ერთმანეთთან შეუსაბამოა.

ეს არ ნიშნავს, რომ პარტიას რეესტრმა უარი უთხრა რეგისტრაციაზე. მათ 10 დღის ვადა აქვთ ხარვეზის აღმოსაფხვრელად.

პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის”, ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

 

 

 

Cesko