“სააკაშვილის თავისუფლად, ბადრაგის გარეშე მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს” 

November 21, 13:59
0
89

ექიმის და ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრის გიორგი პაპიაშვილის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლად, ბადრაგის გარეშე მკურნალობის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს.

“მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის” – წერს პაპიაშვილი Facebook-ზე.

სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, სააკაშვილს ციხის გარეთ, ბადრაგის თანხლების გარეშე, თავისუფლად მკურნალობის უფლება უნდა მიეცეს. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის რეაბილიტაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.

“…ახლა ვუმკურნალებთ, გახდება კარგად ერთი კვირის მერე, მერე დავაბრუნებთ ციხეში, მერე ციხეში ისევ ავად გახდება, ისევ უნდა დავაბრუნოთ და მთელი ქვეყანა უნდა იყოს სტრესის ქვეშ. მარტო წამლის მიღება არ ნიშნავს, რომ ავადმყოფს უმკურნალე, აქ არის სტრესი, აქ არის ნერვიული მდგომარეობა, ბევრი პრობლემაა, ჩემი აზრი ასეთია. ეს განცხადება, რასაც ახლა ვაკეთებ, პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება, გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება”. – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

Cesko