ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

November 22, 11:33
0
17

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სახელმწიფო  ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სასამართლო განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო საქართველოში რეგისტრირებული 8 კომპანიის ფაქტობრივი მმართველი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2020 წლებში, მისი მართვის ქვეშ მყოფ კომპანიებს შორის გაწერა ჯამში 3 000 000 ლარზე მეტი ღირებულების სამშენებლო-სარემონტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები, რა გზითაც აღნიშნულ მეწარმე სუბიექტებს შეუქმნა დაახლოებით 500 000 ლარის ოდენობის დამატებული ღირებულების გადასახადის ე.წ. ფიქციური აქტივი,  რომლის ნაწილს – 157 435 ლარს იგი თაღლითურად დაეუფლა, ხოლო ნაწილი გამოიყენა კომპანიებზე რიცხული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად“,  – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი, 180-ე და 185-ე მუხლების მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Cesko