ივანიშვილის ადვოკატი: პროცესზე ვიდეოგადაღების შეზღუდვა დაირღვა, რაც ჩვენი შესწავლის საგანია

November 22, 11:39
0
4 views

პარტია ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი აცხადებს, რომ ბერმუდის სასამართლოში პროცესზე, როდესაც ივანიშვილი ჩვენებას აძლევდა, ვიდეო და ფოტოგადაღების შეზღუდვა დაირღვა, რაც შესწავლის საგანია.

მისი თქმით, სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული.

“ეს საქმე რეზონანსულია და ჩვენ უკვე ადგილობრივ ტელესივრცეში ვხედავთ გარკვეული ვიდეომასალების გავრცელებას. ეს ცალკე თემაა, რომელიც შესწავლას მოითხოვს, რადგან ეჭვის დონეზე და ვარაუდების დონეზე მიჭირს ამ საკითხზე საუბარი. ერთი რამ ფაქტია, რომ გარკვეული ვიდეომასალა გავრცელდა. მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს წესებით, პროცესის მიმდინარეობისას, ნებისმიერი ფოტო და ვიდეო გადაღება იყო და არის აკრძალული. აქედან გამომდინარე ისმება კითხვა – ვინ გააკეთა ეს და რა მიზნით?

ჩვენ თუ ლოგიკური გამორიცხვის მეთოდით ვივლით, გამორიცხულია ეს ვინმეს ჩვენი მხრიდან გაეკეთებინა. თვითონ პროცესი საჯაროა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადამიანს ვისაც სურვილი აქვს თვალი ადევნოს უნდა მიმართოს სასამართლოს და ის გადის შესაბამის რეგისტრაციას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი მედიის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ასეთი დაშვება გაკეთდა დაინტერესებულ პირზე ან პირთა ჯგუფზე. აქ კანონი არ ირღვევა, თუმცა მოხდა ვიდეო და ფოტო გადაღებაზე არსებული შეზღუდვის დარღვევა და დღეს ეს მასალა გამოიყენება შიდა მოხმარებისთვის, რომელიც არცთუ დადებით ასოციაციებს იწვევს… აქ მთავარია ის, რომ დაირღვა კანონი ფოტო და ვიდეო გადაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით. რაც ჩვენი შესწავლის საგანია”, – განაცხადა ყიფიანმა.

ცნობისთვის, ბერმუდის სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის ჩვენების ვიდეო გუშინ, 20 ნოემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა.

Cesko