მიმდინარე წელს უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა

November 22, 20:26
0
3 views

პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ, რომ ფქსიქოტროპული წამლების გაყიდვაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო დარღვევების სტატისტიკას აქვეყნებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის იანვრიდან დღემდე უკანონო ფარმაცევტული საქმიანობის 84 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის სამართალდარღვევა, ერთი წლის განმავლობაში, განმეორებით დაფიქსირდა 34 შემთხვევაში. საერთო ჯამში, კონფისკაციას დაექვემდებარა 36 513 პირველ ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტი.

„სააგენტო ახდენს უკანონო ფარმაცევტული პროდუქტის ჩამორთმევას და  დალუქვას. დარღვევასთან დაკავშირებით შედგენილი ადმინისტრაციული  სამართალდარღვევის ოქმი კი ეგზავნება სასამართლოს, შემდგომი რეაგირებისთვის. ავტორიზებული აფთიაქის საქმიანობა ნებართვის გარეშე იწვევს დაჯარიმებას 8000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებითი სანქცია 16 000 ლარს შეადგენს. პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესის დარღვევა, პირველ ეტაპზე 6000 ლარს ითვალისწინებს, განმეორებით კი – 12000 ლარს”, – აცხადებს რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი გუნცაძე.

გარდა აფთიაქებისა, სანქცია ეკისრება ავტორიზებულ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტსაც. იმ შემთხვევაში თუ ფარმაცევტი უკანონოდ ახდენს მედიკამენტის რეალიზაციას მას 3 წლით ეზღუდება მუშაობის უფლება და მისი განთავსება ხდება სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში. 2020 წელს, სამართალდამრღვევ პირთა რეესტრში განთავსდა 8 ფარმაცევტი, ხოლო 2021 წელს – 9.

Cesko