„კიდევ კარგი სხვა ქვეყნებსა და სამყაროებსაც ვიცნობ, თორემ ხომ მოვკვდებოდი სევდით“ – ლევან ლორთქიფანიძე

November 21, 11:44
0
700

„კავკასიის სახლის“ წევრი, ლევან ლორთქიფანიძე:

„სევდის მომგვრელია იმ სუბიექტებზე დაკვირვება, რომელთაც არასდროს არაფერი გაუკეთებიათ, თითი თითზე არ დაუდიათ გაჭირვებული, უსახელო, მარტოდ დარჩენილი ადამიანებისა და კლასების დასაცავად, არასდროს გამოქომაგებიან ღარიბებსა და დაჩაგრულებს, მაგრამ თავ-პირს ილეწავენ ყველაფერში ყალბი, ძალაუფლებისთვის ყველაფრის მკადრებელი ექს-პრეზიდენტის პალატისთვის. თან ამ კაცს ათი ევროპარლამენტარი, 60 ადგილობრივი დეპუტატი, ხუთი ტელევიზია, ორი სახალხო დამცველი და კიდევ ღმერთმა უწყის ვინ არ იცავს და ესენიც გამოერევიან თავიანთი უძირო ჰუმანიზმითა და სამართლიანობის დამკვიდრების დაუოკებელი ინსტიქტით… თავადაც არ სჯერათ საკუთარი თავის.

ამ ბოლო დროს ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა ჯგუფმა მიიპყრო. მისი წევრები ძალაუფლების ზენიტში მყოფ ყველა ძალასთან თანამშრომლობენ, მათგან იღებენ სიკეთეებს, მათი რესურსებით იკვებებიან, მაგრამ როგორც კი ოდნავ არაპრესტიჟული გახდება სახელისუფლებო ნავში ყოფნა, ჩუმად, ფეხაკრეფით, მოპასანის ციტატებით გადაიძურწებიან საწინააღმდეგო მხარეს. ისინი ასე მოექცნენ კომუნისტებს, მრგვალ მაგიდას, სმკ-სა და ენმ-ს, ახლა უკვე რუხ, ანტისოციალურ და ანტიეკოლოგიურ “ოცნებას”. თან მოკლე მეხსიერების მქონე ხალხი მათ “გმირობებს” ივიწყებს, ან ეს ქანქარისებულ მიგრაციაში ჩართული ფიგურები ე.თ.ა. ჰოფმანის ერთი პერსონაჟის მსგავსად მოჯადოებულნი არიან და ენაწყლიანობით, კოკობზიკობით, თმის სამი ცეცხლისფერი ღერის წყალობით აშტერებენ და თვალს უბამენ დამკვირვებლებს.

კიდევ კარგი სხვა ქვეყნებსა და სამყაროებსაც ვიცნობ, თორემ ხომ მოვკვდებოდი სევდით“

Cesko