„სააკაშვილი არის პოლიტიკური ცხოველი, რომელიც არ გაჩერდება. ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სხვა გეგმას მოიფიქრებს… ამ ქვეყანაში რევოლუცია გამორიცხულია“

November 21, 07:32
0
111

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა ხელისუფლებამ სწორად გადაწყვიტა, რადგანაც სხვაგვარად პროცესები კიდევ უფრო ჩიხში შევიდოდა. ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ადრე თუ გვიან, ხელისუფლებას ამის გაკეთება მოუწევდა, ამიტომაც კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება დროულად მიიღო.

„მე მაინც მგონია, რომ ამ პროცესებში საბოლოოდ ისევ ბიძინა ივანიშვილი ჩაერია. როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს მოითხოვა სიმართლე ეთქვათ რა ხდებოდა. ნახა, რომ არც ერთი მედიკოსი არ ამბობდა სააკაშვილზე არ საჭიროებს გადაყვანასო და ასევე დასავლეთის ძალიან სწრაფად შეცვლილი რიტორიკა. ამიტომაც მიხვდნენ, რომ პოლიტიკურად არასწორი კურსი ჰქონდათ არჩეული და სჯობდა შემხვედრი ნაბიჯი გადაედგათ. რაც შეეხება იმ ფაქტს, განმუხტავს თუ არა ეს პოლიტიკურ კრიზისს, არა, რადგანაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც დასახულ კურსს გააგრძელებენ.

„ოცნება“ ისევ იტყვის, რომ ენმ გადატრიალებას და რევოლუციას აპირებს, ხოლო ოპოზიცია თავის ამომრჩეველს მოატყუებს, რომ რევოლუციას მოახდენს. ამ ქვეყანაში რევოლუცია გამორიცხულია. ენმ-ს ამის არც ერთი რესურსი არა აქვს. მაშინ ან 90-იანი წლების მსგავსი სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოხდეს და ორივე მხარეს შეიარაღებული ხალხი იყოს, რაც გამორიცხულია, ან კიდევ, მაშინ „ოცნების“ შიგნით ძალოვან სტურქტურებში გადატრიალება უნდა მოხდეს. არც ესაა მოსალოდნელი, რადგანაც ლილუაშვილი, გომელაური და სხვა მაღალჩინოსნები სააკაშვილის მხარეს არასდროს გადავლენ“, – განუცხადა ზურაბიშვილმა for.ge-ს.

რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ამ ჭიდაობაში იქნება, თუკი სააკაშვილი ციხეში დარჩება და მისი ექსტრადირება არ მოხდება. გვინდა თუ არა, ის არის პოლიტიკური ცხოველი, რომელიც არ გაჩერდება. გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, სხვა გეგმას მოიფიქრებს, რის შედეგადაც ისევ საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოხვდება. მაგალითად, ახლა სასამართლოსთვის მოემზადება.

„ხელისუფლებას ვურჩევ, რასაც ამბობენ, იმის საწინააღმდეგოდ მოიქცენენ, რადგან ასე ოპოზიციას უფრო აჯობებენ. აბა, სხვა გამოსავალი არ არის, რადგანაც სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედებენ. ის ახლა სასამართლოსთვის მოემზადება და იქ სიტყვით გამოსვლას შეეცდება. გასაგებია, ხელისუფლებას არ უნდა პოლიტიკური გამოსვლების პლატფორმა მისცეს, მაგრამ გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის ფაქტზე თუ ვერაფერს უმტკიცებენ, მაშინ მართლა ქუდი დაიხურონ და წავიდნენ. სასამართლოში მოსამართლეს და პროკურორებს სულ პუტინის აგენტებიც რომ ეძახოს, რა აქვს ამ საქმეზე სათქმელი? არაფერი, სწორედ ამ საქმეებით უნდა აჩვენონ ხალხს, რომ მას სამართლიანად ასამართლებენ. რას ქვია სასამართლოში არ მიჰყავთ, აბა, როდემდე დამალავენ? ასე უფრო მის პოლიტიკურ რეიკარნაციას ახდენენ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

Cesko