“მიშას პირის მოღება ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას”

November 24, 20:14
0
649

“ეს არის დიდი პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით თამაშდება”, – ასე ხედავს დღეს არსებულ ვითარებას ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია. შესაძლო პოლიტიკურ ავანტიურასა და სხვა საინტერესო საკითხებზე ხათუნა ხოფერია­ გაზეთ “კვირის პალიტრას” ესაუბრა:

– მიშა 26 წლის წინ გავიცანი. ნამდვილად იყო გამორჩეული და უცნაური და ეს ძალიან წაადგა პოლიტიკაში. ამ ადამიანზე ძალიან დიდი ფსონია დადებული თავის დროზე. სააკაშვილი მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტი კი არა, პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც შესაბამისმა სტრუქტურებმა და კონკრეტულმა სახელმწიფომ შექმნეს. ამაში ძალიან დიდია ბიძამისის, თემურ ალასანიას როლიც. სააკაშვილის ფასეულობები და ღირებულებები ძალიან ცვეთადია, მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. მისი ფსიქიკური მდგომარეობა წინააღმდეგობას ვერ უძლებს, თუ მის დაკრულზე ცეკვავ, შეგიძლია მშვიდად იყო. როგორც კი დამოუკიდებელი ილეთის გაკეთება მოგინდება, მაშინვე მტერი ხდები.

ნახეთ, რა გააკეთა – თანამებრძოლები აიძულა შიმშილობა დაეწყოთ, მაშინ როდესაც თავად ლაითად შიმშილობდა. ხოშტარიამ სასიკვდილოდ გაწირა თავი. მადლობა ღმერთს, შეწყვიტა. არის მეორე ფაქტორიც – არასდროს არაფერს აკეთებს ისე, რომ არ დაიტოვოს კომპრომატები ვაჭრობისა და შანტაჟისთვის.

გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილი ახლა თანამებრძოლებს აშანტაჟებს?

– არ გამოვრიცხავ, რომ ეშინიათ, მიშამ­ პირი არ მოაღოს. მიშას პირის მოღება ძალიან ბევრს შეუქმნის პრობლემას.­ სულ მახსენდება ასეთი მომენტი – როდესაც­ მიშა რუსთავის ციხეშია, ცხადდება მიტინგი, კეთდება განცხადებები მისი გათავისუფლების მოწოდებით და უცებ ყველაფერი იცვლება: გვარამია დამოუკიდებელ მიტინგს მართავს ციხესთან, იწყებს ინტენსიურად შესვლას ციხეში და მთელ ამ აურზაურში ვხედავ მამა-შვილი მელიების გავეშებულ სახეებს. ვფიქრობ, ეს იყო გარდამტეხი მომენტი, როდესაც მიშამ თავის მრევლს ულტიმატუმებით საუბარი დაუწყო და დარწმუნებული ვარ დღემდე გრძელდება.

“კვირის პალიტრა”

Cesko