“მიშამ საქართველო ისევ ფეხზე უნდა დააყენოს” – აქცია გორში

November 23, 16:01
0
33

გორში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით ,,მადლობა მიშას” გაიმართა. აქციის მონაწილეები „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, მათ ხელში თეთრი ქოლგები წარწერით ,,თავისუფლება მიშას”, ასევე ბანერები წარწერით ,,მადლობა” და წითელი ვარდები ეკავათ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ცვლილება მოუტანა და შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობა არ ვუთხრათ.

„გორის ჰოსპიტალთან ახლოს მისვლის უფლება არ გვქონდა, ამიტომ ცოტა შორიდან, მაგრამ ჩვენი სათქმელი მას ვუთხარით. ამასთან, დღეს თავისუფლების მოედანზე „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით გვექნება ცოცხალი ჯაჭვი, ველოდებით მოქალაქეებს და მსურველებს”, – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძის განცხადებით, დღევანდელი აქცია იყო მადლობის გადახდა მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც „ეს ყველაფერი შექმნა”.

„დღევანდელი აქცია იყო მადლობის გადახდა მიხეილ სააკაშვილისთვის, ადამიანისთვის, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა. მის შემდგომ არც არაფერი მომატებია ქვეყანას, ყველა ინსტიტუტი გაანადგურა ,,ქართულმა ოცნებამ”, ამიტომ ჩვენ მას მადლობა გადავუხადეთ, მან ისევ ფეხზე უნდა დააყენოს ჩვენი ქვეყანა”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.

Cesko