“ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში ვაქცინაციაზე” – იქნება თუ არა კოვიდაცრა სავალდებულო?

November 24, 07:35
0
6 views

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

მე მივეცი დავალება, რომ როგორც პოლიტიკური კამპანია იწარმოებოდა, ასეთ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაციის კამპანია. იძულებით ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ერთმნიშვნელოვნად ვთქვი და უნდა გავიმეორო – იძულებითი ვაქცინაცია არ მოხდება, ეს იქნება ნებაყოფლობითი – ადამიანს არჩევანის უფლება არ უნდა ჩამოვართვათ

თუ ვნახავთ რაც ხდება ევროპაში, ამერიკაში და წამყვან განვითარებულ ქვეყნებში, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა რიცხვი საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ, ის, რომ ყველა ქვეყანაში ასეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, მიუთითებს იმაზე, რომ ზოგადი სკეპტიციზმი არსებობს მსოფლიოში. ამირან გამყრელიძეს და მთავრობას ნუ დააბრალებთ ამ საკითხს ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის არჩევანი შეგვეთავაზებინა.

დღეის მდგომარეობით ყველა სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი. მე ვფიქრობ, არ დაგვიანდა…  ძალიან აქტიური და აგრესიული კამპანიაც ჩაატარა მთავრობამ. თითქმის ყოველდღიურად ჩვენ ამ კამპანიაში ჩართულები ვიყავით. მე პირადადაც ჩართული ვიყავი და პირადადი მაგალითი მივეცი, ჩემმა ოჯახის წევრებმაც მისცეს პირადი მაგალითი ჩვენს მოსახლეობას. ბევრი ცნობადი სახეც ჩავრთეთ ამ პროცესში.

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს 60 წელს გადაცილებულთა აცრა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი რისკის მატარებელი არის 60 წელს გადაცილებული ადამიანი, რადგან მათი დაინფიცირების შემთხვევა შეიძლება ფატალურად დასრულდეს.”

 

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გეგმის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა აეცრა მთავრობას და არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორც თავად გამყრელიძე ამბობს, ალბათ, გეგმის ეს მთავარი ნაწილი ვერ შესრულდება, პრემიერი მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია არ დაგვიანდა. ბოლო 24 საათში 62 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ – ვაქცინაცია არ დაგვიანდა. მაშინ როცა თითქმის ყველა ექიმი ამბობს, რომ ძალიან დაგვიანდა, პრემიერი მიიჩნევს, რომ არ დაგვიანდა. მაინც რას ნიშნავს, არა, პრემიერი რომ ეკონომიკაში, სამართალში და მედიცინაში ერთნაირად “ძლიერია.”

Cesko